ექიმები მშობლებს ეუბნებოდნენ, რომ ბავშვები დაიღუპნენ, სინამდვილეში კი... - დაკარგული ებრაელი ბავშვების საქმე - კვირის პალიტრა

ექიმები მშობლებს ეუბნებოდნენ, რომ ბავშვები დაიღუპნენ, სინამდვილეში კი... - დაკარგული ებრაელი ბავშვების საქმე

ისრაელის სახელმწიფოდ ჩამოყალიბების პირველივე წლებში ქვეყანაში ათასობით ბავშვი უგზო-უკვლოდ დაიკარგა. მათ მშობლებს, რომლებიც ძირითადად იემენიდან მიგრირებული ებრაელები იყვნენ, ეუბნებოდნენ, რომ ბავშვები დაიღუპნენ. თუმცა, მშობლები ეჭვობდნენ, რომ მათი შვილები უშვილო ოჯახებს გადასცეს.

ახლახანს აღმოჩენელი დოკუმენტები კი, იმ პერიოდში მომხდარ სასტიკ სიმართლეს ჰფენს ნათელს.

ლეია აჰარონი შვილის დაკარგვის ამბავის გახსენებისას, დღესაც ვერ იკავებს ცრემლებს.

"სულ ცოტა ხანი მყავდა ჩემს გვერდით, ძალიან ლამაზი იყო, ღია ფერის კანი ჰქონდა. თვალები რომ გაახილა, შემომხედა, თითქოს მეუბნებოდა - არ გამიშვაო“ - იხსენებს დაკარგულ გოგონას ლეია.

ლეიას თქმით, ისრაელის ერთ-ერთ სოფელში დღენაკლული ტყუპები გააჩინა. ახალშობილები დედას მოაშორეს და ექიმებმა თქვეს, რომ მათ განსაკუთრებული მკურნალობა სჭირდებოდათ, შემდეგ კი დედას უთხრეს, რომ ბავშვები თელ-ავივში სპეციალიზირებულ კლინიკაში გადაიყვანეს.

საავადმყოფოში ჩასულ მეუღღლეს მხოლოდ ერთი შვილი დახვდა. მეორე გოგონა კი, რომელსაც თურმე ჰანონი დაარქვეს, გარდაიცვალაო.

ლეია ვერ ისვენებდა, რადგან ექიმებმა არც გარდაცვლილი ბავშვის სხეული აჩვენეს და არც საფლავი. ბავშვის დაკარგვით დამწუხრებულ ლეიას და არც ლეიას ქმარს ეჭვი არ შეუტანია მომხდარ ამბავში.

reclama

ლეიამ კითხვების დასმა მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც მეორე ტყუპი გოგონა ჰაგითი, 18 წლის ასაკში სამხედრო სავალდებულო სამსახურში გამოიძახეს.

"ვერ ვისვენებდი, ღამით ვერ ვიძინებდი, გადავწყვიტე სიმართლე გამერკვია“.

ჯერ კიდევ შვილის დაკარგვამდე, ლეიამ სასტიკი დღეები გამოიარა. ის ოჯახთან ერთად იმ უამრავ ებრაელს შორის მოხვდა, რომელიც იემენიდან წამოვიდა. ლტოლვილი ოჯახი სხვა ქვეყანაში ჩასვლამდე გაქურდეს. საბოლოოდ ისინი ისრაელში ვერტმფრენით ჩამოიყვანეს.

"ეს ის მიწა იყო, რომელსაც მუდამ ვნატრობდი, ვერტმფრენიდან რომ ჩამოვდიოდით, ყველა მიწას კოცნიდა. უეცრად კი აფეთქებების ხმა გავიგეთ და დიდი კვამლი დავინახეთ“ - იხსენებს ისრაელში ჩასვლას ლეია.

ისინი ისრაელში არაბეთ-ისრაელის პირველი ომის დროს ჩავიდნენ. იმ პერიოდში იემენიდან ჩასულ უამრავ ებრაელს უწევდა სხვადასხვა ბანაკში ცხოვრება. სწორედ ლტოლვილების ამ ბანაკებიდან დაიწყო ბავშვების დაკარგვის ისტორიაც.

ამბობდნენ, ბავშვები მას შემდეგ ქრებოდნენ, რაც ბანაკებს მდიდარი ამერიკელი ებრაელები სტუმრობდნენო. ბანაკებში ხშირად აშორებდნენ ერთმანეთს მშობლებსა და ბავშვებს, მოზარდები ცდილობდნენ როგორმე თავი გადაერჩინათ. იყო შემთხვევები, როცა მშობლებს ეუბნებოდნენ, რომ საავადმყოფოში მკურნალობისას ბავშვი გარდაიცვალა, მაშინ როცა ბავშვებს სასიკვდილო დაავადებები არ სჭირდათ. საბოლოო ჯამში, სხვადასხვა მიზეზის გამო, ათასობით ბავშვი დაიკარგა.

მშობლები ამტკიცებდნენ, რომ მათი შვილები მოიტაცეს და მდიდარ ებრაელებს მიჰყიდეს, ძირითადად კი იმ ოჯახებს, რომლებიც ჰოლოკოსტს გადაურჩნენ და უშვილონი დარჩნენ.

უამრავი სირთულის მიუხედავად, ლეიამ დაიწყო იმ დოკუმენტების მოძიება, რომელიც დაკარგული შვილის ამბებს გააგებინებდა და აღმოჩენით გაკვირვებული დარჩა. მან ბავშვის გარდაცვალების კიდევ ერთი საბუთი აღმოაჩინა, რომელიც სამი წლის შემდეგ იყო გაცემული. თავდაპირველად ლეიას არ უთხრეს ბავშვი სად იყო დაკრძალული, სხვა ბავშვების მშობლებს, რომლებიც საფლავს ეძებდნენ, საფლავები ან ცარიელი ხვდებოდათ, ან დნმ-ის ანალიზის შემდეგ არკვევდნენ, რომ იქ სხვა ბავშვი იყო დაკრძალული.

1960-იანი წლებიდან ისრაელში გაიხსნა "იემენელი ბავშვების საქმე“, ბოლოს კი სახელმწიფო ამტკიცებდა, რომ ბავშვები გარდაიცვალნენ და მშობლების შეუტყობინებლად დაკრძალეს. მაგრამ დაკარგული ბავშების ოჯახები სახელმწიფოს მაღალჩინოსნებს ბავშების გატაცებასა და მათ გაყიდვაში ადანაშაულებდნენ.

მსგავსი ბრალდებების გამო, გასულ წელს ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნათანიაჰუს გადაწყვეტილებით, ამ საქმეების არქივში მოთავსებული გასაიდუმლოებული მასალების ნაწილი გაასაჯაროვეს. პრემიერის განცხადებით, "მსგავსი საქციელით დაიწყება ახალი ერა და ეს ხელს შეუწყობს წარსულში დაშვებული შეცდომების გამოსწორებას".

გასულ კვირას კი, ისრაელის პარლამენტში ქნესეთში სპეცკომიტეტმა შოკისმომგვრელი ამბები აღმოაჩნა, როგორც ირკვევა, იემენიდან ჩამოსულ ბავშვებზე სამედიცინო ცდებსაც ატარებდნენ. რამდენიმე ახალშობილი პროტეინის ინექციის გამოცდისას დაიღუპა, ზოგიერთი კი ექიმთა დაუდევრობის გამო.

"მინდა ვიცოდე სად წაიყვანეს ჩემი გოგონა, მინდა გავაგებინო, რომ არ მიმიტოვებია, მინდა ვუთხრა, რომ მიყვარს, მე ხომ მომატყუეს“ - ამბობს ლეია.

როგორც ცნობილია, ამ საქმის გამოძიებას ეხმარება სამედიცინო კომპანია MyHeritage, აქ იმ მშობლებმა, რომელთაც სჯერათ, რომ დაკარგული შვილი არ გარდაცვლილა, დნმ-ის ანალიზი დატოვეს, რათა ადვილად იპოვონ შვილები. იყო შემთხვევა, როცა უკვე ზრდასრულმა ბავშვებმა ისრაელის სხვადასხვა კუთხიდან დაკარგული მშობლები იპოვეს. ლეიაც იმედს არ კარგავს, რომ გოგონას იპოვის.

ამ პროგრამის საშუალებით, რამდენიმე თვის წინ, იეგუდა კანტორმა ბიოლოგიური მშობლები იპოვა. როგორც აღმოჩნდა, ის 20 წლის განმავლობაში ეძებდა მშობლებს:

როგორც ის ყვება, მის დედინაცვალს შვილი არ უჩნდებოდა და პატარა იეგუდა სამი წლის ასაკში საბავშო ბაღიდან წამოიყვანა. დედას ძალიან ეშინოდა ვაჟის დაკარგვა, ამიტომ მშობლების პატივისცემის გამო, იეგუდამ ბიოლოგიური მშობლების ძებნა მხოლოდ აღმზრდელი დედ-მამის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო. როგორც აღმოაჩინა, საბუთში გაშვილების საკითხზე ბიოლოგიურ დედას ხელი არ ჰქონდა მოწერილი, მხოლოდ სახელი ზაჰარა ეწერა.

ბავშვობის ფოტოებში ჩანს კიდეც, რომ იეგუდას აღმზრდელებთან შედარებით უფრო მუქი ფერის კანი ჰქონდა. იეგუდას საბუთებით კომპანია MyHeritage-მა შეძლო და იპოვა მამაკაცის ბიოლოგიური დედა, რომელიც 17 წლის წინ გარდაცვლილა. კომპანია დაუკავშირდა გარდაცვლილი ქალბატონის შვილებს, მათ დედის დნმ მიაწოდეს კომპანიას და დადგინდა, რომ იაგუდას და-ძმები ჰყავს.

"მიხარია რომ ეს დახურული წრე გაირღვა და უკვე ვიცი ჩემი წარმომავლობა, ჩემი ისტორია“ - თქვა იეგუდამ ოჯახთან შეხვედრის შემდეგ.(წყარო)

თარგმნა ეკა გადახაბაძემ