"ჩრდილოეთ კორეელი ბავშვის პირველი სიტყვა დედაა, მეორე კი - კიმ ირ სენი" - რას ჰყვება კაცი, რომელიც ჩრდილოეთ კორეიდან გამოიქცა?! - კვირის პალიტრა

"ჩრდილოეთ კორეელი ბავშვის პირველი სიტყვა დედაა, მეორე კი - კიმ ირ სენი" - რას ჰყვება კაცი, რომელიც ჩრდილოეთ კორეიდან გამოიქცა?!

ჟურნალისტმა რომან სუპერმა მოახერხა იმ ადამიანთან ინტერვიუს ჩაწერა, რომელმაც 14 წლის წინ, ჩრდილოეთ კორეადან სამხრეთ კორეაში გაქცევა შეძლო. გაიგო, როგორია რეალური ცხოვრება ჩრდილოეთ კორეაში, არც ისე მარტივია. ამაზე ადგილობრივები არ ლაპარაკობენ. ჟურნალისტი ასეთ ადამიანს, რომელიც რეალური ჩრდილოეთ კორეის შესახებ უამბობდა, 4 წელი ეძებდა. რესპონდენტი ინტერვიუს იმ პირობით დათანხმდა, თუ მის სურათს არ გამოაქვეყნებდნენ.

"გადარჩენილი"

ჯონ ჰენ მუ (სახელი და გვარი შეცვლილია - ავტ.) ახლა 60 წლისაა და ქალაქ სეულში ცხოვრობს. 2003 წელს გაუმართლა და ჩრდილოეთ კორეადან გაიქცა. ის დედაქალაქ ფხენიანში, საშუალო ფენის ოჯახში დაიბადა. მისი მშობლები რიგითი მოქალაქეები იყვნენ. ჯონის დედა 30 წლის განმავლობაში "ქალთა ასოციაციაში", მამა კი სამხატვრო აკადემიაში მუშაობდა. რესპონდენტის  თქმით, მისი ოჯახი მოკრძალებულად ცხოვრობდა, სხვების მსგავსად მათაც არ ჰქონდათ კერძო საკუთრების უფლება.

"90-იან წლებში სიტუაცია შეიცვალა - გაჩნდნენ ოთხი კატეგორიის ადამიანები, რომელთაც შეეძლოთ კერძო ავტომანქანის ფლობა. ესენი იყვნენ: იაპონელ-კორეელები, რომლებიც სამშობლოში ბრუნდებოდნენ, დიპლომატიური სამსახურის თანამშრომლები, მაღალი თანამდებობის მქონე პირების შვილების და ისინი, ვინც ქვეყნის ხელმძღვანელი პირებისგან ავტომანქანები საჩუქრად მიიღეს.

დედაქალაქის მცხოვრებლებს შეეძლოთ "ცივილიზაციის საჩუქრებით" ესარგებლათ: - მაცივარი, ტელევიზორი და სხვა საყოფაცხოვრებო "უდანაშაულო" ნივთებით. 90-იან წლებამდე, - ამბობს რესპონდენტი, - ყიდვა-გაყიდვის ვერავითარ ოპერაციას ვერ აწარმოებდი, რადგან პარტიის მიერ იყო აკრძალული. 90-იანებში ჩამოყალიბდა უძრავი ქონების შავი ბაზარი, რომლის შესახებაც სახელმწიფომ იცოდა და პერიოდულად ბაზრის მონაწილეებს სჯიდა, თუმცა ამის პარალლეურად, ბაზარი მაინც ვითარდებოდა. მოგვიანებით ელექტროენერგიის პრობლემა გაჩნდა. თავდაპირველად შუქს ერთი საათით თიშავდნენ, მერე 4 საათით, მოგვიანებით კი ნახევარი დღე უშუქოდ ვიყავით ხოლმე. უშუქობის პრობლემა ახლაც არის.

ვისი მმართველობის პერიოდი იყო უკეთესი?

ჟურნალისტის შეკითხვები პოლიტიკასაც შეეხო: "მახსოვს ახალგაზრდა კიმ ირ სენის მმართველობა, ეს იყო სასტიკი რეჟიმი. როცა  მოხუცდა, შედარებით "რბილი" მმართველი გახდა.

ჩრდილოკორეელების უმეტესობა ამბობს, რომ კიმ ირ სენიის მოღვაწეობის პერიოდამდე უფრო კარგი სიტუაცია იყო, არ ყოფილა საშინელი რეპრესიები, თუმცა მე ასე არ ვფიქრობ. იმ მძიმე პერიოდის, ანუ კიმ ირ სენის მოღვაწეობისას, პატარა ვიყავი და რეპრესიები საკუთარ თავზე არ გამომიცდია, თუმცა ახლა რომ ვფიქრობ, დიდ განსხვავებას ვერ ვხედავ ჩრდილოეთ კორეასა და საბჭოთა კავშირს შორის. მეტიც, ჩემი აზრით, კიმ ირ სენი და კიმ ჩენ ირი სტალნზე ათჯერ უფრო სასტიკები იყვნენ".

სამსახური

უნივერსიტეტის შემდეგ ჯონი ერთ-ერთ სასტუმროში მზარეულად მოეწყო. ჯარში 3-წლიანი სამსახურის შემდეგ შეძლო და პარტიის წევრი გახდა. პარტიულობა დაეხმარა მას მოწყობილიყო იმავე სასტუმროში, მაგრამ არა მზარეულად, არამედ მენეჯერად. უცხოელებთან კონტაქტი მკაცრად აკრძალული იყო. ზოგადად კი აკრძალული იყო გარე სამყაროსთან კონტაქტი, იმის გაგება, თუ რა ხდებოდა სხვა ქვეყნებში. უფრო მეტიც, სახელმწიფოს ნებართვის გარეშე რადიოს მოსმენაც არ შეიძლებოდა. წინააღმდეგ შემთხვევაში ციხეში მოხვდებოდი. "მოგვიანებით, 2000-იან წლებში ჩინეთიდან ბევრი კონტრაბანდა შემოვიდა: ფილმების დისკები, USB-ბარათი სამხრეთკორეული სერიალებით, იმ დროს ეს ნამდვილი მიწისქვეშა რევოლუცია იყო. მას შემდეგ, რაც ათი წლის განმავლობაში ერთი და იგივე გადაცემას გაყურებინებენ, სეულიდან ფილმი - იყო დღესასწაული".

ხალხი მდიდრებისა და ღარიბების ფენად  ჩრდილოეთ კორეაშიც დაყოფილია, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ იქ მოსახლეობის მხოლოდ 1%-ია მდიდარი.

ტალონების სისტემა

ჯონ ჰენ მუს მონაყოლის მიხედვით, მისი ყოფნის დროს ხალხს ქვეყანაში ორი ტიპის ტალონები ჰქონდათ - პროდუქტების, რომლითაც ხალხს საკვების მიღება შეეძლოთ, ხოლო მეორე ტალონით იღებდნენ ტანსაცმელს. თითოეულ მოქალაქეს საკუთარი ნორმა ჰქონდა: მუშებს - შვიდასი გრამი ბრინჯი, სტუდენტებს - სამასი გრამი. პრობლემა კი იმიტომ გაჩნდა, რომ წესები არ იყო დაცული. ფხენიანში ყველას ნორმის მიხედვით ურიგდებოდა საკვები, თუმცა რეგიონებში იმაზე ნაკლებს აძლევდნენ, ვიდრე ეკუთვნოდათ. ტანსაცმელი კი იშვიათად გაიცემოდა.

კერძო წარმოება მაშინ დაიწყო, როდესა ყოველდღიური საკვები გათავდა. ხალხმა ბიზნესს ხელი მოჰკიდა არა სიყვარულის გამო, არამედ იმიტომ, რომ შიმშილით არ დახოცილიყვნენ.

ჩრდილოეთ კორეაში ყველა ბიზნესმენს ითვლიდნენ. ყველა ყველას იცნობდა. ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებაში მკაცრი წესი მოქმედებდა. თუ ადამიანი, ხელისუფლების აზრით, ბევრს გამოიმუშავებს, ის ბიზნესმენი ადრე თუ გვიან ციხეში აღმოჩნდება. მთავრობის ლოგიკით, ადამიანს პატიოსნად ბევრი ფულის გამომუშავება არ შეუძლია. ეს ლოგიკა პატიმრობისთვის საკმარისი საფუძველია.

როგორც თავად რესპონდენტი ამბობს, ჩრდილოეთ კორეაში ის მეორადი ველოსიპედებითა და ტანსაცმლით ვაჭრობდა. ამ საქმიდან მან 87 000 დოლარი და 1,3 მილიონი იაპონური იენი იშოვა.

"ყველა კარგადაა, მაგრამ მე ცხოვრება მინდა"

ასეთი შემოსავლით ჯონს აზრადაც არ მოუვიდოდა ქვეყნიდან გაქცევა, თუმცა მას შემდეგ, რაც მისი თანმშრომლების გაურკვეველი მიზეზით გაქრობა და მკვლელობა დაიწყო, ბიზნესმენმა გაქცევა გადაწყვიტა. მთელი ოჯახის - ცოლისა და ორი შვილის გაქცევა სიკვდილის ტოლფასი იქნებოდა, ამიტომ ჯონმა დოკუმენტები გააყალბა, თითქოს ავტოკატასტროფაში დაიღუპა. "თუ ოჯახი გაიგებდა, რომ მე ცოცხალი ვარ და გავიქეცი და ამას ხელისუფლებას არ შეატყობინებდნენ, ჩემს ოჯახს სასტიკად დასჯიდნენ". ამის შემდეგ ის არასდროს შეხვედრია საკუთარ ოჯახს.

"იმ შემთხვევაში ვნახავ ოჯახს, თუ ჩრდილოეთ კორეის რეჟიმი დაემხობა. ვფიქრობ, ეს რეჟიმი დაიშლება. თუმცა ამისათვის ალაბთ, დიდი დროა საჭირო. შეიძლება იქამდე ვეღარც ვიცოცხლო, ოჯახის უნახავად სიკვდილი არ მინდა, ამაზე ძალიან ვწუხვარ".

სამშობლოდან გაქცევა

ჯონის გეგმა ასეთი იყო: თითქოს ის საქონლის ჩამოსატანად ჩინეთში წავიდა. მას 4 თვე დასჭირდა სამხრეთ კორეის ყალბი პასპორტის საყიდლად. ის ჯერ ფილიპინებზე აღმოჩნდა და 2 საათის შემდეგ სეულისკენ მიმავალ თვითმფრინავში ჩაჯდა. სამხრეთ კორეაში ჩასულს ახალი ცხოვრების დაწყება და ქვეყნის განსხვავებულ წყობილებასთან შეგუება მოუწია.

"ჩრდილოეთ კორეაში პარტია მთელი ცხოვრება გეუბნება რა უნდა გააკეთო და რომ შენ არანაირ გადაწყვეტილებას არ იღებ. ხოლო სამხრეთ კორეა უფლებას გაძლებს თავად მიიღო გადაწყვეტილებები. თავიდან ამ ყველაფრის მიღება და ცხოვრებაში გამოყენება, რთულია".

ახალი ცხოვრება

სეულში ჯონი საიუვილერო საქმიანობაში ჩაერთო, მოგვიანებით რადიოსადგურის დეპარტამენტში დაიწყო მუშაობა, რომელიც გადაცემებს ჩრდილოეთ კორეისთვის ამზადებდა.

სამშობლოდან გამოქცეულები მხოლოდ ორი მიზეზით ბრუნდებიან ჩრდილოეთ კორეაში: პირველი - ოჯახია. ხოლო მეორე მიზეზი ჩრდილოკორეელების სამხრეთ კორეაში კანონთან შექმნილი პრობლემებია. უკან დაბრუნებულს ზოგს ათავისუფლებენ, ზოგს აპატიმრებენ, ზოგს კი სიკვდილით სჯიან.

კითხვაზე, ყველაზე მეტად რამ გააოცა სამხრეთ კორეაში, ის ამბობს: "მთელი ცხოვრების განმავლობაში გვეუბნებოდნენ, რომ სამხრეთ კორეა ამერიკელებს ემორჩილება. სკოლაში, გეოგრაფიის გაკვეთილზე გვასწავლიდნენ, რომ მთები მხოლოდ ჩრდილოეთ კორეას აქვს, სამხრეთს კი არა. მსმენია, რომ არსებობს ინტერნეტი, მაგრამ კომპიუტერიც კი არასდროს გამომიყენებია. ახლა საკუთარი ელექტრონული ფოსტა და სოციალური ქსელი მაქვს, თუმცა ფრთხილად ვიყენებ, რადგან ჩემი ცოლი და ორი შვილი არ დავაზარალო ამით...

თუ პარტია გაიგებს, რომ ცოცხალი ვარ, მითუმეტეს სამხრეთ კორეაში, ოჯახს სერიოზული პრობლემები შეექმნება. სანამ მე "მკვდარი" ვარ, ისინი ცოცხლები არიან. ეს ის არის, რაზეც ყოველ დღე ვფიქრობ".

მისი თქმით, სამხრეთ კორეაში ჩრდილოეთიდან გამოქცეული დაახლოებით 30 000 კორეელი ცხოვრობს.

"პირველი სიტყვა, რომელსაც ბავშვი ჩრდილოეთ კორეაში ამბობს - დედაა, ხოლო მეორე - კიმ ირ სენის სადიდებელი. ეს პროპაგანდა ბავშვს დედის რძიდან მოჰყვება და მთელი ცხოვრება ამით უწევს ცხოვრება. ეს რელიგიაა, რელიგიურ ოჯახებში ბავშვები კონკრეტული ტრადიციის მიხედვით იზრდებიან, ჩრდილოეთ კორეაში ამ რელიგიურ ტრადიციას ჰქვია "ჩუჩხე".

დისიდენტები

ჟურნალისტის კითხვაზე, არსებობს თუ არა ჩრდილოეთ კორეაში გარკვეული კონტურები მიწისქვეშა დისიდენტების, ჯონი ასე პასუხობს:

"ფხენიანში დისიდენტური მოძრაობის არსებობა შეუძლებელია. სამხრეთ კორეაში, მიუხედავად მისი ხისტი ავტორიტარული წარსულისა, უკვე არსებობს სასამართლო სისტემა, სადაც ადამიანის ელემენტარულ უფლებებს იცავენ. სამხრეთში სასამართლო პროცესის გარეშე ადამიანებს საკონცენტრაციო ბანაკებში არ აგზავნიან. ჩრდილოეთ კორეაში სახელმწიფოს გადატრიალება შიგნიდან ვერ მოხდება. ახლა ჩრდილოეთ კორეაში უკვე მესამე ლიდერია და ამ დროის განმავლობაში ხალხში იზრდება უკმაყოფილება, მაგრამ ეს არაფერს ცვლის".

კითხვაზე, იცის თუ არა რაიმე რუსეთის შესახებ, რესპონდენტის თქმით, მას ეს საკითხი ნაკლებად ადარდებს. უფრო მეტად ფიქრობს ჩინეთზე, რომელიც მისი აზრით, ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც შეუძლია ჩრდილოეთ კორეაზე გავლენის მოხდენა.

"არავითარი სერიოზული კავშირები მოსკოვს ფხენიანთან არ აქვს. მოსკოვი უფრო მეტად სეულთან თანამშრომლობს".

წყარო

თეა ბეჟიტაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)