"კავკასიელი ფადიშაჰი" - რამზან კადიროვის სეპარატისტული ვნებები თუ უბრალოდ პოპულიზმი?! - კვირის პალიტრა

"კავკასიელი ფადიშაჰი" - რამზან კადიროვის სეპარატისტული ვნებები თუ უბრალოდ პოპულიზმი?!

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გამოწვეულმა ეკონომიკურმა დეპრესიამ დიდი დარტყმა მიაყენა რუსეთს. 90-იანებში არსებულმა ქაოსმა, მასობრივმა მიგრაციამ დასავლეთის ქვეყნებში, ეკონომიკის სრულმა კოლაფსმა და სხვა მნიშვნელოვანმა ფაქტორებმა განაპირობა ეთნიკურად რუსების რაოდენობის შემცირება.

ფოტოგალერეა

სამაგიეროდ იზრდებოდა არარუსული მოსახლეობის რიცხვი, როგორც ადგილობრივი ეთნიკური ჯგუფების გამრავლების, ისე ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან ეკონომიკურ სიდუხჭირეს გამოქცეული მიგრანტების ხარჯზე. დემოგრაფიული სურათის ცვლილება აისახა შოვინისტური იდეების გაძლიერებზე, როგორც ზოგადად რუსულ სოციუმში, ისე რუსულ პოლიტიკაში.

მაგალითისთვის გაგახსენებთ 2000-იანი წლების დასაწყისში მოსკოვის მერის არჩევნებში პარტია საარჩევნო ვიდეო კლიპს, სადაც ერთ-ერთი კანდიდატი მოსკოველებს ქალაქის ნაგვისგან გაწმენდას პირდებოდა. ნაგავში ის ეთნიკურად არარუს მოსახლეობას გულისხმობდა.

მიუხედავად რუსული ეკლესიის უდიდესი გავლენისა, ხდება ისე, რომ ეთნიკური რუსების შემცირების ხარჯზე მცირდება ქრისტიანი მოსახლეობის რიცხვი ფედერაციაში. სამაგიეროდ იზრდება მუსლიმი მოქალაქეების რაოდენობა. ბოლო წლებში არსებული დემოგრაფიული ტენდენციები ცხადყოფს, რომ კრემლი ვერ პასუხობს დემოგრაფიულ გამოწვევებს. ამიტომ მართველი პოლიტიკური ელიტა იძულებული გახდა გარკვეულ დათმობებზე წასულიყო და შეეცვალა პანსლავიანური შოვინისტური რიტორიკა. ამის მაგალითია 2015 წელს მოსკოვის ცენტრში დიდი მეჩეთის გახსნა, რასაც თვით პუტინიც კი დაესწრო, მოწვეულ მუსლიმური ქვეყნების ლიდერებთან ერთად. რუსეთი ცდილობს საკუთარი მუსლიმი მოსახლეობა გამოიყენოს ერთის მხრივ რუსეთის პოპულარიზაციისთვის ისლამურ სამყაროში, ხოლო მეორეს მხრივ ცდილობს მანიპულაციის იარაღად აქციოს ისინი დასავლეთის წინააღმდეგ.

რუსეთში არსებულ ახალ რეალობაში პუტინი არაა ერთადერთი, ვისაც ექსკლუზიური გავლენა აქვს ფედერაციაში მცხოვრებ მუსლიმებზე. მის გარდა არის ასევე რამზან კადიროვიც, რომელიც უკვე წლების განმავლობაში პუტინის ერთგული დასაყრდენია მთლიანად ჩრდილოეთ კავკასიაში. მიუხედავად იმისა, რომ კადიროვი ყოველთვის ცდილობს ღიად გამოხატოს ლოიალობა პუტინისადმი, ბოლო წლებში მისი ქმედებები და განცხადებები ბევრ დამკვირვებელს აფიქრებინებს, რომ მას ძალზედ შორს მიმავალი გეგმები აქვს.

ის ხშირად ცდილობს საკუთარი თავის წარმოჩენას, როგორც მუსლიმების და ისლამის დამცველად. ცდილობს შექმნას წარმოდგენა, რომ ის სრულიად რუსეთის მუსლიმთა ლიდერია. ამ თემაზე აქტიურად მიდის მსჯელობები რუსეთსა და მის ფარგლებს გარეთაც. ერთ-ერთი პირველი, ვინც ამის შესახებ ისაუბრა MGIMO-ს პროფესორი ვალერი სოლოვეი იყო - „კადიროვს სურს წარმოჩინდეს, არც მეტი არც ნაკლები, როგორც რუსი მუსლიმების პოლიტიკურ ლიდერად“.

დღევანდელ რუსეთში არსებული მმართველობის ფორმა, ფაქტობრივად, კლასიკურ აღმოსავლურ დესპოტიას წარმოადგენს, სადაც არსებოს მხოლოდ ერთი უზენაესი ლიდერი პუტინის სახით, ხოლო სხვა ყველა დანარჩენი მისი ქვეშევრდომია. მუდამ ახალგაზრდა, სპორტული, მასკულინური და მაჩოს იმიჯის მქონე ლიდერს თითქოს ვერავინ უწევდა საზოგადოებაში კონკურენციას, ვიდრე არ გამოჩნდა კადიროვი, რომელიც ასევე იგივე ხერხებით და იმიჯით ცდილობს საზოგადოების მოხიბვლას. ბოლო პერიოდში ის ხშირად ხვდება მაღალი საზოგადოების ყურადღების ცენტრში და მის სიმამაცეს საჯაროდ ხოტბასაც ასხავენ ცნობილი ადამიანები. ასე მოხდა, როდესაც მან უკრაინიდან გამოიხსნა რუსი ჟურნალისტები, ასევე კადიროვის ჩარევით მოხდა რუსი მეზღვაურების ლიბიიდან გამოყვანა.

ბოლო პერიოდში იყო შემთხვევები, როდესაც უშუალოდ რამზანის ჩარევით ხალიფატის კონტროლირებადი ტერიტორიებიდან მოხდა ბავშვების დაბრუნება დედისთვის, რამაც დიდი ხმაური გამოიწვია სრულიად რუსეთის ფედერაციაში. მას დასახმარებლად მიმართავენ სხვებიც განურჩევლად ეთნიკური წარმომავლობისა, ვისი ახლობელიც ხალიფატის ტერიტორიაზე იმყოფება. მთხოვნელთა რაოდენობა იზრდება დღითი დღე.

მიუხედავად ძალაუფლების მკაცრი ცენტრალიზაციისა პუტინის ხელში, კადიროვი ახერხებს დარჩეს ფაქტობრივ დამოუკიდებელ ლიდერად, რაც კიდევ უფრო მომხიბვლელს ხდის მის ფიგურას. მას გააჩნია საკუთარი კარგად გაწვრთნილი არმია, საპოლიციო სისტემა, რესპუბლიკას მართავს შიდა კანონებით (შარიათზე დაყრდნობით). ეს და სხვა მნიშვნელოვანი ინსტიტუტები მას რაღაც დოზით დისტანცირებას უკეთებს ოფიციალური მოსკოვისაგან. კადიროვის ცენტრისგან დამოუკიდებლობის გასაზომად შეგვიძლია მაგალითად მოვიყვანოთ ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული ნემცოვის მკვლელობაში ეჭვმიტანილი რუსლან გერემეევის საქმე, რომელიც უშუალოდ ჩეჩნეთის ლიდერის ჩარევით არ გადასცეს ფედერალურ პოლიციას. ასევე 2015 წელს მას შემდეგ, რაც ფედერალურმა პოლიციამ სტავროპოლის პოლიციასთან ერთად ჩეჩნეთის ტერიტორიაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად შეიარაღებული ჩეჩენი მოკლა, რამზანმა განაცხადა, რომ ნებისმიერი შეიარაღებული ადამიანი, რომელიც ჩეჩნეთის ტერიტორიაზე იმოქმედებდა, განადგურდებოდა. მართალია შემდეგში შეარბილა რიტორიკა, თუმცა ეს მაინც ხმამაღალი განცხადება იყო, რომელიც ირიბად სეპარატიზმის ნიშნებს ატარებს.

ბოლო ორი წლის განმავლობაში კადიროვმა მოაწყო სამი არნახულად დიდი აქცია, რომელსაც მნიშვნელოვანი პოლიტიკური დატვირთვა ჰქონდა. პირველად ეს იყო 2015 წელს შარლი ებდოს წინააღმდეგ, სადაც გროზნოს ცენტრში მის მომხრეებთან ერთად გააკრიტიკა ისლამის მგმობელი ჟურნალი. შემდეგ იყო 2016 წლის იანვარში დიდი საპროტესტო გამოსვლა, რომელშიც რამდენიმე ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

ეს დემონსტრაცია მიზნად ისახავდა პუტინისადმი ლოიალობის გამოხატვას და აკრიტიკებდა რუსეთში არსებულ ლიბერალურ ძალებს, რომლებიც მათი რწმენით დასავლეთის ემისრები არიან. და ბოლოს, ამა წლის სექტემბრის დასაწყისში, პირველად თითქმის ერთდროულად ორ ქალაქში, მოსკოვსა და გროზნოში, გაიმართა დიდი აქციები მიანმარში მიმდინარე მუსლიმების გენოციდის საწინააღმდეგოდ. გროზნოს ცენტრში სხვადასხვა ინფორმაციით შეიკრიბა მილიონამდე ადამიანი, მაშინ, როცა თვითონ ჩეჩნეთის მოსახლეობა ბევრად არ აღემატება მილიონს. ხალხმრავალი იყო მოსკოვის აქციაც. შესაძლოა ეს ციფრიც წინა ორი მასშტაბური აქციის მსგავსად ხელოვნურად გაბერილია, თუმცა სამივე შემთხვევაში ხალხის რაოდენობა მართლაც შთამბეჭდავი იყო.

აქცია გროზნოში - მონაწილეებმა მიანმარში მუსლიმანი როჰინჯების წინააღმდეგ ქმედებები გააპროტესტეს

ამ აქციებიდან, განსაკუთრებით კი ბოლო აქციიდან რამდენიმე საინტერესო და მნიშვნელოვანი დასკვნა შეგვიძლია გამოვიტანოთ:

• პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ის, რომ კადიროვმა აქციებზე ხალხის მობილიზებით მოახდინა დემონსტრირება იმის, რომ მას დიდი გავლენა აქვს რუსეთის მუსლიმებზე და მის უკან ხალხის დიდი მასა დგას;

• მნიშვნელოვანი იყო ისიც, რომ მოსკოვში თითქმის არავის ეძლევა მანიფესტაციის მოწყობის უფლება, მითუმეტეს ხმაურიანის. ცნობისათვის, აქციის მიმდინარეობისას მიანმარის სალეჩოს პერსონალის ევაკუცია გახდა საჭირო. თუმცა როგორც აღმოჩნდა, რაც აკრძალულია სხვებისთვის, მათ შორის რუსებისთვის, დაშვებულია რამზან კადიროვისთვის და მისი მომხრეებისთვის;

საინტერესო იყო ასევე იმ დღეებში კადიროვის მიერ გამოქვეყნებული ვიდეო ინსტაგრამზე, სადაც ის ამბობს, რომ მაშინაც კი, თუ რუსეთი მხარს დაუჭერს მიანმარელ „შაითნებს“, ის რუსეთის პოზიციის საწინააღმდეგოდ წავა, რადგანაც მას გააჩნია საკუთარი პოზიცია და ხედვა. გარდა ამისა, ამავე ვიდეოში ის ამბობს, რომ მას საკუთარი პოლიტიკა აქვს. ეს ფრაზა განსაკუთრებით ხმაურიანი გამოდგა, რის გამოც რამზანმა დიდი კრიტიკა დაიმსახურა რუსეთში.

ეს განცხადებები შეიძლება ორგვარად გავიგოთ:

• პირველი, ეს იყო ჩვეულებრივი პოპულისტური განცხადებები გამიზნული რუსეთის მუსლიმ მოსახლეობის გულების მოსაგებად;

• მეორე, ასევე შეიძლება დავინახოთ გარკვეული სეპარატიზმის ნიშნებიც, მიუხედავად იმისა, რომ რამზანი ხშირად ამბობს, რომ ის პუტინის გამო მოკვდება. თუმცა რამდენად გულწრფელია ჩეჩნეთის ლიდერის ეს განცხადებები, ეგ უკვე სხვა საკითხია.

ლოგიკურია დავსვათ კითხვა, თუ რის გამო იტანს კრემლი რამზან კადიროვს? მთავარი და ძირითადი მოტივი არის ის, რომ რუსეთს სჭირდება სიმშვიდე კავკასიაში, განსაკუთრებით ახლა, როდესაც ერთდროულად უწევს იბრძოლოს უკრაინის და სირიის ფრონტზე. 90-ანების განმავლობაში სწორედ ჩეჩნეთი იყო ის კავკასიური რესპუბლიკა, რომელიც ორჯერ შეებრძოლა რუსებს. ჩეჩნეთი იყო ერთგვარი გრავიტაციის ცენტრი ამ რეგიონში და კონფლიქტების მთავარი კერა წლების განმავლობაში. დღეს კი ჩეჩნეთი ფედერაციის ერთ-ერთი ყველაზე მშვიდობიან მხარეა, რაც ცალსახად კადიროვის ტირანული რეჟიმის დამსახურებაა.

მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რისთვისაც კადიროვი სჭირდებათ რუსებს, ეს მისი კარგად გაწვრთნილი კადიროველები არიან. ისინი იბრძვიან ყველგან და ყოველთვის, სადაც რუსეთის ინტერესები დგას. რომ არაფერი ვთქვათ უკრაინაზე, ჩეჩნები არიან რუსული არმიის მთავარი ფლაგმანი სირიაში, არა მარტო ბრძოლისას, არამედ მოსახლეობასთნ კომუნიკაციის დამყარებაშიც. სირიელი მოსახლეები ერთმორწმუნე ჩეჩნებს ბევრად უფრო ენდობიან, ვიდრე რუს ჯარისკაცებს. ამ თემას ვრცელი სტატიაც კი მიუძღვნა წელს Foreign Policy-მა, სადაც ჩეჩნებს პუტინის საიდუმლო იარაღი უწოდა.

დღემდე ჩანდა და შეიძლება კიდევ ითქვას, ჩანს ყველაფერი ისე, რომ კადიროვს და პუტინს ერთმანეთი სჭირდებათ. კადიროვს ფედერალური ბიუჯეტის ტრანშები ადგილზე ძალაუფლების შესანარჩუნებლად, ხოლო პუტინს კადიროვი კავკასიაში მშვიდობის გასახანგრძლივებლად. თუმცა ყველაფერს აქვს ერთგვარი ზღვრული ფასი და შესაძლოა რაღაც პერიოდის შემდეგ, როდესაც კადიროვის ექსცენტრიული და სეპარატისტული გამოხტომები კრიტიკულ ზღვარს მიაღწევს, ყველა „ცოდვაზე“ ერთად აგებინონ პასუხი. თუმცა, სანამ ჯერ კიდევ არსებობს ფრონტის ხაზები უკრაინასა და სირიაში, მას შეუძლია მშვიდად იყოს და გააგრძელოს ფადიშაჰის როლის თამაში.

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ასევე: "გაგიშვებ და გასაქცევად სამ დღეს მოგცემ, თუ არადა, სამი დღის შემდეგ გიპოვი და მოგკლავო" - რას ყვება კადიროვს გამოქცეული ჩეჩენი?

ბაკო ხელაძე (სპეციალურად საიტისთვის)