"საზარელი ხმა იყო, მეგონა ვერ გადავრჩებოდით" - 32 წელიწადი დამანგრეველი მიწისძვრიდან და კვლავ სტიქია - კვირის პალიტრა

"საზარელი ხმა იყო, მეგონა ვერ გადავრჩებოდით" - 32 წელიწადი დამანგრეველი მიწისძვრიდან და კვლავ სტიქია

ფოტოგალერეა

2017 წლის 19 სექტემბერს, მექსიკის ქალაქ პუებლა-დე-სარაგოსასთან 7,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი 60 კილომეტრის სიღრმეში, ქალაქიდან 49 კილომეტრში დაფიქსირდა. ძლიერი მიწისძვრის შედეგად ჩამოინგრა შენობები, მათ შორის სკოლები, სადაც 30-ზე მეტი სკოლის მოსწავლე დაიღუპა. ბოლო ინფორმაციით, მიწისძვრისას 240-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

როგორც ცნობილია, მიწისძვრა სწორედ მაშინ მოხდა, როცა მექსიკის უსაფრთხოების სამსახური სასწავლო წვრთნებს ატარებდა. წვრთნა მექსიკაში 1985 წელს მომხდარი უდიდესი მიწისძვრის 32 წლისთავს უკავშირდებოდა.

ქვეყნის პრეზიდენტმა ხალხს თხოვნით მიმართა, არ გაჩერდნენ ქუჩაში ჯგუფებად, რადგან მაშველებს მიეცეთ საშუალება ნანგრევებში ადვილად შეაღწიონ და გადაარჩინონ დაზარალებული მოსახლეობა.

ხუან პოლერი, მექსიკის მცხოვრები:

"მექსიკის მოსახლეობა უკვე შეეჩვია მიწისძრებს, თუმცა ეს ბიძგი, რომელიც 1985 წელს მომხდარი მიწისძვრის წლისთავს დაემთხვა, ერთ-ერთი ძლიერია ქვეყნის ისტორიაში.

ქუჩაში ათასობით ადამიანი გამორბოდა, შიშისგან კანკალებდნენ, ტიროდნენ და ცდილობდნენ ოჯახის წევრებს როგორმე დაკავშირებოდნენ. ნათელია ისიც, რომ დროთა განმავლობაში დაღუპულთა რიცხვი გაიზრდება, მხოლოდ დედაქალაქში 30-ზე მეტი შენობა ჩამოინგრა.

ირგვლივ ყველა ცდილობდა ნანგრევებიდან თავის დაღწევას, ადამიანები შიშველი ხელებით ეხმარებიან მაშველებს, ნანგრევებში ხალხია მოყოლილი".

ერთ-ერთი მოქალაქის განცხადებით, სამართალდამცავები მათ ტელეფონების გათიშვას სთხოვდნენ:

"ჩემი მეუღლე სადღაც აქ არის და ვერ ვუკავშირდები, ახლა კი ტელეფონების გათიშვას გვთხოვენ, როგორც ამბობენ, ბუნებრივი აირის გაჟონვა მოხდა და უნდა მოვერიდოთ ჩამონგრეულ ტერიტორიებს", - ამბობს კიდევ ერთი მექსიკელი პაბლო დილივერი.

ჯენიფერ სვოდლი კი მექსიკაში ბრიტანეთის საერთაშორისო სკოლის მასწავლებელია:

"როცა მიწისძვრა მოხდა, სკოლა უნდა დაგვეტოვებინა, სწორედ ამ დროს ჩემი საკლასო ოთახის ჭერი ჩამოინგრა, გაგვიმართლა და არავინ დაშავებულა, სასწაულებრივად გადავრჩით და დავტოვეთ შენობა. საზარელი, გამაყრუებელი ხმა იყო, მეგონა ვერ გადავრჩებოდით".

რა მოხდა 1985 წელს?

1985 წელს 19 სექტემბერს მექსიკაში რიხტერის შკალით 8,1 ბალიანი მიწისძვრა მოხდა, რის შედეგადაც 10 ათასი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 30 ათასამდე დაშავდა.

მიწისძვრამ ქვეყანას დიდი ზარალი მიაყენა. ამ პერიოდში 400-მდე შენობა ჩამოინგრა, ხოლო ასობით დაზიანდა. როგორც ამბობენ, მექსიკა მსოფლიოში სეისმურად ყველაზე აქტიურ ზონაშია განთავსებული.

იხილეთ ფოტოგალერეა

მოამზადა ეკა გადახაბაძემ