წარმომადგენელთა პალატის გადაწყვეტილება და კანონი კრემლის პოლიტიკის წინააღმდეგ, რომელშიც საქართველოზეც არის ლაპარაკი - კვირის პალიტრა

წარმომადგენელთა პალატის გადაწყვეტილება და კანონი კრემლის პოლიტიკის წინააღმდეგ, რომელშიც საქართველოზეც არის ლაპარაკი

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ რუსეთის, ირანისა და ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას მხარი დიდი უმრავლესობით დაუჭირა. აშშ-ის პრეზიდენტ, დონალდ ტრამპის წინააღმდეგობის მიუხედავად, ახალი სანქციების დაწესებას მხარი დაუჭირეს როგორც "დემოკრატებმა", ისე "რესპუბლიკელებმა" .

როგორც ცნობილია, ვრცელ დოკუმენტში 184 გვერდი რუსეთის საკითხებს ეძღვნება. აქ აღწერილია ყველა საკითხი, რომლებშიც ამერიკელი პოლიტიკოსები რუსეთის მხარეს არ ეთანხმებიან. საუბარია უკრაინის საკითხებზე, ასევე აშშ-ს ვებგვერდებზე კიბერშეტევაზე, საარჩევნო საკითხებში ჩარევაზე, ბაშარ ასადის დახმარებებზე. მათ შორის საუბარია საქართველოზე, კერძოდ, მოსკოვსა და თბილისს შორის 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე.

ახალ კანონში მთავარია ისიც, რომ აშშ-ს პრეზიდენტს ეკრძალება პარლამენტის თანხმობის გარეშე რუსეთს სანქციები შეუწყვიტოს.

"ადმინისტრაცია მხარს უჭერს რუსეთის მიმართ მკაცრ პოლიტიკას. განსაკუთრებით კი სანქციების მიღების საკითხში. კანონის თავდაპირველი ვარიანტი ცუდად იყო შედგენილი, მაგრამ ჩვენ სენატორთა პალატის წარმომადგენლებთან ერთად ვიმუშავეთ და მხარს ვუჭერთ სანქციების ამ ახალ კანონს" - განაცხადა ტელეეთერში თეთრი სახლის პრესსამსახურის წარმომადგენელმა.

"დემოკრატი" კონგრესმენის, ხოაკინ კასტროს თქმით, ახალი სანქციები რუსეთის, ირანისა და ჩრდილოეთ კორეის მთავრობებს დესტაბილიზაციის გამო პასუხს აგებინებს. მისივე განცხადებით, ამ გადაწყვეტილებით, შეერთებული შტატები რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს დაანახებს, რომ საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს, მიუხედავად იმისა ეს მოეწონება თუ არა დონალდ ტრამპს.

აშშ-ის 45-ე პრეზიდენტს კანონ-პროექტზე ჯერჯერობით ხელი არ მოუწერია. კანონ-პროექტის თანახმად, ამერიკის ლიდერს მოქმედი სანქციების ერთპიროვნულად გაუქმების უფლება აღარ ექნება. მას ასევე ეკისრება ვალდებულება, რომ მოსკოვს პირდაპირ მოუწოდოს - საქართველოდან, უკრაინიდან და მოლდოვადან ჯარის გაყვანისკენ. (წყარო)

აშშ-ში მომზადებული დოკუმენტი რუსეთში უკვე შეაფასეს, როგორც რუსეთთან ბრძოლად და კანონად ამ ქვეყნის წინააღმდეგ.