ტერაქტი ბარსელონაში - 4 დაღუპული და 30-მდე დაშავებული - კვირის პალიტრა

ტერაქტი ბარსელონაში - 4 დაღუპული და 30-მდე დაშავებული

ბარსელონაში მომხდარი თავდასხმის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა და 30-მდე დაშავდა, - ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

თავდაპირველად ბარსელონის ტურისტულ ცენტრში Las Ramblas-ზე სატვირთო ავტომობილი ხალხის მასაში შევარდა, შემდეგ კი ორი შეიარაღებული პირი ახლომდებარე რესტორანში შეიჭრა.

თვითმხილველების განცხადებით, ისმოდა სროლის ხმაც. ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცველთა და სასწრაფო დახმარების ჯგუფები. პოლიცია 30-მდე დაშავებულის შესახებ იტყობინება. ძალოვანი უწყება "თვითერის“ ვებგვერდზე წერს, რომ მომხდარი შესაძლოა ტერაქტს უკავშირდებოდეს. ესპანური მედიის ნაწილი კი 4 დაღუპულის შესახებ იუწყება.

ბარსელონაში მომხდარ ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, "ცხელი ხაზის“ ნომერს აქვეყნებს.

უწყების ინფორმაციით, ბარსელონაში საქართველოს საკონსულოში მოქმედებს ცხელი ხაზი: +34687661274. ასევე, 24 საათიანი ცხელი ხაზი მოქმედებს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში: (+995 32) 294 50 50.

"საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც იმყოფებიან ბარსელონაში მოვუწოდებთ მაქსიმალურ კოორდინაციაში იყვნენ საქართველოს საკონსულო დაწესებულებასთან და გაითვალისწინონ ადგილობრივი პოლიციის რეკომენდაცია“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"