"როდესაც ავიყვანეთ, პატარა ბავშვივით ტირილი დაიწყო კაცმა, რომელმაც 11 წლის ბიჭუნა აწამა და მჟავით დაწვა" - კვირის პალიტრა

"როდესაც ავიყვანეთ, პატარა ბავშვივით ტირილი დაიწყო კაცმა, რომელმაც 11 წლის ბიჭუნა აწამა და მჟავით დაწვა"

რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი იტალიელი მაფიოზი როკო მორაბიტო, რომელიც სამართალდამცველებს 23 წლის განმავლობაში ემალებოდა, ურუგვაიში დააკავეს.

დანაშაულებრივი ჯგუფის "ნდრანგეტას" ბოსი 50 წლის მორაბიტო ურუგვაის დედაქალაქში ერთ-ერთ სასტუმროში აიყვანეს.

სამართალდამცავების ინფორმაციით, ძებნის პერიოდში მორაბიტო საკურორტო ქალაქ პუნტა-დელ-ესტეში ყალბი პასპორტების გამოყენებით ცხოვრობდა. ურუგვაის ხელისუფლება ირწმუნება, რომ მორაბიტო პუნტა-დელ-ესტეში 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ცხოვრობდა.

იტალიაში დაკავებულ მაფიოზს დანაშაულებრივი ჯგუფის ორგანიზებასა და ნარკოტიკების კონტრაბადაში ედება ბრალი. ის პასუხისმგებელი იყო სამხრეთ ამერიკიდან იტალიაში ნარკოტიკების ტრანსპორტირებაზე, ამის გამო მას "მილანის კოკაინის მეფე" შეარქვეს.

როკო მორაბიტო

პუნტა-დელ-ესტეში როკო მორაბიტოს სახლის ჩხრეკისას პოლიციამ 9მმ კალიბრის იარაღი, 13 მობილური ტელეფონი და პასპორტისთვის მორაბიტოს 150 სურათი ამოიღეს. პოლიციამ მაფიოზის ცოლიც დააკავა.

იტალიელ მაფიოზებს შორის, როკო მორაბიტო პირველი არ არის, ვინც პოლიციას წლების განმავლობაში ემალებოდა, პოლიციელები მათ ძებნაში დღე და ღამეს ასწორებენ.

მაფიოზების დაკავების საიდუმლოებებზე ბი-ბი-სის ერთ-ერთი პოლიციელი ესაუბრა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.

უკვე თაობებია მაფია სიცილიური ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. ამ პერიოდის განმავლობაში იტალიური პოლიცია ყველაფერს აკეთებს მაფიოზების დასაკავებლად, რაზეც ძირითადად ელიტური გაერთიანება "კატურანდა" მუშაობს, რომლის წევრებსაც მონადირეებსაც ეძახიან. ისინი არიან ადამიანები "სახელისა და სახის გარეშე". სპეცოპერაციების დროს მათ ნიღბები უკეთიათ, რათა ვერავინ იცნოს.

"საკუთარ თავებს ლომებს ვეძახით, რადგან ყველაზე მეტად მათ ვგავართ - თავისუფლები ვართ და ამ ჯუნგლებში ნებისმიერ მომენტში მზად ვართ თავდასხმისთვის", - ამბობს ბი-ბი-სისთან "კატურანდის" ერთ-ერთი თანამშრომელი.

"წარსულში დამნაშავეები გვემუქრებოდნენ - მაგალითად, სახლში გვიგზავნიდნენ გადაჭრილ თხის თავებს, ეს არც ისე სასიამოვნო იყო" - ამბობს რესპონდენტი.

90-იან წლებში მას თავისი ავტომობილის ნომრის ფოტო გაუგზავნეს, რომელიც წითელი ხაზებით იყო გადახაზული. ასეთი საფრთხის გამო, მისმა რამდენიმე თანამშრომელმა ჯგუფი დატოვა, თუმცა ეს დარჩა და ამბობს, რომ დროთა განმავლობაში მოკვლის მუქარები შემცირდა.

მისი თქმით, განსაკუთრებით რთულია დაკავების პროცესის შემდგომი წუთები. "შენ მათ მეტად ვეღარ ხედავ - ფსიქოლოგიურად ეს ძალიან რთულია. ისინი შენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილები იყვნენ, თვალყურს ადევნებდი 24 საათის განმავლობაში, მოგვიანებით ხვდები, რომ საქმე დამთავრდა".

პოლიციაში თავისი 20-წლიანი მუშაობის პერიოდში, "კატურანდის" თანამშრომელმა 300 მაფიოზის დაკავების ოპერაციაში მიიღო მონაწილეობა, მათ შორის, ჯოვანი ბრუსკას დაკავებაში, რომელმაც "კოლეგა" მაფიოზის 11 წლის შვილი გაიტაცა და აწამა, მიზეზი მაფიოზებს შორის შუღლი იყო. მოგვიანებით ბრუსკამ მსხვერპლი მოკლა და მისი სხეული მჟავით დაწვა ისე, რომ ბიჭუნას დაკრძალვა ახლობლებმა ვერ შეძლეს.

"დაკავების მომენტში, - ამბობს პოლიციელი, - თავში უამრავი აზრი გიტრიალებს, გინდა დამნაშავე ჰკითხო, - რატომ მოკალი? რატომ გაუკეთე ასეთი რამ სხვა ადამიანს? მაგრამ ლაპარაკის დროს ნამდვილად არ გაქვს და ამ კითხვებზე პასუხს ვერც იღებ.

როდესაც ბრუსკა ავიყვანეთ, ზედმეტსახელად, "ღორი", პატარა ბავშვივით ტირილი დაიწყო. მაგრამ პროვენცანო - ყველა ბოსის ბოსი ჩუმად იყო, თუმცა დაკავებისას ჩამჩურჩულა - "შენ არ იცი რას აკეთებ", მაგრამ ჩვენ ისინი დავაკავეთ და მთავარი ეს არის".

ბრუსკამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ერთ-ერთ დანაშაულში, რომელმაც რესპონდენტზე იმდენად იმოქმედა, რომ გადაწყვიტა პოლიციელი გამხდარიყო. 1992 წლის 23 მაისს მაფიამ პალერმოს აეროპორტში მიმავალი გზის ქვეშ ასაფეთქებელი მოწყობილობა დაამაგრა და ააფეთქა ჯოვანი ფალკონე - მაფიის წინააღმდეგ მებრძოლი მთავარი მოსამართლე. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ბრუსკამ პირადად დააჭირა ხელი დისტანციური მართვის აპარტს.

აფეთქებისას მოსამართლე ფალკონე, მისი მეუღლე და დაცვის სამი თანამშრომელი დაიღუპნენ

თავიდან ოჯახის წევრებმა იცოდნენ, რომ ის საპასპორტო დეპარტამენტში მუშაობდა, მაგრამ როდესაც კოლეგებთან ერთად ბრუსკა დააკავა, როგორც თავად ამბობს "მთელი ქალაქი ტელევიზორებთან ისხდა და ახალ ამბებს ვიდეოზე იწერდა".

"როდესაც ჩემმა ცოლმა, იმ დროს ჯერ კიდევ მეგობარმა გოგონამ დაინახა ნიღბიანი ხალხი, მიცნო და დამირეკა. სიმართლეს ვეღარ დავმალავდი, ვუთხარი, რომ ბებიასთვის არაფერი ეთქვა, წინააღმდეგ შემთხვევაში ამის შესახებ ყველა გაიგებდა. გამიმართლა, მან შეძლო საიდუმლოს შენახვა".

მაფიის ცნობილი ბოსი - მატეო მესინა დენარო

დღეს იტალიის პოლიციას ყველაზე მეტად მატეო მესინა დენაროს დაკავება სურს, მას მეტსახელად "ქურდს კომიქსებიდან" ეძახიან. ის სიცილიურ მაფიას ხელმძღვანელობს და 1993 წლიდან იმალება. პოლიციის ვარაუდით, ის საზღვარგარეთ ცხოვრობს, მათი ინფორმაციით, სამხრეთ ამერიკაში.

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 20 წელია სიცილიაში მაფიოზების გავლენა მკვეთრად შემცირდა, პოლიციისა და მოსახლეობისთვის მაინც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენენ.

"წინა წლებისგან განსხვავებით, მათ იციან, ახლა ხალხის ხოცვა არ შეუძლიათ, მთლიანი სისტემა ინტერესთა და კავშირთა კომპლექსი გახდა. ამაში ჩართულები არიან პოლიტიკოსები, ეკონომისტები, სიცილიურ საზოგადოების ყველა სფეროს წარმომადგენლები".

წყარო

მოამზადა თეა ბეჟიტაშვილმა