ვაშინგტონმა ჩრდილოეთ კორეისთვის სამხედრო პასუხი მოამზადა - რას აპირებს აშშ? - კვირის პალიტრა

ვაშინგტონმა ჩრდილოეთ კორეისთვის სამხედრო პასუხი მოამზადა - რას აპირებს აშშ?

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ვაშინგტონმა მოამზადა სამხედრო პასუხი ჩრდილოეთ კორეისთვის იმ შემთხვევაში, თუ ფხენიანი "არაკეთილგონიერ ქმედებებს განახორციელებს". ამის შესახებ დონალდ ტრამპმა "ტვიტერის" პირად გვერდზე დაწერა.

"სამხედრო ზომები სრულად მომზადებულია იმ შემთხვევაში თუ ფხენიანი არაკეთილგონიერად მოიქცევა. იმედი მაქვს, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სხვა გზას აირჩევს", - დაწერა დონალდ ტრამპმა.

როგორც ცნობილია, ჩრდილოეთ კორეის სამხედროები წყნარ ოკეანეში, გუამის კუნძულზე მდებარე ამერიკულ სამხედრო ბაზაზე სარაკეტო დარტყმის შესაძლებლობას განიხილავენ. გუამის კუნძულზე სამხედრო ავიაბაზა "ანდერსენი" და სამხედრო-საზღვაო ბაზა "აპრა-ჰარბორი" არის განლაგებული.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩრდილოეთ კორეას "ცეცხლითა და სიბრაზით" დაემუქრა იმ შემთხვევაში, თუ ჩრდილოეთ კორეა რეალურ საფრთხეს შეუქმნის აშშ-ის ტერიტორიებს. დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი გუამის კუნძულის წინააღმდეგ მიმართულ ფხენიანის ქმედებებს პასუხს გასცემს.

იხილეთ ასევე: ჯეიმს მეტისი: "ჩრდილოეთ კორეა განადგურდება!"

"ინტერპრესნიუსი"