"იმ შენობაში იმყოფებოდნენ, რომელიც დაინგრა" - მექსიკის მიწისძვრას საქართველოს მოქალაქეები ბეწვზე გადაურჩნენ - კვირის პალიტრა

"იმ შენობაში იმყოფებოდნენ, რომელიც დაინგრა" - მექსიკის მიწისძვრას საქართველოს მოქალაქეები ბეწვზე გადაურჩნენ

მექსიკაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან.

ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" მექსიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩოს მრჩეველმა ნიკოლოზ სახვაძემ განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, საქართველოს რამდენიმე მოქალაქე უბედურ შემთხვევას გადაურჩა, ვინაიდან იმ შენობებიდან გამოსვლა მოასწრო, რომლებიც მოგვიანებით ჩამოინგრა.

"საქართველოს ყველა მოქალაქესთან, რომელიც მექსიკაში იმყოფება, კონტაქტზე გავედით. მადლობა ღმერთს, ყველა კარგადაა, თუმცა რამდენიმე ბეწვზე გადაურჩა ტრაგედიას - ისინი იმ შენობებში იმყოფებოდნენ, რომლებიც დაინგრა, თუმცა გამოსვლა მოასწრეს. სამწუხაროდ, ამ ადგილებზე არის მსხვერპლი.

ასევე მუდმივ კონტაქტზე ვართ მექსიკის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და მათგანაც გვაქვს დადასტურებული პასუხი, რომ დაღუპულთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ ირიცხებიან", - განაცხადა საელჩოს მრჩეველმა.

ბოლო ინფორმაციით, მექსიკაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 151 ადამიანამდე გაიზარდა. მექსიკის ქალაქ პუებლა-დე-სარაგოსასთან გუშინ ძლიერი მიწისძვრა მოხდა, რომლის სიმძლავრემ 7,1 მაგნიტუდა შეადგინა. ეპიცენტრი ქალაქიდან 49 კილომეტრში დაფიქსირდა.