რუსეთი აშშ-ის დიპლომატიური წარმომადგენლობების პერსონალს 755 ადამიანით შეამცირებს - კვირის პალიტრა

რუსეთი აშშ-ის დიპლომატიური წარმომადგენლობების პერსონალს 755 ადამიანით შეამცირებს

აშშ-ის წინააღმდეგ კონტრსანქციების ფარგლებში რუსეთი აშშ-ს დიპლომატიური წარმომადგენლობების პერსონალს 755 ადამიანით შეამცირებს. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული ეხება რუსეთში მომუშავე როგორც დიპლომატებს, ასევე ტექნიკურ პერსონალს.

"ათასზე მეტი თანამშრომელი, დიპლომატები და ტექნიკური პერსონალი მუშაობს რუსეთში. 755 დიპლომატმა და ტექნიკურმა პერსონალმა უნდა შეწყვიტოს თავისი საქმიანობა რუსეთში“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

შესაბამისად, რუსეთში ამერიკული დიპლომატიური მისიის რაოდენობა გაუტოლდება ამერიკაში დიპლომატიური მისიის პერსონალის რაოდენობას და 455 ადამიანს შეადგენს.

ვლადიმერ პუტინის თქმით, მოსკოვის ეს გადაწყვეტილება იმით აიხსნება, რომ ამერიკულმა მხარემ "არაფრისგან გამოწვეული ნაბიჯი გადადგა რუსეთ-ამერიკის ურთიერთობის გასაუარესებლად“.

"ჩვენ საკმაოდ დიდ ხანს ველოდით, რომ შესაძლოა რამე უკეთესობისკენ შეიცვლებოდა, ჩვენ გვქონდა ამის იმედი. მაგრამ თუკი შეიცვლება, ეს მალე არ მოხდება. ჩავთვალე, რომ ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, რომ უპასუხოდ არაფერს დავტოვებთ“, - დასძინა რუსეთის პრეზიდენტმა.