"ამხელა ამბავი მოკლე ქვედაბოლოს გამო ატყდა, რომელიც მათ არ მოეწონათ" - საუდის არაბეთში მოდელს ჩაცმულობის გამო დასჯიან? - კვირის პალიტრა

"ამხელა ამბავი მოკლე ქვედაბოლოს გამო ატყდა, რომელიც მათ არ მოეწონათ" - საუდის არაბეთში მოდელს ჩაცმულობის გამო დასჯიან?

საუდის არაბეთში სამართალდამცავმა ორგანოებმა სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოს საკითხზე გამოძიება დაიწყეს. ვიდეოში ჩანს, რომ გოგონა მოკლე ქვედა ბოლოთი ჩაცმული საუდის არაბეთის უძველეს სოფელში, უშაიკირში სეირნობს. როგორც ცნობილია, გოგონა მოდელია და ჰულუდი ჰქვია.

ვიდეომ სოციალურ ქსელში დიდი აჟოტაჟი გამოიწვია, საუდის არაბეთის ზოგიერთ მოქალაქეს მიაჩნია, რომ გოგონამ ისლამური კანონები დაარღვია და უნდა დაისაჯოს, საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა კი ის მამაცობისთვის შეაქო კიდეც.

საუდის არაბეთში ქალთა უფლებები მკაცრად იზღუდება. მათი ქცევა უნდა შეესაბამებოდეს პატრიარქალური შარიათის ნორმებს.

ქალები აქ ვალდებულნი არიან თავშალი და გრძელი სამოსი ატარონ, რომელიც სხეულს მთლიანად დაუფარავს. მათ ასევე ეკრძალებათ ავტომობილის მართვა და მამაკაცების თავშეყრის ადგილზე გამოჩენა, თუ ისინი მისი ოჯახის წევრები არ არიან.

ვიდეოზე კი, რომელიც სოციალურ ქსელ Snapchat-ში გამოქვეყნდა, ასახულია საუდის არაბეთის ერთ-ერთი უძველესი სოფელი, სადაც ჰულუდი ვიწრო ქუჩებში დასეირნობს, ეს ადგილი ნაჯის პროვინციაშია და ის საუდის არაბეთში ერთ-ერთ ყველაზე კონსერვატიულ პროვინციად ითვლება. სწორედ ამ პროვინციაში მე-18 საუკუნეში ვაჰაბიზმის დამაარსებელი მოჰამედ იბნ აბდ ალ-ვაჰაბი დაიბადა.

ვიდეო სწრაფად გავრცელდა "ტვიტერში“. მას უამრავი გამოხმაურება მოჰყვა

"რელიგიური პოლიციის მოქმედება აქ აუცილებელია“ - წერს ჟურნალისტი ჰალედ ზიდანი.

"ქვეყანაში არსებულ კანონებს პატივი უნდა ვცეთ. საფრანგეთში აკრძალულია სახის დამფარავი ნიქაბის ტარება და ვინც მას გაიკეთებს, აჯარიმებენ. საუდის არაბეთში კი თავსაბურავის და მოკრძალებული სამოსის ტარებას სამეფოც ეთანხმება“.

"ვიფიქრე ბომბი ააფეთქა ან ვინმე მოკლა, თურმე ამხელა ამბავი მოკლე ქვედაბოლოს გამო ატყდა, რომელიც მათ არ მოეწონათ“.

სოციალური ქსელის ზოგიერთი მომხმარებელი მოდელს ამართლებს და წერს, რომ საუდის არაბეთში სტუმრობისას არც დონალდ ტრამპის მეუღლეს მელანიას და შვილს ივანკას ეცვა სპეციალური სამოსი. ეს გოგო უცხოელი რომ ყოფილიყო, საზოგადოება დაიწყებდა საუბარს მის სილამაზეზე.

"უცხოელი რომ ყოფილიყო, დითირამებს მიუძღვნიდნენ და ისაუბრებდნენ მის სილამაზეზე, ლამაზ სხეულსა და ლამაზად გაღებილ თვალებზე, მაგრამ რახან არაბია, გოგონას დაკავებას ითხოვენ“.

როგორც ცნობილია, უშაიკირის ხელისუფლებამ პროვინციის გუბერნატორს მიმართა, შესაბამისი ღონე იხმაროს გოგონას დასასჯელად.(წყარო)

თარგმნა ეკა გადახაბაძემ