სააკაშვილი დღეს კიევში ჩასვლას გეგმავს - რას წერს უკრაინული და რუსული მედია სამთავრობო შენობების დაცვის გაძლიერებაზე? - კვირის პალიტრა

სააკაშვილი დღეს კიევში ჩასვლას გეგმავს - რას წერს უკრაინული და რუსული მედია სამთავრობო შენობების დაცვის გაძლიერებაზე?

ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი დღეს კიევში ჩასვლას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას მისი პარტია "ახალი ძალები" "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ავრცელებს.

"დღეს, 12:00 საათზე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წინ მიხეილ სააკაშვილი და მისი ადვოკატები მოქალაქეობის ჩამორთვების შესახებ პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს ბრძანების გასაჩივრების დეტალებს გაასაჯაროებენ", - ნათქვამია პარტია "ახალი ძალების" განცხადებაში.

დღეს დილით უკრაინულმა პოლიციამ კიევში, გრუშევსკის ქუჩაზე მდებარე სამთავრობო შენობების და პარლამენტის შენობის დაცვა გააძლიერა. რუსული მედიის ინფორმაციით, ეს მიხეილ სააკაშვილის და მისი მომხრეების მოსალოდნელ მიტინგს უკავშირდება.

სააგენტო "ტასის" კორესპონდენტის ინფორმაციით, გრუშევსკის ქუჩაზე მოძრაობა შეზღუდულია, ასეულობით სამართალდამცველი ორ რიგად პარლამენტის შენობისკენ მიმავალ გზაზეა განლაგებული. მიმდებარე ქუჩებზე ავტობუსებით ეროვნული გვარდიის მებრძოლები ჩაჰყავთ.

განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს უკრაინული მედია. მათი ინფორმაციით, გრუშევსკის ქუჩის გადაკეტვის და კიევის ცენტრში დაცვის გაძლიერებული ზომების მიღების მიზეზი მედიკოსების მიტინგია, რომლებიც სამედიცინო რეფორმას აპროტესტებენ.

"ინტერპრესნიუსი"