"დანით ხელში ფანჯრიდან ვაკვირდებოდი, ქარიშხლის დროს როგორ დადიოდნენ ქუჩაში ცივი იარაღით შეიარაღებული კრიმინალები" - კვირის პალიტრა

"დანით ხელში ფანჯრიდან ვაკვირდებოდი, ქარიშხლის დროს როგორ დადიოდნენ ქუჩაში ცივი იარაღით შეიარაღებული კრიმინალები"

უკვე რამდენიმე დღეა ამერიკის შეერთებულ შტატებში სტიქია მძვინვარებს. საინფორმაციო სააგენტო "როიტერის" ცნობით, ამ დროისთვის ქარიშხალ "ირმას“ ფლორიდაში კიდევ 9 ადამიანი ემსხვერპლა. სტიქიამ ყველაზე მეტად ფლორიდა, კერძოდ, მაიამი დააზარალა. მოსახლეობა ელექტროენერგიისა და სასმელი წყლის გარეშეა დარჩენილი. ამ დროისთვის შტორმი ჯორჯიისკენ მიემართება.

ადგილობრივ საგანგებო სამსახურს ხალხის ევაკუაციაში კიდევ 20 შტატის მაშველთა ჯგუფები ეხმარებიან.

ცენტრალური ხელისუფლების ინფორმაციით, ქარიშხლის სისწრაფე 160 კმ/სთ-ა.

როგორც ცნობილია, ქარიშხალმა კარიბის ზღვის აუზში შემავალ ქვეყნებს დიდი ზარალი მოუტანა, დაღუპულია 28 ადამიანი. ფლორიდის მმართველი ორგანოების გადაწყვეტილებით, უკვე ევაკუირებულია 6,3 მილიონი  მცხოვრები, რადგან მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა.

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კი გამოვიდა წინადადებით , გამოიყოს რესურსები, რათა დაზარალებულ მოსახლეობას მისცენ დროებითი საცხოვრებელი და შემდეგ აუნაზღაურდეთ ის ზარალი, რაც მათ ქარიშხალმა მიაყენა.

"ალბათ გაგვიმართლა, რომ ქარიშხალმა დასავლეთისკენ გადაინაცვლა და ამით უფრო შემცირდა მოსახლეობის ზარალი, თუმცა ჩვენ დავაკვირდებით როგორ განვითარდება მოვლენები მომდევნო 6 საათის განმავლობაში“ - განაცხადა ტრამპმა.

ექსპერტები ამბობენ, რომ მიუხედავად ქარიშხლის შემცირებული სიძლიერისა, თუ ის ჩრდილოეთ ფლორიდასა და სამხრეთ ჯორჯიისკენ გადაინაცვლებს შესაძლოა ტროპიკულ შტორმად იქცეს.

ქარიშხლის შეფასებისას კი ამბობენ, რომ "ირმა“ ათწლეულების განმავლობაში წყნარი ოკეანის სანაპიროზე ყველაზე ძლიერი ტროპიკული ქარიშხალია.

მან დიდი ზიანი მიაყენა კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებს, რომლებიცაა კუბა, ანტიგუა და ბარბუდა, პუერტო-რიკო, აშშ-ის ვირჯინიის კუნძულები, ჰაიტი, დომინიკის რესპუბლიკა და სხვა.

აღსანიშნავია, რომ ფლორიდაში იმატა კრიმინალმა, მაშინ როცა ხელისუფლება ხალხთან ერთად სტიქიას ებრძვის, კრიმინალურმა დაჯგუფებებმა უამრავი მაღაზია გატეხეს, ბი-ბი-სიმ გაავრცელა ვიდეო, სადაც კარგად ჩანს, თუ როგორ გამოაქვს ხალხს სხვადასხვა ნივთი მაღაზიიდან, ისინი ფლორიდის პოლიციამ დააკავა.

"შენობის კედლები ირყეოდა, ჩამოინგრა სახურავები, ჩვენ სიცოცხლის გადასარჩენად ვიბრძოდით. წყალი სახლში რომ არ შემოსულიყო ავეჯი გამოვიყენეთ და ბარიკადები გავაკეთეთ, ელექტროენერგიის გათიშვის შემდეგ კი, კარებები ჩაიკეტა, რადგან ისინი ელექტოენერგიის საშუალებით იღებოდა. დანით ხელში ფანჯრიდან ვაკვირდებოდი, ქარიშხლის დროს როგორ დადიოდნენ ქუჩაში ცივი იარაღით შეიარაღებული კრიმინალები და სხვადასხვა სასტუმროს ნომერში იჭრებოდნენ“ - აღწერს ბი-ბი-სისთან ქარიშხლის გამო შექმნილ სიტუაციას ლიზ ჯეკსონი. (წყარო)

მოამზადა ეკა გადახაბაძემ