რა საიდუმლო გაუმხილა ტრამპმა ლავროვს და ვინ გამოიძიებს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევას?! - კვირის პალიტრა

რა საიდუმლო გაუმხილა ტრამპმა ლავროვს და ვინ გამოიძიებს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევას?!

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა აშშ-ს პრეზიდენტისკენ მიმართულ კრიტიკას "პოლიტიკური შიზოფრენია"უწოდა. როგორც ამერიკული საინფორმაციო საშუალებები ამბობენ, ტრამპმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან სერგეი ლავროვთან შეხვედრისას სახელმწიფო საიდუმლო ინფორმაციები გათქვა.

"ვხედავთ, რომ შეერთებულ შტატებში პოლიტიკური შიზოფრენია ვითარდება. სხვაგვარად ვერ შევაფასებ იმ ბრალდებას, რომელსაც აშშ-ის მოქმედ პრეზიდენტს უკავშირებენ, თითქოს მან ლავროვს რაღაც საიდუმლოებები გაუმხილა", - განაცხადა იტალიის პრემიერთან პაოლო ჯენტილონთან შეხვედრის შემდეგ პუტინმა.

პუტინის თქმით, რუსეთი მზადაა ამერიკის კონგრესს გადასცეს შეხვედრის ჩანაწერი. მოგეხსენებათ, შეხვედრა ტრამპსა და ლავროვს შორის თეთრ სახლში, ოვალურ კაბინეტში გაიმართა.

პრესკონფერენციაზე ვლადიმირ პუტინის ამ განცხადების შემდეგ, პრეზიდენტის აპარატის წარმომადგენელმა იური უშაკოვმა ჟურნალისტებს განუმარტა, რომ ისეთ შეხვედრებზე, როგორიც თეთრ სახლში გაიმართა, აუდიო ჩანაწერები არ კეთდება, მხოლოდ სტენოგრამები:

"სტენოგრამას ის პირი აკეთებს, ვინც მსგავს შეხვედრებს სპეციალურად ესწრება".

შეგახსენებთ, რომ ამერიკული გამოცემა Washington Post-ი სამშაბათის გამოცემაში წერდა, რომ ტრამპმა ლავროვთან და რუსეთის ელჩთან ამერიკაში სერგეი კისლიაკთან შეხვედრისას "განსაკუთრებულად გასაიდუმლოებული ინფორმაცია" გაახმაურა. გამოცემა განმარტავს, რომ მსგავსი ტიპის საიდუმლო ინფორმაცია აშშ-ს მოკავშირე ქვეყნებისთვისაც კი უცნობია.

საინფორმაციო საშუალებებში ატეხილი აჟიოტაჟი აბსურდად შეაფასა თეთრი სახლის წარმომადგენლებმა. ტრამპის მრჩევლების განცხადებით, ისინი ესწრებოდნენ ამ შეხვედრას და ოვალურ კაბინეტში რუსეთსა და აშშ-ს შორის არსებული საფრთხეები განიხილებოდა.

თავის მხრივ, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას სრული უფლება აქვს კონფიდენციალური ინფორმაცია გაუმხილოს რუსეთის წარმომადგენლებს, რათა ეფექტიანად ებრძოლონ "ისლამურ სახელმწიფოს".

"როგორც აშშ-ს პრეზიდენტს, სურვილი მაქვს რუსეთის მხარეს გავუმხილო ინფორმაცია ტერორიზმთან და უსაფრთხო ფრენებთან დაკავშირებით. ეს ჩემი უფლებაა", - დაწერა ტრამპმა "ტვიტერის"ოფიციალურ გვერდზე.

ტრამპმა განმარტა, რომ მას სურვილი აქვს დაეხმაროს რუსეთს, რათა ამ უკანასკნელმა უფრო გააძლიეროს ტერორიზმთან ბრძოლა.

პუტინმა კი ამერიკული პრესის განხილვისას განაცხადა, რომ აშშ-ში ანტირუსულ განწყობას ქმნიან ან სულელები ან უწმინდურები.  (წყარო)

ამასთანავე ცნობილი ხდება, რომ აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ სპეციალური პროკურორი დანიშნა, რომელიც 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევას გამოიძიებს. მედიის ინფორმაციით, ამ თანამდებობაზე დანიშნეს რობერტ მოულერი, რომელიც 2001 -2013 წლებში გამოძიების ფედერალურ ბიუროს ხელმძღვანელობდა.

თარგმნა ეკა გადახაბაძემ