როგორ დავიცვათ თავი ტერორისტთა "მკვლელი მანქანებისგან?" - კვირის პალიტრა

როგორ დავიცვათ თავი ტერორისტთა "მკვლელი მანქანებისგან?"

ტერაქტებში სატრანსპორტო საშუალება პირველად 2016 წლის 14 ივლისს ნიცაში გამოიყენეს.

იმ დღეს ინგლისის სანაპიროზე თავი მოეყარა ათასობით ადამიანს, რომლებიც ბასტილიის აღების დღეს ზეიმობდნენ... მოულოდნელად, 19-ტონიანი სატვირთო მანქანა ხალხში შევარდა და ადამიანების ჭლეტა დაიწყო. ნიცის ტერაქტის დროს დაიღუპა 85 კაცი და დაშავდა 308. მას შემდეგ ავტომობილმა ე.წ. ევროპულ ტერაქტებში შაჰიდის ქამარი ჩაანაცვლა.

ტერაქტი ნიცაში

"მკვლელი მანქანებით" თავდასხმები მოხდა გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში, შვედეთში...

2017 წლის 17 აგვისტოს კი ტერორისტების სამიზნე გახდა ესპანეთი, ქალქი ბარსელონა, სადაც ტურისტებით სავსე მოედანზე მიკროავტობუსი შევარდა და 13 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, დაშვებულთა რიცხვი კი ასზე მეტია.

თუ გვსურს, რომ ვიცხოვროთ თავისუფალ და გახსნილ საზოგადოებაში, უნდა ვიცოდეთ, რომ ვერანაირი თავდაცვის ზომები ვერ მოგვცემს ჩვენი უსაფრთხოების სრულ გარანტიებს. მიუხედავად ამისა, მანქანის გამტაცებელ ტერორისტთაგან თავდასაცავად ევროპაში გარკვეულ მეთოდებს უკვე ამოუშავებენ.

ქალაქი - ციხესიმაგრე?

ამერიკის შეერთებულ შტატებში, ისრაელსა და ბრიტანეთში მრავალი ასეთი მეთოდი შემუშავდა, ქალაქის ქუჩებში შეიქმნა შეუმჩნეველი ბარიერები. ყველა, ვინც ამ ქვეყნების დედაქალაქებს ესტუმრება, ნახავს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი შენობები კარგადაა დაცული. მაგალითად, ლონდონში, პარლამენტის შენობა გარედან შავი ბარიერითაა გარშემორტყმული და ამ ბარიერს შეუძლია მთელი სიჩქარით მოძრავი სატვირთო მანქანის შეჩერება.

პარლამენტთან ახლოს უაითჰოლის უბანია, სადაც პარლამენტის წევრების საცხოვრებლებია განთავსებული. გარეგნულად კი შეუმჩნეველია, მაგრამ შენობები საკმაოდაა დაცული. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ დასავლურ ქვეყნებში თავდაცვითი საშუალებებები ჯერჯერობით დიდიწილად სამთავრობო პირებს ემსახურება, ტერორისტული აქტები კი, უმეტეს შემთხვევებში, ძირითადად უბრალო მოსახლეობისკენაა მიმართული.

ტერორისტებს თუ არ აინტერესებთ ნაციონალური მნიშვნელობის პირებზე თავდასხმა და ისინი ე.წ. "მსუბუქ სამიზნეებს" შეუტევენ, ასეთ შემთხვევაში რა უნდა გაკეთდეს?

ბრიტანეთის გამოცდილება

ბრიტანეთის ხელისუფლებას ჰყავს ექსპერტების ჯგუფი, რომელიც შედგება პოლიციის ოფიცრების, ინჟინერების, არქიტექტორებისა და სხვა პროფესიონალებისაგან, რომლებიც რჩევებს აძლევენ ნებისმიერი საზოგადოებრივი ღონისძიების ორგანიზატორებს იმის შესახებ, თუ როგორ დაიცვან მოსახლეობა მანქანებით განხორციელებული ტერორისტული აქტის შემთხვევაში.

მათ შეიმუშავეს მეთოდები, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია 80 კმ/სთ სიჩქარით მოძრავი, 7-ტონიანი სატვირთოსაგან გამოწვეული ზიანის არიდება. ასეთი ყველაზე პოპულარული პროექტი განხორციელდა ლონდონის "არსენალის" სტადიონის შესასვლელში. თუ სატვირთო მანქანა ეცდება სტადიონზე შესვლას, მას უზარმაზარ მონუმენტად ჩამოსხმული წარწერა "არსენალ" შეაკავებს. ბრიტანეთში ამგვარად დაცული უკვე მრავალი სხვა სახალხო თავშეყრის შენობაა.

ბრიტანეთში ფიქრობენ, რომ საზოგადოების თავშეყრის ადგილები იმგვარი ბარიერებით უნდა შემოიფარგლოს, რასაც ესთეტიკური თუ სხვა დატვირთვაც ექნება...

ყველგან ბარიერები?

ბეტონის ბარიერების გარდა, ასევე გამოიყენება უფრო მარტივი კონსტრუქციის წინაღობებიც, მაგალითად, ხელოვნური მოსახვევები გზებზე, რათა მანქანების მოძრაობა შენელდეს და პოლიციას ადგილზე მისვლის საკმარისი დრო ჰქონდეს.

ასეთი ხერხები ძირითადად გამოიყენება პოლიტიკური ღონისძიებების, კონფერენციებისა და თავშეყრის დროს, თუმცა არ გამოიყენება უბრალო საზოგადოებრივი ღონისძიებების პირობებში.

ბრიტანეთში შემუშავებულია 81-გვერდიანი ინსტრუქციები და ღონისძიების ორგანიზატორები ვალდებულნი არიან მრავალ კითხვას გასცენ პასუხი: რამდენადაა შესაძლებელი ღონისძიების გამართვის ადგილზე მოხდეს ტერორისტული თავდასხმა, სთავაზობენ თუ არა ისინი საზოგადოებას თავდაცვის ზომებს და სხვა. ისინი ვალდებულნი არიან ასევე წინასწარ გამოსცადონ ის თავდაცვის ხერხები, რაც მათ გააჩნიათ ასეთი სიტუაციის შექმნის შემთხვევაში. (წყარო)

იხილეთ ასევე: ISIS-ის დაცემა, ანუ სად წავლენ გადარჩენილი ჯიჰადისტები - ახალი საფრთხე ევროპისთვის, ჩრდილოეთ აფრიკისა და კავკასიისთვის?!