"ჩადენილია დანაშაული" - პოროშენკოს პირველი კომენტარი სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებაზე - კვირის პალიტრა

"ჩადენილია დანაშაული" - პოროშენკოს პირველი კომენტარი სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებაზე

"იმედი მაქვს, ეს ბატონი ასეთივე დაჟინებით შეეცდება საქართველოში გზის გაკაფვას, როგორც უკრაინაში შეეცადა"

უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებასთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს.

"ინციდენტი, რომელიც გუშინ "შეგინის" გამშვებ პუნქტზე მოხდა, ჩემი აზრით, არ ითხოვს არავითარ პოლიტიკურ კომენტარებს. ჩვენ ამ საკითხს სამართლებრივი კუთხით განვიხილავთ. 26 ივლისს მე გამოვეცი განკარგულება, რომლის თანახმად, სააკაშვილს მოქალაქეობა შევუჩერე ცენტრალური აღმასრულებელი ხელისუფლების, სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურის მიერ წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, სადაც ნათლად არის დაფიქსირებული ფალსიფიცირების ფაქტები და არასწორი ინფორმაციის მოწოდება მოქალაქეობის მიღების დროს. პრეზიდენტს არ შეუძლია სხვა გადაწყვეტილება მიიღოს, ვინაიდან ეს დანაშაულებრივი უმოქმედობა იყო. ნებისმიერ სამართლებრივ სახელმწიფოში პირს აქვს უფლება ადმინისტრაციულ სასამართლოში ნებისმიერი ნორმატიული აქტი გაასაჩივროს", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

პეტრო პოროშენკომ აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილს ამგვარი ქმედებებისთვის საკმარისი დრო ჰქონდა.

"მე, როგორც პრეზიდენტი სასამართლოს ნებისმიერ გადაწყვეტილებას შევასრულებ. არ მოგწონს უკრაინის სასამართლოს გადაწყვეტილება, არსებობს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო. ეს სამართლებრივი სიბრტყეა. თვენახევარზე მეტი გავიდა, არავის მიუმართავს სასამართლოსთვის. ამის ნაცვლად ჩადენილია დანაშაული, ვინაიდან საზღვრების ურღვევობის კონსტიტუციური პრინციპი დაირღვა. ეს სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოების საკითხია. ჩემთვის სულერთია ვინ არღვევს საზღვარს, აღმოსავლეთში "ბოევიკები" თუ დასავლეთში პოლიტიკანები. უნდა არსებობდეს მკაფიო იურიდიული პასუხისმგებლობა", - დასძინა მან.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი ამგვარი დაჟინებით შეეცდება საქართველოში შესვლას.

"იმედი მაქვს, რომ ეს ბატონი ასეთივე დაჟინებით შეეცდება საქართველოში გზის გაკაფვას, როგორც უკრაინაში შეეცადა", - დასძინა მან.

იხილეთ ასევე: "ტიმოშენკოს პრეზიდენტობა სურს, სააკაშვილი პრემიერ-მინისტრი იქნება" - სად იყო პოროშენკო საზღვარზე მიმდინარე მოვლენების დროს?

"ინტერპრესნიუსი"