აშშ სირიელ ქურთებს იარაღით მოამარაგებს - ერდოღანი უკმაყოფილოა - კვირის პალიტრა

აშშ სირიელ ქურთებს იარაღით მოამარაგებს - ერდოღანი უკმაყოფილოა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ის არასდროს აღიარებს აშშ-სა და ქურთების კავშირს. მისივე თქმით, ახლო აღმოსავლეთში "ტერორისტული დაჯგუფებების ადგილი არ არის".

ეს კომენტარი თურქეთის პირველმა პირმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ერთი კვირის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ- ქურთებს იარაღით მოამარაგებს. მიუხედავად ამ საკითხზე განსხვავებული შეხედულებისა, შეხვედრის შემდეგ ერდოღანმა და ტრამპმა განაცხადეს, რომ ისინი კიდევ უფრო შეუწყობენ ხელს თურქეთისა და აშშ-ს ურთიერთობების გაღრმავებას.

შეგახსენებთ, რომ 9 მაისს ტრამპმა დადებითად შეაფასა სირიაში ქურთების იარაღით მომარაგების ინიციატივა. ქურთების დაჯგუფება, რომლის იარაღით მომარაგებაზეც აშშ საუბრობს, ამერიკელების მტკიცებით, "სირიის დემოკრატიული ძალების" ალიანსში შედის, ანუ ისინი სირიაში "ისლამურ სახელმწიფოს" ებრძვიან.

თუმცა სხვანაირად ფიქრობს რეჯეფ ტაიპ ერდოღანი, რომელმაც განაცხადა, რომ სირიაში მოქმედი ქურთები "ქურთისტანის მუშათა პარტიის" წევრები არიან. ეს გაერთიანება კი ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევა და აკრძალულია როგორც აშშ-ში, ასევე დიდ ბრიტანეთში, თურქეთში და ევროპის სხვა ქვეყნებშიც. შეგახსენებთ, რომ სწორედ ამ გაერთიანებას უკავშირებდნენ თურქეთში მომხდარ სხვადასხვა აფეთქებას.

როგორც უკვე ცნობილია, განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ აშშ-ს წარმომადგენლებს. ისინი სირიელ ქურთებს "ქურთისტანის მუშათა პარტიის" წევრებად არ მიიჩნევენ. ბი-ბი-სი-ს წყარო პენტაგონში, ინკოგნიტოდ ამბობს, რომ აშშ სირიაში ქურთების სამხედრო აღჭურვილობით და სხვადასხვა ტიპის იარაღით მომარაგებას მომავალშიც გააგრძელებს. ეს ყველაფერი კი იმ იმედით ხდება, რომ ქურთები ამერიკას ქალაქ რაყას გათავისუფლებასა და "ისლამური სახელმწიფოს" დამარცხებაში დაეხმარებიან.

თეთრ სახლში განაცხადეს, რომ ისინი კარგად ხვდებიან თუ რატომ წუხს თურქეთის მხარე, რომ ერდოღანს სურს რეგიონში სიმშვიდე შეინარჩუნოს, მაგრამ ამერიკა არ დაუშვებს NATO - ს წევრ ქვეყანას რაიმე საფრთხე შეექმნას. (წყარო)

თარგმნა ეკა გადახაბაძემ