"გვირჩევნია აქვე დაგვხოცოთ, წამებას მაინც გადავრჩებით" - მუსლიმთა სასაკლაო მიანმარში - კვირის პალიტრა

"გვირჩევნია აქვე დაგვხოცოთ, წამებას მაინც გადავრჩებით" - მუსლიმთა სასაკლაო მიანმარში

ბოლო დღეებია მსოფლიო საინფორმაციო საშუალებების ყურადღება მიანმარში, იგივე ბირმაში მიმდინარე ტრაგიკულმა მოვლენებმა მიიქცია, სადაც მუსლიმან როჰინჯებს განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდებიან.

ქვეყანაში რაკჰაიმის პროვინციის უძველესი მოსახლეობა ბუდიზმს აღიარებს, თუმცა მათ გვერდით მუსლიმანი როჰინჯები ცხოვრობენ.  სამწუხაროდ, მიანმარის ხელისუფლება როჰინჯებს არალეგალ მოსახლეობად მიიჩნევს და მათი დევნა წლებია მიმდინარეობს. სამხედრო დიქტატურის მომხრე მთავრობა, უარს აცხადებს მათთვის ქვეყნის მოქალაქეობის მინიჭებაზე.

რაკჰაიმში დაახლოებით 1 მილიონი მუსლიმანი ცხოვრობს. კონფლიქტი 2012 წელს დაიწყო, მაშინ, როცა მუსლიმანები და ადგილობრივი ბუდისტები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ამ დაპირისპირების შემდეგ 100 ათასზე მეტი მუსლიმი სახლ-კარის გარეშე დარჩა, დღეს კი ათი ათასობით როჰინჯა უკეთესი მომავლის მოლოდინში, ისევ დროებით თავშესაფარში ცხოვრობს.

ახალი კონფლიქტი

ახალი კონფლიქტი 2017 წლის 25 აგვისტოს დაიწყო, მაშინ, როცა ორგანიზაციის "არკან როჰინჯას ხსნის არმია" წევრები მიანმარის სამხედრო ბაზაზე შეიჭრნენ, ისინი თავს დაესხნენ 30 სამართალდამცავს, რის შედეგადაც 12 დაიღუპა. ამას გარდა, მებრძოლებს 14 მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობაში ადანაშაულებენ.

მიანმარის ხელისუფლება ამტიცებს, რომ ეს დაჯგუფება ტერორისტულია, კავშირი აქვთ სხვადასხვა ტერორისტულ ორგანიზაციასთან და მათგან იღებს დავალებებს. როჰინჯები ამ ბრალდებას უარყოფენ და აცხადებენ, რომ არმია მხოლოდ მუსლიმთა უფლებების დაცვას ცდილობს. მომხდარის შემდეგ, მიანმარის არმიამ ანტიტერორისტული ოპერაცია განახორციელა, რომლის დროსაც პროვინციაში მცხოვრები 400-მდე მებრძოლი დაიღუპა.

ხელისუფლების ვერსიით, ბოლო პერიოდში კონფლიქტი განაახლა ტრაგედიამ, რომლის დროსაც ბუდისტი გოგონა გააუპატიურეს და მოკლეს.

კონფლიქტის გაღვივების შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ როჰინჯების დასახლება გადაწვეს. უფლებადამცველმა ორგანიზაციამ Human Rights Watch-მა სატელიტური გამოსახულებები გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ როჰინჯებით დასახლებულ ერთ-ერთ სოფელში 700-ზე მეტი სახლია დამწვარი.

რაკჰაიმის პროვინციაში მკაცრად აკრძალულია ჟურნალისტების შესვლა, ამიტომ ზუსტი ინფორმაცია რამდენი მუსლიმი დაიღუპა, უცნობია.

ბანგლადეშის საზღვარი

დევნილი მუსლიმანების რიცხვი 25 აგვისტოს შემდეგ ყოველ დღე იზრდება.

გაერო-ს ინფორმაციით, ბოლო 10 დღის განმავლობაში 87 000 მუსლიმანმა დატოვა საკუთარი საცხოვრებელი.

როგორც ცნობილია, დევნილთა შორის უმეტესობა ბავშვები, ქალები და მოხუცებია. ზოგიერთი მათგანი შეტაკების შედეგად დაიჭრა. გაერო-ს მოთხოვნის მიუხედავად, მათ პრობლემები შეექმნათ ბანგლადეშის საზღვრის გადაკვეთისასაც.

გაერო-ს ინფორმაციით, ის მუსლიმანები, რომელთაც ვერ მოახერხეს გაქცევა, სასტიკ მდგომარეობაში არიან, მათ ძალადობისა და სტრესის ქვეშ უწევთ ცხოვრება. ბოლო პერიოდში გახშირდა აუნ სან სუ კის კრიტიკა, რომელიც ნობელის პრემიის ლაურეატია, ის მიანმარის საგარეო საქმეთა მინისტრია და ქვეყნის ფაქტობრივ მმართველად მიიჩნევა.

მინისტრმა, რომელსაც არანაირი კანონიერი უფლება არ აქვს მართოს ქვეყნის არმია და რომელიც 4 წლის განმავლობაში შინა პატიმრობაში იმყოფებოდა, განაცხადა, რომ ბუდისტი მოსახლეობა რაკჰაიმის პროვინციაში მუსლიმანებთან შედარებით საგრძნობლად შემცირდა და მას სურს მოაგვაროს პრობლემა ორ დაპირისპირებულ მხარეს შორის.

"ჩვენი საკვები მხოლოდ ბავშვებს თუ ეყოფა, თუმცა მაინც იმ მუსლიმანებზე ვდარდობთ, რომელთაც ვერ მოახერხეს სოფლების დატოვება და ისევ ფერმებში არიან", - ამბობს თავშესაფარში მყოფი ახალგაზრდა მუსლიმი ქალი ჟურნალისტთან.

"შეუძლებელია ხალხის ამ მასის შეჩერება, თუ კიდევ ასე გაგრძელდა ჩვენ დიდი პრობლემის წინაშე აღმოვჩნდებით", - ეს კი ბანგლადეშის სასაზღვრო დაცვის წარმომადგენელმა განაცხადა.(წყარო)

"ჩემი ძმა მოკლეს - პირდაპირ მკერდში ესროლეს. ჩვენს სახლთან სწრაფად დავწვი მისი სხეული და წამოვედი", - ყვება ერთ-ერთი გამოქცეულ ბი-ბი-სისთან.

"თუ შინ დავბრუნდებით, აუცილებლად სასტიკად გაგვისწორდებიან, გვირჩევნია აქვე დაგვხოცოთ, წამებას მაინც გადავრჩებით",  - ამბობს აცრემლებული გოგონა.

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიპ ერდოღანმა მიანმარის მთავრობა როჰინჯას მუსლიმების წინააღმდეგ გენოციდში დაადანაშაულა. მომხდარს დიდი საპროტესტო აქციით გამოეხმაურნენ ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოშიც, სადაც მიანმარელ მუსლიმებს თანადგომა ჩეჩნეთის პრეზიდენტმა რამზან კადიროვმაც გამოუცხადა და რუსეთის ხელისუფლებას მოსთხოვა მოახდინოს ზეწოლა კონფლიქტზე.

გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ცნობით, მიანმარში განვითარებული მოვლენების გამო, ქვეყანა 87 ათასმა მუსლიმანმა დატოვა, მათ თავი ბანგლადეშს შეაფარეს.

მოამზადა ეკა გადახაბაძემ