დაავალა ინტერნეტში გაცნობოდა, თუ როგორ კეთდებოდა ასაფეთქებელი ხელსაწყოები - როგორ წვრთნის "ისლამური სახელმწიფო" ტერორისტებს - კვირის პალიტრა

დაავალა ინტერნეტში გაცნობოდა, თუ როგორ კეთდებოდა ასაფეთქებელი ხელსაწყოები - როგორ წვრთნის "ისლამური სახელმწიფო" ტერორისტებს

უსაფრთხოების სამსახურები უკვე დიდი ხანია მუშაობენ ექსტრემისტული ორგანიზაციის "ისლამური სახელმწიფოს" დაშიფრული ქსელების აღმოჩენაზე. როგორც ჩანს, ტერორისტები მაინც ახერხებენ და ევროპელ თინეიჯერებს ტერაქტებში მონაწილეობისთვის ამზადებენ.

უამრავი მცდელობის შემდეგ, "ბი-ბი-სი"-ს ჟურნალისტებმა მოიპოვეს მტკიცებულებები იმის შესახებ, თუ როგორ "ავერბოვკებდა" 2016 წელს "ისლამური სახელმწიფო" ადამიანებს, რათა მონაწილეობა მიეღოთ 2017 წელს ლონდონში მომხდარ ტერორისტულ აქტებში.

სახიფათო და გასაიდუმლოებული სამუშაოს დროს, "ბი-ბი-სი"-ს ჟურნალისტებმა "ისლამური სახელმწიფოს" გადამბირებლებს თავი ბრიტანელ თინეიჯერებად წარუდგინეს.

ჟურნალისტები "ვერბოვშიკებთან" კავშირზე 2016 წელს გავიდნენ. როგორც აღმოჩნდა, სწორედ ამ პერიოდში ეძებდნენ ისინი ხალხს, რომლებიც მიიღებდნენ მონაწილეობას ტერაქტში, რომელიც შემდეგ მათ მართლაც მოაწყვეს ვესტმინსტერსა და ლონდონის ხიდზე.

რეპორტიორებმა მოპოვებული ინფორმაციები დიდი ბრიტანეთის უსაფრთხოების სამსახურს გადასცეს. როგორც ამბობენ, მოპოვებული ინფორმაციების საშუალებით, ბრიტანეთის უშიშროების სამსახურმა შეძლო და "ისლამური სახელმწიფოს" მთავარი "ვერბოვშიკების" ხაზზე გავიდა.

ჟურნალისტებმა, რომლებმაც თავი არარსებულ თინეიჯერებად გაასაღეს, დაარწმუნეს "ისლამური სახელმწიფოს" წევრები, რომ ისინიც ჯიჰადის იდეით იყვნენ შეპყრობილნი.

გასული წლის ივნისში რეპორტიორებმა შეამჩნიეს, რომ სოციალურ ქსელში ექსტრემისტული დაჯგუფების წევრები უკავშირდებოდნენ ბრიტანელ მუსლიმანებს და მათ არწმუნებდნენ ტერორისტული აქტი ტურისტულ ადგილას მოეწყოთ.

ჟურნალისტებს შემდეგ "ისლამური სახელმწიფოს" წევრი დაუკავშირდა, რომელმაც ისინი დაცულ, დაშიფრულ ჩეთში დაპატიჟა.

ერთ-ერთ ჟურნალისტს, რომელიც თავს 17 წლის ბრიტანელ თინეიჯერად ასაღებდა, ჰკითხეს, იცოდა თუ არა სად მდებარეობდა ვესტმინსტერი. შემდეგ მას შეატყობინეს, რომ ვესტმინსტერი შესაფერისი ადგილია ტერაქტის მოსაწყობად, რადგან იქ ბევრი ტურისტი იკრიბება.

"თუ ეს გამოგივა... დიდ ზიანს მიაყენებს ბრიტანელებს... უნდა შევაშინოთ ურჯულოები, ბევრი მსხვერპლია საჭირო. ამის ყველაზე კარგი საშუალებაა უბრალო ხალხის მოკვლა" - განმარტავდა ტერორისტი მწვრთნელი.

ამის შემდეგ, მან ჟურნალისტებს ინსტრუქციები გააცნო, სადაც საუბარი იყო როგორ უნდა გამოეყენებინათ ტრანსპორტი როგორც სასიკვდილო იარაღი, დაფარულ საიტზე რომელსაც "შავ ინტერნეტსაც" ეძახიან, საუბარი იყო, როგორ გამოეყენებინათ ცივი იარაღი თავდასხმისას და სხეულის რომელ ნაწილებში უნდა მიეყენებინათ ხალხისთვის სასიკვდილო ჭრილობები.

ბრიტანელი სამართალდამცავები მიიჩნევენ, რომ ვესტმინსტერისა და ლონდონის ხიდის თავდასხმები სწორედ დაშიფრულ ჩეთებში რეკრუტირებული ადამიანების ჩადენილია.

მსოფლიო შეძრა იმ შემთხვევამ, როცა 2017 წლის 22 მარტს 52 წლის ბრიტანელი ჰალიდ მასუდი ვესტმინსტერის ხიდზე ხალხით სავსე ადგილას მანქანით შეიჭრა, 4 ადამიანი მოკლა და 50-ზე მეტი დაჭრა. შემდეგ მანქანიდან გადმოხტა და პარლამენტის შენობასთან დანით პოლიციელი მოკლა.

ივნისში კი, როცა მანქანით სამი მამაკაცი ლონდონის ხიდზე შეიჭრა, 9 ადამიანი დაიღუპა და 48 ადამიანმა მძიმე ჭრილობა მიიღო. ამის შემდეგ ტერორისტები მანქანიდან გადმოვიდნენ და რამდენიმე ადამიანი ცივი იარაღით დაჭრეს.

ამ ტერაქტის შესახებ "ისლამური სახელმწიფოს" "მწვრთნელები" ჯერ კიდევ გასულ წელს ჟურნალისტებთან საუბრობდნენ.

"ახლა მთავარია თავდასხმის ადგილი განვსაზღვროთ, ლონდონის ხიდზე რას იტყვი?.. ფურგონი, ნაჯახი, ყველაფერმა შეიძლება იმუშაოს",- წერდა ტერორისტული ორგანიზაციის წევრი 17 წლის თინეიჯერს, რომელიც სინამდვილეში ჟურნალისტი იყო.

რამდენიმე თვის შემდეგ, ტერორისტული ორგანიზაციის წევრმა თინეიჯერს დაავალა, ინტერნეტში გაცნობოდა თუ როგორ კეთდებოდა ასაფეთქებელი ხელსაწყოები. ერთ-ერთ ვიდეოში კი საუბარი იყო, როგორ შეიძლებოდა გაეკეთებინა შაჰიდის ქამარი, რომელიც არ აფეთქდებოდა. როგორც შემდეგ გაირკვა, სწორედ მსგავსი ქამრები ეკეთათ იმ ტერორისტებს, რომლებმაც ლონდონის ხიდზე რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე შეიწირეს.

"ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ინტერნეტის საშუალებით დავეკონტაქტეთ ჯიჰადისტებს, რომლებიც პირდაპირ კავშირში იყვნენ ლონდონში მომხდარ ტერაქტთან" - განაცხადეს ექსპერტებმა.

"ტერორისტები, ორგანიზატორები და შემსრულებლები სრულიად დაცულ, დაშიფრულ საკომუნიკაციო სივრცეს იყენებდნენ", - განაცხადა მოგვიანებით დიდი ბრიტანეთის უსაფრთხოების მინისტრმა ბენ უოლესმა. მინისტრის განცხადებით, ორივე შემთხვევაში, ტერაქტის შემსრულებლები ხშირად ნახულობდნენ სოციალურ ქსელში გავრცელებულ სპეციალურ ვიდეოებს, საიდანაც ისინი იარაღის დამზადებასა და გამოყენებას სწავლობდნენ. როგორც სოციალური ქსელის "ტვიტერის" წარმომადგენლებმა განაცხადეს, უსაფრხთოების სამსახურთან ერთად მუშაობა ამ დროს მნიშვნელოვანია.

როგორც ცნობილია, ევროპაში გახშირებული ტერაქტების შემდეგ სოციალურ ქსელში ათასობით გვერდი დაიბლოკა, რადგან მათ "ისლამური სახელმწიფოს" სხვადასხვა დაფარულ ქსელს მიაკვლიეს. (წყარო)

თარგმნა ეკა გადახაბაძემ