"დიდი ოცეულის" ქვეყნების ლიდერთა სამიტი გახსნილია - კვირის პალიტრა

"დიდი ოცეულის" ქვეყნების ლიდერთა სამიტი გახსნილია

დღეს, ჰამბურგში "დიდი ოცეულის“ ქვეყნების ლიდერთა ორდღიანი სამიტი გაიხსნა. 2016 წლის 1 დეკემბერს "დიდი ოცეულის“ თავმჯდომარე ქვეყანა გერმანია გახდა. გერმანიის ხელისუფლებამ სამიტზე განსახილველად წელს პრიორიტეტად შემდეგი თემები დაასახელა: ტერორიზმთან ბრძოლა, კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლა, აფრიკის განვითარება, შიმშილის აღმოფხვრა, საზოგადოებაში ქალის როლის გაძლიერება.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ერთმანეთს "დიდი ოცეულის“ სამიტზე მცირე ხნით გაესაუბრნენ. აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განუცხადა.

"მათ ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს და განაცხადეს, რომ მალე ცალკე შეხვედრას გამართავენ“, - აღნიშნა დიმიტრი პესკოვმა.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა აღნიშნა, რომ ვლადიმერ პუტინმა შეხვედრის მომზადებისას გაითვალისწინა დონალდ ტრამპის გუშინდელი განცხადება იმის თაობაზე, რომ რუსეთი დესტაბილიზაციის გამომწვევ ქმედებებს ახორციელებს საერთაშორისო არენაზე.

შეხვედრაზე ორი ქვეყნის ლიდერები განიხილავენ საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლის საკითხს, ასევე სირიასა და უკრაინაში არსებულ სიტუაციას.