ტრამპი: "თუ არ გვექნება ძლიერი ოჯახები და ძლიერი ღირებულებები, მაშინ ჩვენ სუსტები ვიქნებით და ვერ გადავრჩებით" - კვირის პალიტრა

ტრამპი: "თუ არ გვექნება ძლიერი ოჯახები და ძლიერი ღირებულებები, მაშინ ჩვენ სუსტები ვიქნებით და ვერ გადავრჩებით"

"ღირებულებები, რომელიც ამერიკასა და ევროპას აკავშირებს - თავისუფლება, რწმენა და ოჯახი, საფრთხის ქვეშ არის გარედან, საერთო მტრების მხრიდან და შიგნიდან - ბიუროკრატიის მხრიდან", - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვარშავაში სიტყვით გამოსვლისას.

"ჩვენი დროის ფუნდამენტური კითხვაა, შეძლებს თუ არა დასავლეთი გადარჩენას. გვაქვს თუ არა ჩვენ რწმენა ჩვენს ღირებულებებში, რათა ისინი დავიცვათ ნებისმიერ ფასად?! ვცემთ თუ არა საკმარისად პატივს ჩვენს მოქალაქეებს, რათა დავიცვათ ჩვენი საზღვრები?! გვაქვს თუ არა ჩვენ სურვილი და გამბედაობა, შევინარჩუნოთ ჩვენი ცივილიზაცია მათ წინაშე, ვინც დაამხობს და გაანადგურებს მას?!" - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

დონალდ ტრამპის თქმით, ძლიერი ოჯახებისა და ღირებულებების გარეშე დასავლეთი სუსტი იქნება. "ჩვენ შეგვიძლია გვქონდეს ყველაზე დიდი ეკონომიკა და ყველაზე ძლიერი შეიარაღება, მაგრამ თუ ჩვენ არ გვექნება ძლიერი ოჯახები და ძლიერი ღირებულებები, მაშინ ჩვენ სუსტები ვიქნებით და ვერ გადავრჩებით", - აღნიშნა აშშ-ის ლიდერმა.

როგორც ტრამპმა განაცხადა, ერთობლივად უნდა მოხდეს იმ ძალებთან დაპირისპირება, რომლებიც ძირს უთხრიან ამ ღირებულებებს და შლიან კულტურის, რწმენისა და ტრადიციის კავშირებს. "თუ ჩვენ არ დავივიწყებთ ვინ ვართ, ჩვენ ვერ დაგვამარცხებენ", - დასძინა დონალდ ტრამპმა.

"ინტერპრესნიუსი"