უკრაინელი დეპუტატი: "ჩემი მანქანა ზედმიწევნით გაჩხრიკეს, საბარგულში სააკაშვილს ეძებდნენ" - კვირის პალიტრა

უკრაინელი დეპუტატი: "ჩემი მანქანა ზედმიწევნით გაჩხრიკეს, საბარგულში სააკაშვილს ეძებდნენ"

"წუხელ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე რეიდი ჩაატარა, რადგან ვარაუდობდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ტერიტორიაზე შემოვიდოდა", - აღნიშნულის შესახებ უკრაინის პარლამენტის დეპუტატი და "მიხეილ სააკაშვილის ახალი ძალების მოძრაობის" წევრი იური დერევიანკო "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს.

"პოლონეთთან საზღვარზე რეიდი ჩატარდა იმის ვარაუდით, რომ სააკაშვილი უკრაინაში ბრუნდება. პოლონეთთან საზღვარი ხელოვნურად იყო ბლოკირებული. ეს მოხდა პეტრო პოროშენკოს ადმინისტრაციის უშუალო დავალებით" "კრაკოვეცის" გამშვებ პუნქტზე" , - დაწერა იური დერევიანკომ.

დეპუტატის თქმით, მისი მანქანა ზედმიწევნით გაჩხრიკეს.

"საბარგულში სააკაშვილს ეძებდნენ. ეს კომედია იმის მიზეზი გახდა, რომ მრავალკილომეტრიანი საცობი შეიქმნა", - აღნიშნა მან.

იური დერევიანკო მიიჩნევს, რომ ეს არა მხოლოდ უკრაინის კანონმდებლობის, არამედ საერთაშორისო შეთანხმებების დარღვევაა.

"მიხეილ სააკაშვილი საჯაროდ განაცხადებს უკრაინაში დაბრუნების თარიღს", - დასძინა მან.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის განცხადებით კი, უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ უარი განაცხადა მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებაზე.

"წინასასამართლო გამოძიების მონაცემების დამუშავების შედეგად არ გამოვლინდა სისხლის სამართლის წარმოება, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი ფიგურირებს როგორც ეჭვმიტანილი ან ბრალდებული", - ნათქვამია უკრაინის გენერალური პროკურატურის პასუხში, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა პაველ ბოგომაზოვმა მიიღო.

გარდა ამისა, დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების საკითხზე უკრაინულ მხარეს მიმართა, თუმცა საექსტრადიციო შემოწმების შედეგად, უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ უარი განაცხადა მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებაზე.

უკრაინის პროკურატურის წერილი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა მიიღო, 2017 წლის 2 აგვისტოთია დათარიღებული.

იხილეთ ასევე: უპასპორტო სააკაშვილი პოლონეთში მაინც ჩავიდა - რის შესახებ ჩააყენა პოროშენკომ საქართველო საქმის კურსში?!

"ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით