"მეც მგონია, რომ სტალინს ვგავარ" - ვენესუელას პრეზიდენტი, რომელის თავს - სტალინს, ტრამპს კი "ახალ ჰიტლერს" უწოდებს - კვირის პალიტრა

"მეც მგონია, რომ სტალინს ვგავარ" - ვენესუელას პრეზიდენტი, რომელის თავს - სტალინს, ტრამპს კი "ახალ ჰიტლერს" უწოდებს

"მსოფლიოში არსებობენ ადამიანები, რომლებიც კარიბის ზღვის რეგიონის სტალინს მიწოდებენ და მე მართლაც ვგავარ. შემომხედეთ პროფილში, სარკეში რომ ვიყურები, მეც მგონია, რომ სტალინს ვგავარ", - ეს ვენესუელას პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ რამდენიმე დღის წინ განაცხადა. მსგავსი ფრაზები მადუროსთვის პირველი არ არის, ვენესუელას პირველი პირი არაორდინალური განცხადებებით ნამდვილად გამოირჩევა.

ამ ცოტა ხნის წინ, მადურომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს "ახალი ჰიტლერი" უწოდა, საკუთარი თავი კი კიდევ ერთ დიქტატორს - სადამ ჰუსეინს შეადარა.

"მე სადამ ჰუსეინს ვგავარ... ცოცხალ სადამ ჰუსეინს", - განაცხადა სამხედრო ფორმაში გამოწყობილმა მადურომ ქვეყნის სახელმწიფო ტელევიზიის პირდაპირ ეთერში. მისი თქმით, ჰუსეინსაც ძალიან უყვარდა სამხედრო ტანსაცმელი.

ფოტოგალერეა

მან ქვეყნის პრეზიდენტის პოსტი 2013 წელს დაიკავა, მანამდე კი, უგო ჩავესის პრეზიდენტობისას, საგარეო საქმეთა მინისტრი იყო.

ნიკოლას მადურო 1962 წლის 23 ნოემბერს კარაკასში დაიბადა, მამის მხრიდან ბებია-ბაბუა ებრაელები ჰყავდა, რომლებიც ვენესუელაში კათოლიკეებად მოინათლნენ. მადუროს მეუღლე სილია ფლორესია, რომელიც ქმარზე 10 წლით უფროსია.

სილია ფლორესი და ნიკოლას მადურო "მეხუთე რესპუბლიკის მოძრაობის" წევრები იყვნენ, რომელმაც 1998 წელს ხელისუფლებაში მადუროს წინამორბედი უგო ჩავესი მოიყვანა. მას შემდეგ, რაც 2006 წელს მადურომ პარლამენტის სპიკერის პოსტი დატოვა, ეს თანამდებობა ფლორესმა დაიკავა. 2011 წლის შემდეგ სილია ქვეყნის გენერალური პროკურორი გახდა. პრეზიდენტს ჰყავს ერთი ვაჟი, ნიკოლას მადურო, რომელიც ასევე პოლიტიკოსია.

ნიკოლას მადურომ პოლიტიკური კარიერა ავტობუსის მძღოლობით დაიწყო, ის ასევე იყო მეტროს მუშათა პროფკავშირების არაოფიციალური წარმომადგენელი.

როგორც აქტივისტმა, მნიშვნელოვანი როლი შეასრულა უგო ჩავესის გათავისუფლებასა და მომდევნო წლებში მის საპრეზიდენტო კამპანიაში.

2012 წლის 8 დეკემბერს ვენესუელას მოქმედმა პრეზიდენტმა, უგო ჩავესმა განაცხადა, რომ თუ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდებოდა, პრეზიდენტის მოვალეობას არჩევნებამდე შეასრულებდა ნიკოლას მადურო. ჩავესმა იმედი გამოთქვა, რომ მოსახლეობა მხარს მადუროს კანდიდატურას დაუჭერდა.

2013 წლის 14 აპრილს ნიკოლას მადურო ვენესუელას პრეზიდენტად აირჩიეს.

როგორც აღმოჩნდა, ვენესუელას პრეზიდენტი ფეხბურთის მოყვარულიც ყოფილა, ის "ბარსელონას" გულშემატკივარია. "გაუმარჯოს კატალონიას, გაუმარჯოს მესის", - განაცხადა მადურომ ერთ-ერთ გამოსვლაში.

აღსანიშნავია, რომ უგო ჩავესის მოღვაწეობის შემდეგ, ვენესუელაში ერთ-ერთი მასშტაბური პოლიტიკურ-ეკონომიკური კრიზისი სუფევს. ნიკოლას მადუროს წარუმატებელმა სოციალურ-ეკონომიკურმა პოლიტიკამ და კომპრომისზე წასვლაზე უარმა, გამოიწვია ის ფაქტი, რომ 2016 წლის თებერვალში სტუდენტების მცირემასშტაბიანი დემონსტრაცია ქვეყნის დიდ აქციაში გადაიზარდა.

როგორც ჩანს, მადურო არც ინიციატივების ნაკლებობას უჩივის. ქვეყნის პირველმა პირმა ეკონომიკური კრიზისის შედეგად გამოწვეული საკვების ნაკლებობის გამო, "კურდღლების გეგმა" შეიმუშავა. მან მოსახლეობას მოუწოდა კურდღლების მომრავლება და საკვებად გამოყენება.

2016 წლის ნოემბერში, აშშს პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევიდან 6 დღეში მადურომ ტრამპს "ქურდი, ბანდიტი და ფსიქიკურად დაავადებული" უწოდა, რამდენიმე თვეში კი რიტორიკა შეცვალა. მადუროს თქმით, გავლენიანმა საერთაშორისო მედიამ დონალდ ტრამპის შესახებ ბევრი ჭორი გაავრცელა. "ჩვენ გაოცებულები ვართ იმით, რომ ამერიკისა და დასავლეთის ქვეყნებში ტრამპის მიმართ სიძულვილის კამპანია მიმდინარეობს, თუმცა არ ვიჩქარებთ შეფასებებში, ის ობამაზე უარესი არ იქნება, მხოლოდ ამის თქმა შემიძლია".

რაც შეეხება მადუროსა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ურთიერთობას, ორი ქვეყნის პრეზიდენტს ერთმანეთთან ხშირად აქვთ სატელეფონო საუბრები. ერთ-ერთი ბოლო საუბრისას, როდესაც საქმე ეხებოდა 2017 წლის ზაფხულში ვენესუელაში გამართულ ქუჩის აქციებს, სადაც პოლიციამ აქციის მონაწილე მოკლა, პუტინი აღფრთოვანებული იყო ნიკოლას მადუროს "გაბედულებით", რომლითაც მან ქვეყანაში "სტაბილურობა და მშვიდობა" შეინარჩუნა.

იხილეთ ფოტოგალერეა

მოამზადა თეა ბეჟიტაშვილმა