"ვფიქრობ, რუსეთის კვალია" - კიევში ავტომანქანის აფეთქებას რუსლან პაპასკირი, იგივე თემურ მახაური ემსხვერპლა - კვირის პალიტრა

"ვფიქრობ, რუსეთის კვალია" - კიევში ავტომანქანის აფეთქებას რუსლან პაპასკირი, იგივე თემურ მახაური ემსხვერპლა

კიევში, ბასარაბსკის მოედანზე ქართული სანომრე ნიშნიანი ავტომანქანა აფეთქდა, რომელშიც 3 ადამიანი იმყოფებოდა. უკრაინული მედიის ცნობით, ერთ-ერთია ეროვნებით ჩეჩენი რუსლან პაპასკირი, იგივე თემურ მახაური, მეტსახელად ზოონი, რომელიც აფეთქებას ემსხვერპლა.

"112 უკრაინას" ინფორმაციით, უკრაინის შსს-ს კომუნიკაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის არტიომ შევჩენკოს განცხადებით, მახაურის გარდა ავტომანქანაში იმყოფებოდა ქალი, რომელიც მძიმედ დაშავდა და ბავშვი, რომელიც გადარჩა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მან თავდაპირველად დაადასტურა, რომ მანქანაში გარდაცვლილის მეუღლე იმყოფებოდა. თუმცა, მოგვიანებით აღნიშნა, რომ არ არის მზად დანამდვილებით თქვას, არის თუ არა ქალბატონი გარდაცვლილის მეუღლე და ამას გამოძიება დაადგენს.

"წინასწარი ინფორმაციით, ამოქმედდა ასაფეთქებლი მოწყობილობა, რომელიც ავტომობილში იყო დამონტაჟებული. გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქეა. მისი ვინაობა დადგენილია, მაგრამ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ვერ გავასაჯაროებ", - განაცხადა შსს-ს წარმომადგენელმა. თუმცა, ჟურნალისტების დაჟინებული თხოვნით, მან გარდაცვლილის ვინაობა დაასახელა.

"ეს პირი კრიმინალურ წრეებში ცნობილია და ჰქვია თემურ მახაური. მას ჰქონდა მჭიდრო კონტაქტები სხვადასხვა ჩეჩნურ წრეებთან. წელს ის უკრაინაშიც იყო დაპატიმრებული, მაგრამ საპროცესო გარიგების საფუძველზე გათავისუფლდა. მას ბრალად ედებოდა, თუ არ ვცდები, იარაღის უკანაონოდ შენახვა. მან სასამართლოში დანაშაული აღიარა და 5-წლიანი პატიმრობა შეეცვალა სამი წლით. მაშინ მისი თანდასწრებით ამოიღეს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, რომელშიც ეწერა, რომ შეიხ მანსურის ბატალიონის წევრი იყო", - განაცხადა შევჩენკომ.

პირი, რომელიც აფეთქების ადგილას უკრაინულ მედიასაშუალებას დაშავებულის ახლობლად გაეცნო, განაცხადა: "აქ არის დაშავებულის ბიძაშვილი, მანქანაში იმყოფებოდა თემურ მახაური. ისინი საქართველოს მოქალაქეები არიან. ის ჩეჩენი იყო. მანქანას ქართული ნომრები ჰქონდა“, - აღნიშნა მოსაუბრემ.

თემურის მეგობარმა, ლეონიდემ განაცხადა, რომ მისი აზრით მომხდარში რუსული კვალია. „ის იყო ჩეჩენი ან საქართველოს მოქალაქე - არ ვიცი. მანქანას ქართული ნომრები ჰქონდა. ის ჩვენიანი იყო. უკრაინისთვის იბრძოდა. ვფიქრობ, რუსეთის კვალია“, - განაცხადა მან.

თემურ მახაური რუსლან პაპასკირის და ჩეჩენი ალი დაბუევის სახელითაც არის ცნობილი.

იხილეთ ასევე: ვინ არის "ზოონი"?! - კილერი, რომლისთვისაც პატარკაციშვილის მკვლელობის დაკვეთას აპირებდნენ, უკრაინაში დააკავეს?!

"ინტერპრესნიუსი"