"თვალი თვალის წილ" - კავკასიური ვენდეტა თანამედროვე საზოგადოებაში - კვირის პალიტრა

"თვალი თვალის წილ" - კავკასიური ვენდეტა თანამედროვე საზოგადოებაში

ვენდეტა, იგივე სისხლიანი შურისძიება სხვადასხვა საზოგადოებაში კვლავ შემორჩენილია. ბი-ბი-სი შეეცადა, უფრო მეტი გაეგო ამ საკითხზე და რუსეთის ჩრდილოკავკასიურ რეგიონებში არსებული სიტუაცია შეისწავლა.

სისხლიან შურისძიებაში დიდ როლს ტრადიცია ასრულებს, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბდა. ასეთ საზოგადოებაში სიტყვის თავისუფლება არ არსებობს. ადამიანის ქმედებას აქ რელიგია, საზოგადოება და ოჯახი განსაზღვრავს.

ექსპერტების აზრით, რუსეთის ჩრდილოკავკასიურ რეგიონებში - ჩეჩნეთში, ინგუშეთში, დაღესტანში, ყაბარდო-ბალკარეთში, ჩრდილოეთ ოსეთში ჩამოყალიბდა ნახევრად ტრადიციული საზოგადოება, რაც იმას ნიშნავს, რომ მოდერნიზაცია საზოგადოებას ნაწილობრივ შეეხო, მაგრამ სოციალურ ურთიერთობებს თითქმის არა.

რატომ აცხადებენ ვენდეტას?

სისხლიანი ანგარიშსწორების ამოსავალი წერტილი შურისძიებაა: ადამიანის გაზნრახ მკვლელობისთვის, მკვლელს სიკვდილი ემუქრება თუ მოკლულისა და მკვლელის ოჯახები სხვა გამოსავალზე ვერ შეთანხმდებიან.

ჩრდილოეთ კავკასიის ზოგიერთ ხალხებში სისხლიან შურისძიებას აცხადებენ არა მხოლოდ მკვლელობაზე, ასევე ქალების გატაცებაზე, მრუშობასა და შეურაცხყოფაზე.

სისხლიანი შურისძიება - მხოლოდ მუსულმანებში?

ვენდეტა ისლამში ადათის კატეგორიაში გადის (ჩვეულებების სამართალი), რომელიც ქონების, საოჯახო და სოციალური ურთიერთოებების კომპლექტია.

ადათი არეგულირებს სტუმარ-მასპინძლობის ტრადიციას, უფროსების პატივისცემას, ასევე ისეთ საკითხს, როგორიცაა პატარძლის საქორწინო ფასი.

ეს ჩვეულებები ჯერ კიდევ მაშინ განვითარდა, როდესაც შარიათი ჩამოყალიბდა - ერთგვარი ქცევის კოდექსი, რომელიც აერთიანებს ისლამის უფლებებს, მორალურ-ეთიკურ და რელიგიურ ნორმებს.

ვის შეუძლია ვენდეტას გამოცხადება?

სისხლიანი შურისძიება ვრცელდება ნებისმიერ პირზე, მიუხედავად მისი მდგომარეობისა. მაგალითად თუ მკვლელი ორსული ქალია, ის მაინც დაისჯება, მას შემდეგ რაც ბავშვს გააჩენს.

"დღესდღეობით, სისხლიანი შურისძიება გხვდება მაშინ, როდესაც დამნაშავე დანაშაულს არ აღიარებს", - ამბობს დაღესტნის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის მკვლევარი შახბან ხაპიზოვი.

"ასეთი კონფლიქტების 95% რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით განიხილება, ყოველ შემთხვევაში, დაღესტანში ასეა. ასეთ დროს დაზარალებული მხარე გამოძიებასა და სასამართლოზე ზეწოლას ცდილობს, რათა მკვლელს უფრო მკაცრი სასჯელი გამოუტანონ.

შესაძლებელია თუ არა საპასუხო მკვლელობის თავიდან არიდება?

კავკასიის უმეტეს რეგიონში მკვლელობისთვის სასჯელის ერთ-ერთი ფორმა საზოგადოებიდან დროებით ან სამუდამოდ განდევნაა.

"რამდენიმე საუკუნის წინ, ეს ძალიან მკაცრი სასჯელი იყო, რადგან მკვლელს ჩამოერთმეოდა ყველანაირი უფლება, ახლა კი ამას ნაკლებად განიცდიან", - ამბობს შახბან ხაპიზოვი.

ტრადიციის თანახმად, სისხლის ამღებს შეუძლია მკლელი ან მისი უახლოესი ახლობელი მოკლას. სახლებსაც საკამოდ ხშირად წვავენ, თუ დამნაშავე არ ჩაბარდება ხელისუფლებას ან მისი ახლობლები გაქცეულ მკვლელს ვერ მიაგნებენ.

როგორ ხდება შერიგება?

"შერიგება შესაძლებელია უხუცების საბჭოს შემდეგ", - ამბობს მოსკოვის კარნეგის სამეცნიერო ცენტრის ექსპერტი ალექსეი მალაშენკო. "ეს დამოკიდებულია რეგიონზე და ეთნიკურ ჯგუფზე".

მაგრამ არსებობს სხვა გზებიც...

მაგალითად, ჩეჩნეთში არსებობს ოჯახების შერიგების სპეციალური რიტუალი. ეს მთელი პროცესია, როდესაც მკვლელი და მისი ოჯახი ერთობლივად გამოხატავს მწუხარებას და მოკლულის ოჯახში მიდიან ბოდიშის მოსახდელად. თავად დამნაშავე დაზარალებულის ოჯახის წევრების - მამის ან ძმის წინაშე მუხლებზე დგას. დამნაშავე მხარე აცხადებს თუ როგორ მოხდა დანაშაული და პატიებს ითხოვს, ასეთ დროს დამნაშავე სუდარაშია გახვეული.

ხაპიზოვი დაღესტნის შემთხვევას აღწერს: დაღესტანში, მაგალითად ავტოავარიის დროს, რომელიც მსხვერპლით სრულდება, დამნაშავე მხარე ყოველთვის ბოდიშს იხდის. მას ასევე შეუძლია მკურნალობის ხარჯების გადახდა. თუ დამნაშავე მხარე დანაშაულს არ აღიარებს, ეს აღიქმება როგორც უკიდურესი უპატივცემულობა და ამის შემდეგ შეიძლება ვენდეტა გამოცხადდეს.

რას ამბობს რუსული კანონი?

"რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსი სისხლის აღების გამო მკვლელობას ცალკე არეგულირებს და სასჯელი 8-დან 20-წლამდე თავისუფლების აღკვეთით განისაზღვრება. თუმცა ასეთი მოტივის ფაქტზე მხილება სამართალდამცველ ორგანოებს უჭირთ".

რამდენ თაობაზე გრძელდება სისხლიანი შურისძიება?

ანგარიშსწორება შეიძლება მოხდეს 100 წლის შემდეგაც კი, როცა დამნაშავე და მისი ახლობლები აღარც იქნებიან ცოცხლები. ამიტომ უხუცესების ინტერესშია, რაც შეიძლება მალე გადაიჭრას ეს პრობლემა, რათა შურისძიება შთამომავლებზე არ გადავიდეს.

ექსპერტები თანხმდებიან იმაზე, რომ სისხლიანი შურსძიება ამა თუ იმ ფორმით კავკასიის რეგიონში ტრადიციულ და ნახევრად ტრადიციულ საზოგადოებაში, სადაც ცხოვრება რეგულირდება ადათებით და ისლამური კანონებითა და რუსული კანონმდებლოთ, კიდევ კარგა ხანს იარსებებს.

თეა ბეჟიტაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)