"ტრამპის გადაწყვეტილებებს ვერ დავეთანხმები" - ექსკლუზიური ინტერვიუ კინოვარსკვლავ კიმ ბესინგერთან - კვირის პალიტრა

"ტრამპის გადაწყვეტილებებს ვერ დავეთანხმები" - ექსკლუზიური ინტერვიუ კინოვარსკვლავ კიმ ბესინგერთან

"არ ვიყურები მომავლისა და წარსულისკენ. ვცდილობ, დავრჩე აწმყოში და ვიყო ღვთის მადლიერი..."

"არაჩვეულებრივი ბოიფრენდი მყავს, 20 წლის წინ შევხვდი და კარგი მეგობრები ვიყავით. ბოლო სამი წელია, ერთად ვართ, რაც მოულოდნელი სიურპრიზი იყო ორივესთვის, მაგრამ ძალიან ლამაზი სიურპრიზი. მე და მიჩი დროის დიდ ნაწილს ჰავაიზე ვატარებთ, ჰავაი ჩვენი საყვარელი ადგილია დედამიწაზე"

(ფოტოგალერეა)

1986 წელს კინოეკრანებზე ამერიკული ფილმი "9½ კვირა" გამოვიდა და საქართველოში ეს ფილმი ისეთივე პოპულარული გახდა, როგორიც დანარჩენ მსოფლიოში. ვიდეოკასეტაზე ჩაწერილი ფილმი კიმ ბესინგერისა და მიკი რურკის მონაწილეობით თბილისში თითქმის ყველა კინომოყვარულის ოჯახში გაჩნდა. ასე გაიცნო ქართველმა მაყურებელმა ამერიკელი მსახიობი და სექსსიმბოლო კიმ ბესინგერი. შემდეგ იყო სხვა კინოროლები ფილმებში Batman, The Marrying Man, L.A. Confidential ("ოსკარი" მიიღო მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისთვის), The Informers და ა.შ. ოსკაროსანმა მსახიობმა ბოლოს ფილმში Fiftu Shades Darker ელენა ლინკოლნის როლი განასახიერა... შესრულებული აქვს 54-მდე კინოროლი.

მსოფლიოში ულამაზეს ქალად აღიარებულ კიმ ბესინგერზე საუბარი და წერა დაუსრულებლად შეიძლება. ქალი, რომელიც ყველა თაობისთვის სილამაზის ეტალონია, 63 წლის ასაკშიც მიმზიდველია... კინოვარსკვლავი სიამოვნებით დაგვთანხმდა ინტერვიუზე და პირველად ქართულ მედიასივრცეში თავის ცხოვრებაზე "კვირის პალიტრასთან" ისაუბრა.

- ძვირფასო კიმ, თქვენ ქართველების საყვარელი მსახიობი ხართ. დარწმუნებული ვარ, ქართველ თაყვანისმცემელს ძალიან აინტერესებს, როგორ ცხოვრობთ დღეს?

- კალიფორნიის სამხრეთ ნაწილში, სანაპიროსთან ახლოს ვცხოვრობ, მომწონს აქაური კლიმატი და წყალი, რადგან წყლის სპორტის თითქმის ყველა სახეობას ვფლობ, განსაკუთრებით სერფინგი მიყვარს. ჩემი ქალიშვილი, აირლანდი (კიმ ბესინგერისა და მსახიობ ალეკ ბოლდუინის შვილი), აქვე ახლოს ცხოვრობს. მას რვა ძაღლი ჰყავს, მე - ხუთი. ჩვენ გვიყვარს ცხოველები...

მიყვარს ყველა ჟანრის მუსიკა და ლიტერატურა, ბუნება დიდ სიამოვნებას მანიჭებს. სახლის გარშემო დამონტაჟებული მაქვს კოლიბრების საკვები დანადგარი (ფრინველი ნამგალასნაირთა ოჯახიდან. იკვებებიან ყვავილების ნექტრით და სპეციალურად დამზადებული შაქრიანი წყლით, რომელიც საკვებ დანადგარშია მოთავსებული) საკვები მოწყობილობა. ისინი ყოველდღე მოფრინავენ და კენკავენ. ძალიან ლამაზი სანახაობაა.

გამიმართლა, რომ თითქმის მთელ მსოფლიოში ვიმოგზაურე და უამრავ საინტერესო ადამიანს შევხვდი...

მე და ჩემი ბოიფრენდი დროის დიდ ნაწილს ჰავაიზე ვატარებთ, ჰავაი ჩვენი საყვარელი ადგილია დედამიწაზე.

კიდევ ერთი რამ, რასაც ბოლო დროს აქტიურად მივყავი ხელი, წერაა. ჩანაწერების გაკეთება ყოველთვის მიყვარდა, მაგრამ ახლა ბევრ დროს ვუთმობ, განსაკუთრებით, საბავშვო წიგნების წერას... ჩემი ყველაზე მნიშვნელოვანი საქმიანობა კი ცხოველთა დამცველ ჯგუფებთან თანამშრომლობაა, რათა შევაჩეროთ სისასტიკე, რაც პლანეტაზე არსებულ ყველა ცხოველს ემუქრება.

- კიმ, თქვენ იყავით 1980-90-იან წლების სექსსიმბოლო. დღეს ვის მიიჩნევთ სექსსიმბოლოდ ჰოლივუდში?

- ჩემი რჩეულია სკარლეტ იოჰანსონი. ის ჭკვიანი და ლამაზი ქალია. როგორც ქალი, წარმოაჩენს თავის მიმზიდველობას, ძალას და როგორც ბრძენი - თავის ინტელექტს. მას დიდი გავლენა აქვს გოგონების ცხოვრებაზე, საუკეთესო მაგალითს აძლევს მას, ვინც ამ გიჟურ სამყაროში იზრდება.

სკარლეტი თამამად აფიქსირებს თავის პოზიციას პრობლემურ და აქტუალურ საკითხებზე, ზრუნავს მათ მოგვარებაზე. აღფრთოვანებული ვარ მისით. ჩემი აზრით, ის ნამდვილი ქალია, მიმზიდველობა ბუნებრივად დაჰყვა, თავმდაბალია და არ ვაჭრობს თავისი სექსუალური და მომნუსხველი გარეგნობით.

- მამაკაცებზე მინდა გკითხოთ. ვინ არის თქვენი ცხოვრების მთავარი მამაკაცი?

- არაჩვეულებრივი ბოიფრენდი მყავს, 20 წლის წინ შევხვდი, ერთად ვმუშაობდით და კარგი მეგობრები ვიყავით. ბოლო სამი წელია, ერთად ვართ, რაც მოულოდნელი სიურპრიზი იყო ორივესთვის, თუმცა ძალიან ლამაზი სიურპრიზი (მიჩ სთოუნი ჰოლივუდში აღიარებული მაღალი რანგის სტილისტია. მუშაობს კინო, სატელევიზიო, სარეკლამო და სამოდელო ინდუსტრიაში. მის კლიენტებს შორის არიან კლაუდია შიფერი, სინდი კროუფორდი, სარა ჯესიკა პარკერი, დემი მური, ანტონიო ბანდერასი, ჯუდ ლო, ჯიმ ქერი, ჯენიფერ ლოპესი და ა.შ.). მეორე კაცი ჩემს ცხოვრებაში კატა დუდია.

- შეცვლიდით რამეს თქვენი განვლილი ცხოვრებიდან?

- ყველას გვაქვს გამოწვევები ცხოვრებაში - წარმატება და მარცხი, გამარჯვება და წაგება, მაგრამ

ყოველ ჩვენგანს თავისი თავგადასავალი აქვს. წლების განმავლობაში ვისწავლე, სწორად ვმართო ჩემი ცხოვრება, მადლობელი ვიყო ყველაფრისთვის, რაც მქონდა და გამოვიარე. თუმცა ისევ "სტუდენტი" ვარ - ბევრი ვისწავლე, ვსწავლობ და მომავალშიც მომიწევს სწავლა... ასე იქნება, სანამ ვიცხოვრებ ამ პლანეტაზე.

არაფერს ვნანობ, ვცდილობ, ვიცხოვრო ყოველდღიურობით, აწმყოთი, არ ვიყურები მომავლისა და წარსულისკენ. ვცდილობ, დავრჩე აწმყოში და ვიყო მადლიერი ღვთის ჩემი თავგადასავლისთვის...

- ჩემი ბოლო შეკითხვა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ეხება. რას ფიქრობთ ამერიკის რიგით 45-ე პრეზიდენტზე, მის პოლიტიკურ ხედვაზე?

- ამ საკითხის დეტალურად განსახილველად დიდი დრო დაგვჭირდება. თუმცა მას სათანადოდ ვერ შევაფასებ, რადგან არ შევხვედრივართ პირისპირ... მე ვარ ადამიანი, რომელიც ზრუნავს გარემოზე, ცხოველებზე, ქალთა, საზოგადოდ, ადამიანის უფლებებზე. ეს საკითხები ძალიან მაღელვებს და შესაბამისად, მაღელვებს პრეზიდენტის მიდგომა ამ საკითხებისადმი.

მოკლედ შემიძლია ვთქვა, რომ ვერ დავეთანხმები ტრამპის არჩევანს რიგ საკითხებთან დაკავშირებით - რასაც აკეთებს ან რაზეც უკვე მიიღო გადაწყვეტილება.

- დიდი მადლობა ინტერვიუსთვის.

- მადლობა თქვენ!

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ინგლისურენოვანი ვერსია

ნინო წიფურია