"თარხან ბათირაშვილის შემცვლელი, გულმუროდ ხალიმოვი მოკლეს" - მორიგი დარტყმა "ისლამურ სახელმწიფოზე" - კვირის პალიტრა

"თარხან ბათირაშვილის შემცვლელი, გულმუროდ ხალიმოვი მოკლეს" - მორიგი დარტყმა "ისლამურ სახელმწიფოზე"

"ისლამური სახელმწიფოს" ე.წ. სამხედრო მინისტრი გულმუროდ ხალიმოვი ლიკვიდირებულია. "კვირის პალიტრის" ანალიტიკოსის, ნინო ბურჭულაძის ინფორმაციით, ხალიმოვი რუსეთის ავიაციის დარტყმას ემსხვერპლა.

"როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, დეირ-ეზ-ზორთან უნდა გამართულიყო "ხალიფატის" სამხედრო მეთაურთა საგანგებო თათბირი ერთ-ერთ მიწისქვეშა ბუნკერში. სავარაუდოდ, ეს ცნობილი გახდა სირიის სამთავრობო ძალებისთვის და რუსეთის ავიაციამ წერტილოვანი დარტყმები განახორციელა აღნიშნულ ტერიტორიაზე. გულმუროდ ხალიმოვის გარდა დაღუპულია კიდევ 40-მდე მოჯახედი.. არაბულ წყაროებს თუ დავუჯერებთ, ხალიმოვი აბუ ბაქრ ალ ბაღდადის მემკვიდრედაც ითვლებოდა. მის გარდაცვალებაზე ადრეც გავრცელდა ინფორმაცია, ამბობდნენ რომ ის მოსულში გაზაფხულზე ავიაიერიშის დროს მოკლეს", - ამბობს ნინო ბურჭულაძე.

შეგახსენებთ, რომ ტაჯიკმა გულმუროდ ხალიმოვმა აღნიშნული პოსტი 2016 წლის 29 ივლისს თარხან ბათირაშვილის სიკვდილის შემდეგ დაიკავა. ხალიმოვი წლების განმავლობაში ტაჯიკეთში ებრძოდა უკანონო შეიარაღებულ ბანდფორმირებებს. 2003-დან 2012 წლამდე მან გაიარა რამდენიმე ეტაპიანი წვრთნა, როგორც აშშ-ში, ისე რუსეთში, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლისთვის. ამერიკაში მის სწავლებას ტაჯიკეთის ხელისუფლება აფინანსებდა. 2015 წლის სექტემბერში, აშშ-მ ხალიმოვი იმ 35 კაციან საშიშ ტერორისტთა სიაში შეიყვანა სადაც ასევე იყვნენ „ხალიფატის“ მეთაური აბუ ბაქრ ალ ბაღდადი, ომარ ალ შიშანი - თარხან ბათირაშვილი და მუსლიმ ალ შიშანი - მურად მარგოშვილი.

იხილეთ ასევე: ვინ არის საშიშ ტერორისტთა სიაში შეყვანილი გულმუროდ ხალიმოვი, რომელმაც თარხან ბათირაშვილი შეცვალა