მოსული გათავისუფლებულია - "ისლამური სახელმწიფოს" უკანასკნელი დღეები - კვირის პალიტრა

მოსული გათავისუფლებულია - "ისლამური სახელმწიფოს" უკანასკნელი დღეები

"ევროპა უნდა მოემზადოს ჯიჰადისტების ახალი ტალღისთვის, თუ ისინი მოსულს დატოვებენ"

ბრუნო გადო, გაეროს დევნილთა საბჭოს უმაღლესი კომისრის წარმომადგენელი

ბოლო რამდენიმე თვეა, მსოფლიოს ყურადღება მიპყრობილია ერაყის მეორე დიდი ქალაქის, მოსულისკენ, სადაც ერაყის სამთავრობო ძალები, საერთაშორისო კოალიციასა და მოხალისე სამხედრო დაჯგუფებებთან ერთად, "ხალიფატის" ერთ-ერთი მთავარი ბასტიონის ასაღებად იბრძოდნენ. "ისლამური სახელმწიფოსთვის" მოსული, "ნავთობის საკუჭნაოდ წოდებული" ქალაქი უმნიშვნელოვანესი რომ იყო, ეს იქიდანაც ჩანს, რომ სწორედ ამ ქალაქში გამოაცხადა დაჯგუფების ლიდერმა ე.წ. ხალიფატო.

ბი-ბი-სის ცნობით, ერაყის პრემიერ-მინისტრმა ქალაქ მოსულში „ისლამურ სახელმწიფოზე" გამარჯვება ოფიციალურად გამოაცხადა.

ჰაიდერ ალ-აბადეს განცხადება ჯერ კიდევ კვირას უნდა გაეკეთებინა, მაგრამ იმ მიზეზით გადადო, რომ ქალაქში ფინალური ბრძოლები ჯერ კიდევ მიმდინარეობდა.

მოსულისთვის ბრძოლა ცხრა თვის განმავლობაში გრძელდებოდა, რის შედეგადაც მნიშვნელოვნად განადგურდა ქალაქის ნაწილი და დაიღუპა ქალაქის ათასობით მშვიდობიანი მცხოვრები. იძულებით გადაადგილებულია 920 ათასი ადამიანი.

ამონარიდი „კვირის პალიტრის" საარქივო სტატიიდან:

2014 წლის 9 ივნისს მსოფლიომ შეიტყო, რომ მოსულზე (მოსახლეობა 2 მლნ), სადაც ამერიკული შეიარაღებით აღჭურვილი ერაყის არმიის 60 000 ჯარისკაცი (უმრავლესობა სუნიტები) და 30 000-კაციანი პოლიციის ორი ბატალიონი იდგნენ, ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოს" მეომრებმა იერიში მიიტანეს. ოპერაციას ვინმე თარხან ბათირაშვილი მეთაურობდა. 10 ივნისს ქალაქი, ფაქტობრივად, უბრძოლველად დაეცა. "ისლამურ სახელმწიფოს" ალაფად დარჩა 1 700 ტანკი და სამხედრო "ჰამერები", საარტილერიო დანადგარები, მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევები და საბრძოლო მასალის დიდი მარაგი. ორიოდე დღის შემდეგ ბათირაშვილმა ქალაქი თიქრითი და ბეიჯი აიღო. "ისლამურ სახელმწიფოს" ბაღდადამდე რამდენიმე ნაბიჯიღა რჩებოდა, მაგრამ ბათირაშვილმა გეგმა მოულოდნელად შეცვალა და ქურთისტანში შეიჭრა. რატომ არ აიღო "ისლამურმა სახელმწიფომ" ბაღდადი, ეს კითხვა დღესაც პასუხგაუცემელია.

29 ივნისს, მოსულის ან ნურის"მეჩეთიდან, საიდანაც ოდესღაც სალადინმა მორწმუნეებს იერ-უსალიმის გასათავისუფლებლად მოუწოდა, მსოფლიო მუსლიმანებს ამჯერად ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოს" მეთაურმა აბუ ბაქრ ალ-ბაღდადიმ სირიისა და ერაყის ტერიტორიაზე "ისლამური ხალიფატის" შექმნა ამცნო და თავი პირველ ხალიფადაც გამოაცხადა... მას შემდეგ მოსულზე "ხალიფატის" შავი დროშა ფრიალებდა (იხილეთ სრულად).

ქალაქზე შეტევა გეგმის მიხედვით გასული წლის შემოდგომაზე დაიწყო.

იმჟამად ვარაუდობდნენ, რომ იყო საშიშროება, რომ ბოლო წუთს "ისლამურ სახელმწიფოს" ქალაქის აფეთქება გადაეწყვიტა, რისთვისაც შეიძლებოდა ქალაქის ქვეშ შუა საუკუნეების კატაკომბები და გვირაბები გამოიყენებინა და მოსული ისტორიაში თვითმკვლელი ქალაქის სახელით შესულიყო…

საინტერესოა, რომ მოძალადეებზე შურისძიებაში მონაწილეობდა ბატალიონი "მზის ქალები", რომელიც მოჯაჰედების ყოფილი სექსმონა ქალებისგან შედგება.

ერაყის ხელისუფლება ვარაუდობდა, რომ ა.წ. იანვრის ბოლოს მოსულის თავზე ერაყის დროშა იფრიალებდა, თუმცა პენტაგონის გათვლით, მოსულის ოპერაცია რამდენიმე თვეს გასტანდა და ასეც მოხდა...