რუსეთში შესაძლოა "ფეისბუკი" დაიბლოკოს - კვირის პალიტრა

რუსეთში შესაძლოა "ფეისბუკი" დაიბლოკოს

სოციალური ქსელი "ფეისბუკი" რუსეთში დაიბლოკება, თუ პერსონალური მონაცემების შენახვის შესახებ კანონის მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის მასობრივი კომუნიკაციებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების საზედამხედველო ფედერალური სამსახურის ("როსკომნადზორი") ხელმძღვანელმა ალექსანდრე ჟაროვმა განაცხადა.

"კანონი ყველამ უნდა შეასრულოს, შესაბამისად, არანაირი ეჭვი არ არსებობს - ან ჩვენ კანონის დაცვას მივაღწევთ, ან კომპანია რუსეთის ტერიტორიაზე მუშაობას შეწყვეტს, როგორც ეს, სამწუხაროდ, LinkedIn-ის შემთხვევაში მოხდა. არანაირი გამონაკლისი არ იქნება დაშვებული", - აღნიშნა ჟაროვმა.

მისი თქმით, "როსკომნადზორში" კარგად ესმით, რომ "ფეისბუკი" რუსეთში ძალიან პოპულარულია.

"მეორე მხრივ, ჩვენ გვესმის, რომ ეს არაა უნიკალური სერვისი და არსებობს სხვა სოციალური ქსელებიც. ამიტომ ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას, რომ კომპანია "ფეისბუკმა" 242-ე კანონი შეასრულოს", - დასძინა ჟაროვმა.

"ინტერპრესნიუსი"