"მთავარია, დასავლეთმა ანტიირანულ კოალიციაში შესვლა აღარ მოგვთხოვოს"
24-04-2017
"მთავარია, დასავლეთმა ანტიირანულ კოალიციაში შესვლა აღარ მოგვთხოვოს"
ამერიკა ირანს ტერორიზმის დაფი­ნანსებაში ადანაშაულებს და ბი­რთვული პროგრამის შესახებ მი­ღწეული შეთანხმების გადახედვას­აც არ გამორიცხავს. ამის შესახებ გასულ კვირას აშშ-ის სახელმწიფო­ მდივანმა რექს ტილერსონმა განა­ცხადა. მოსალოდნელია თუ არა ჩვენს მეზობლად მოვლენების ესკა­ლაცია? რას უქადის აშშ-სა და ირანს შორის ურთიერთობის დაძაბვა საქართველოს? ამასთან დაკავშ­ირებით "კვირის პალიტრას" "ტერორიზმისა და პოლიტიკური ძალ­ადობის კვლევის ცენტრის" დირექტორი ბადრი ნაჭყებია ესაუბრა:

- ირანულ ტერორიზმზე როცა ვსაუბრობთ, მისი პრეისტორიაც უნდა გავიხსენოთ. 80-იანი წლების დასაწყისში, ჯერ კიდევ მაშინ, როცა
ირანული რევოლუცია ახალშემდგარი იყო, ირანელმა სტუდენტებმა აშშ-ის საელჩო დაიკავეს და ათეულობით მისი თანამშრომელი მძევლად აიყვანეს. ფაქტობრივად, ეს იყო ერთ-ერთი პირველი ტერორისტული აქტი. ირანის სახელმწიფო უკვე მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში პირდაპირ ეხმარებოდა და მხარს უჭერდა ამბოხებულ სტუდენტებს. ამას კრიზისი მოჰყვა. 1981 წელს ამერიკამ მობილიზაცია გაუკეთა მთელ
სამხედრო პოტენციალს, სპეცდანაყოფიც კი გადაისროლა ირანის ტერიტორიაზე, მაგრამ ოპერაცია ჩაიშალა. ბოლოს დიპლომატიის ჩარევით, რაშიც დიდი როლი შეასრულა ალჟირმა, მძევლები გაათავისუფლეს. ამ პერიოდიდან იწყებს აშშ ირანის ტერორიზმში დადანაშაულებას.

- თუმცა ექსპერტთა უმრავლესობა, მათ შორის, თქვენც, მიიჩნევდით, რომ ერთხანს "ირანული ტერორიზმი" დაკონსერვებული იყო და არ გახლდათ საშიში...

- 1994 წლამდე ორგანიზაცია "ჰესბოლა", რომელსაც მხარს ირანი უჭერდა, მთელ მსოფლიოში აწყობდა ტერორისტულ აქტებს. 1992 წლის მარტში არგენტინის დედაქალაქ ბუენოს-აირესში პროირანულმა ჯგუფმა ისრაელის საელჩო ააფეთქა, რასაც 29 კაცი ემსხვერპლა. თუმცა ირანმა 90-იანი წლების მეორე ნახევარში თავისი პოლიტიკა შეცვალა და "ჰესბოლას" მოწყობილი ტერორისტული აქტებისა და მძევლების გატაცების მხარდაჭერა შეწყვიტა.

- რა გახდა ამის მიზეზი?

- ალბათ, პოლიტიკის შეცვლა, ახალი თაობის ხელმძღვანელების მოსვლა, მათ შორის პრეზიდენტ რაფსანჯანის პოლიტიკა.

- რით არის განპირობებული, რომ აშშ დღეს ირანს ტერორიზმის დაფინანსებაში ადანაშაულებს და ბირთვული პროგრამის შესახებ მიღწეული შეთანხმების გადახედვის შესაძლებლობასაც კი განიხილავს?

- ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა განაცხადა და საკმაოდ მკაცრადაც. სხვათა შორის, გაეროც საკმაოდ სერიოზულად ზედამხედველობს ირანულ ბირთვულ პროგრამას.
აშშ-ის კატეგორიული მოთხოვნით, ირანი არ უნდა მივიდეს იმ დონემდე, რომ თავისუფლად ჰქონდეს ბირთვული იარაღის წარმოების საშუალება. თუმცა არცთუ დიდი ხნის წინ ირანმა აშკარად დაარღვია გაეროს რეზოლუცია და ბალისტიკური რაკეტა გამოცადა, რისთვისაც მას სანქციები დაუწესეს.

უპირველეს ყოვლისა, ირანის ბირთვული პოლიტიკის ეშინია აშშ-ის მთავარ მოკავშირეს, ისრაელს. გარდა ამისა, ირანი დაპირისპირებულია საუდის არაბეთთან, კატარსა და სხვა ქვეყნებთანაც. მას შემდეგ, რაც სირიის კრიზისი დაიწყო, ირანი და ვაშინგტონი გარკვეულწილად მოკავშირეებიც გახდნენ, მაგრამ ახლა ვითარება ოდნავ შეიცვალა. გასულ კვირას სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ირანი არასდროს ყოფილა შემჩნეული ტერორისტულ ორგანიზაციებთან კავშირში. ამით მან მიანიშნა, რომ ირანს სერიოზული მოკავშირე ჰყავს რუსეთის სახით. ლავროვის განცხადებით, ირანი ფართო ანტიტერორისტული კოალიციის სრულუფლებიანი წევრი აუცილებლად უნდა გახდეს და ეს აშშ-ისა და რუსეთის დაპირისპირების კიდევ ერთი მიზეზი გახდება.

- და მაინც, ირანი მონაწილეობს თუ არა ტერორიზმის დაფინანსებაში და კერძოდ, ვის აფინანსებს?

- ახლა ამის მტკიცება ნებისმიერს გაუჭირდება. ვფიქრობ, ამ შემთხვევაში მსოფლიოში მიმდინარე პროცესებია პირველ რიგში გასათვალისწინებელი. არ უნდა დავივიწყოთ, რომ ასადის რეჟიმს "ისლამურ სახელმწიფოსთან" ბრძოლაში ცოცხალი ძალის დეფიციტი აქვს (ავიაციაში მას მხარს რუსეთი უჭერს), ირანის სამხედროები კი უშუალოდ მონაწილეობენ ასადის რეჟიმის მხარდასაჭერ სამხედრო ოპერაციებში. პროირანული გაერთიანება "ჰესბოლა" ლიბანის ტერიტორიაზე ერთ-ერთი აქტიური მონაწილეა, საუდის არაბეთი კი იემენის ტერიტორიაზე პროირანულ ჯგუფებს ებრძვის. აქედან გამომდინარე, ირანი აშშ-ისა და მისი მოკავშირეებისთვის პრობლემაა და არ არის გამორიცხული, ტრამპის ახალმა ადმინისტრაციამ ამის გადაწყვეტა ძალისმიერი გზით სცადოს, წერტილოვანი დარტყმები მიაყენოს ზოგიერთ ობიექტს და ირანს ბირთვული იარაღის წარმოების საშუალება არ მისცეს. მას ამაში აუცილებლად დაუჭერს მხარს ევროკავშირიც.
ჩვენ ირანთან კეთილმეზობლური ურთიერთობა გვაქვს და პარტნიორ ქვეყნებსა და მეზობლებთან ბალანსის დაცვა გვმართებს. ცხადია, იმ შემთხვევაში, თუკი დასავლელმა პარტნიორებმა და აშშ-მა ლოჯისტიკური მხარდაჭერა მოგვთხოვეს, ეს რეგიონისთვის კატასტროფა იქნება! დიახ, მთავარია, დასავლეთმა ანტიირანულ კოალიციაში შესვლა არ მოგვთხოვოს. იმედია, ვითარება არ დაიძაბება და ძალისმიერი მეთოდების გამოყენებამდე საქმე არ მივა.

ამერიკელი დიპლომატების 15-თვიანი ტყვეობა


1979 წლის 4 ნოემბერს თეირანში ირანელი სტუდენტები ამერიკის საელჩოს თავს დაესხნენ. 444 დღე 49 ამერიკელმა დიპლომატმა ტყვეობაში გაატარა. ამერიკის ელჩი ირანში, ბრუს ლაინგენი, რომელიც ასევე ტყვედ აიყვანეს, იხსენებს, რომ ეს შემზარავი ფაქტი ირანის მაშინდელ შაჰთან, რომელიც ირანელებისთვის მიუღებელი მმართველი იყო, აშშ-ის კარგმა დამოკიდებულებამ განაპირობა.

ამერიკელებმა პრეზიდენტ ჯიმი კარტერს მოქმედებისკენ მოუწოდეს. მძევლების გასათავისუფლებელ სამხედრო ოპერაციის ჩატარებას ეწინააღმდეგებოდა სახელმწიფო მდივანი საირუს ვენსი, რომელიც ცდილობდა, მძევლების გათავისუფლებისთვის დიპლომატიური გზებით მიეღწია, თუმცა მრჩევლები არწმუნებდნენ სამხედრო ოპერაციის აუცილებლობაში. საბოლოოდ გადაწყდა სამხედრო ოპერაცია "არწივის ბრჭყალის" ჩატარება და ვენსი გადადგა.

1980 წლის 24 აპრილს დაწყებული ოპერაცია ჩავარდა - სამხედრო შვეულმფრენი აეროდრომზე თვითმფრინავს დაეჯახა და 8 ამერიკელი ჯარისკაცი იმსხვერპლა. სექტემბერში დაწყებულმა ირან-ერაყის ომმა ირანის მთავრობა აიძულა, აშშ-თან მოლაპარაკება დაეწყო ალჟირისა და დიდი ბრიტანეთის შუამავლობით. 1980 წლის ნოემბერს პრეზიდენტი კარტერი ხელმეორე არჩევნებში დამარცხდა. 1981 წლის 20 იანვარს, რონალდ რეიგანის ინაუგურაციის დღეს, ირანში ამერიკელი დიპლომატების 15-თვიანი ტყვეობა დასრულდა.


აშშ-სა და ირანს შორის დაძაბულობა მატულობს


ირანის პრეზიდენტმა ჰასან რუჰანიმ მედიას განუცხადა, რომ ირანი არ აპირებს ბირთვული პროგრამის გადახედვას.

ირანმა არაერთხელ დაადანაშაულა აშშ "ერთობლივი ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმის" (JCPOA) დარღვევაში: "შეთანხმება ზღუდავს ირანის ბირთვულ საქმიანობას, ობიექტებს რეგულარულად ამოწმებენ. ექსპერტების თქმით, ბირთვული ენერგიის პროგრამა ისრაელს აქვს, მაგრამ მას არავინ უწევს ინსპექტირებას. სამაგიეროდ, აშშ და ევროკავშირი მეთვალყურეობენ თეირანის ბირთვულ პროგრამაზე მიღებული გაეროს უშიშროების საბჭოს სასანქციო რეზოლუციების დინამიკას".

აშშ-ის სახელმწიფო მდივან რექს ტილერსონისა და ამერიკელი კანონმდებლების განცხადებით, შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ თეირანს ინსპექტირების პროცედურის გვერდის ავლითაც კი შეუძლია რეგიონში ვითარების დესტაბილიზაცია.

ეკა ასათიანი
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით