ვინ არის პირი, ვინც ბარსელონას ცენტრში ხალხს შეეჯახა - ახალი დეტალები ესპანეთში მომხდარ ტერაქტზე - კვირის პალიტრა

ვინ არის პირი, ვინც ბარსელონას ცენტრში ხალხს შეეჯახა - ახალი დეტალები ესპანეთში მომხდარ ტერაქტზე

ბოლო მონაცემებით, ბარსელონაში მომხდარი თავდასხმის შედეგად, რომელიც ადგილობრივმა პოლიციამ უკვე შეაფასა ტერაქტად, 13 ადამიანი დაიღუპა და 32 დაშავდა. რამბლას მოედანზე ფეხით მოსიარულეთა გზის სავალ ნაწილზე ავტომობილი შევარდა.

პოლიციამ დაადგინა მანქანის მძღოლის ვინაობა, რომელიც ბარსელონას ცენტრში ხალხს შეეჯახა. აღნიშნულის შესახებ ესპანური გამოცემა El País სამოქალაქო გვარდიაზე დაყრდნობით იუწყება.

გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია ვინმე დრისე ოუკაბირეზე, რომელმაც ფურგონი სანტა-პერპეტუა-დე-მოგოდაში დაიქირავა.

კატალონიის პოლიციამ დაადასტურა, რომ ბარსელონაში მომხდარი თავდასხმა ტერაქტად განიხილება. "ტერორისტული აქტი ბარსელონაში დასტურდება", - ნათქვამია კატალონიის პოლიციის "ტვიტერის" გვერდზე.

ესპანური გამოცემა La Vanguardia-ს ცნობით, ბარსელონაში ტერაქტის განხორციელებაში ეჭვმიტანილი ერთ-ერთი პირი სამართალდამცველებთან სროლის დროს ლიკვიდირებულია.

კატალონიის პოლიცია კი "ტვიტერის" გვერდზე წერს, რომ ბარსელონას ცენტრში მომხდარი ტერაქტის საქმეზე ერთი პირია დაკავებული. დაკავების შესახებ სხვა დეტალები არ გავრცელებულა.

მომხდარს უკვე გამოეხმაურნენ მსოფლიოს პირველი პირები.

"აშშ გმობს ტერორისტულ აქტს ბარსელონაში და ყველაფერს გააკეთებს, რაც საჭიროა, დახმარების გასაწევად. ძლიერად იდექით. გვიყვარხართ" - დაწერა "ტვიტერის" პირად გვერდზე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.

ევროკავშირი მზად არის სრული მხარდაჭერა გაუწიოს ესპანეთს ტერორიზმთან ბრძოლაში, - ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა განაცხადა. მისი თქმით, ევროპა ბარსელონას გვერდით დგას.

ევროპარლამენტის თავმჯდომარემ ანტონიო ტაიანიმ ესპანეთს ასევე გამოუცხადა მხარდაჭერა. „გულწრფელ სოლიდარობას ვუცხადებ ყველას, ვისაც ეს თავდასხმა შეეხო. სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ ესპანეთის მთავრობას. ევროკავშირი ერთიანია ტერორიზმთან ბრძოლაში და მშვიდობის დაცვაში“, - დაწერა მან.

ეუთო-ს თავმჯდომარე და ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი სებასტიან კურცი აცხადებს, რომ ბარსელონაში მომხდარი ტერაქტი მკაცრ დაგმობას იმსახურებს. „უმკაცრესად ვგმობ ამ საზარელ ტერაქტს, რომელიც უდანაშაულო ხალხის წინააღმდეგ ჩაიდინეს. ტერორიზმი არ გაიმარჯვებს“, - აღნიშნა მან.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მხარდაჭერა გამოუცხადა ტერაქტის მსხვერპლთა ახლობლებს. „ვგმობ ამ საზარელ თავდასხმას ბარსელონაში. ჩემი აზრებით იმათთან ვარ, ვინც დაშავდა. ჩვენ ესპანეთთან ერთად ვართ ტერორიზმთან ბრძოლაში“, - დაწერა იენს სტოლტენბერგმა.

იხილეთ ასევე: "უცებ ატყდა ჩოჩქოლი..." - რას ჰყვება ქართველი ფეხბურთელის მეუღლე, რომელიც ბარსელონას ტერაქტს შეესწრო

"ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით