უკრაინაში აფეთქების შედეგად გაჩენილი ხანძრის გამო 28 000 ადამიანია ევაკუირებული - კვირის პალიტრა

უკრაინაში აფეთქების შედეგად გაჩენილი ხანძრის გამო 28 000 ადამიანია ევაკუირებული

უკრაინის ვინიცის ოლქის სოფელ კალინოვკიდან და მიმდებარე სოფლებიდან სამხედრო საწყობებში საბრძოლო მასალის აფეთქების შედეგად გაჩენილი ხანძრის გამო 28 ათასი ადამიანია ევაკუირებული, - ამის შესახებ ეროვნული პოლიციის პრესსამსახურზე დაყრდნობით "უკრაინსკაია პრავდა" წერს.

"უკრაინის პოლიცია, ეროვნული გვარდიისა და შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები სოფელ კალინოვკისა და მიმდებარე სოფლების ევაკუაციას ახორციელებენ. ბოლო მონაცემებით, ევაკუირებულთა რიცხვმა 28 ათასს მიაღწია", - ნათქვამია განცხადებაში.

პოლიციაში აღნიშნავენ, რომ დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ჯერ არ შესულა.

როგორც ცნობილია, გუშინ საღამოს ვინიცის ოლქის სოფელ კალინოვკასთან მდებარე სამხედრო საწყობებში საბრძოლო მასალის აფეთქების შედეგად ხანძარი გაჩნდა.

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ გროისმანმა განაცხადა, რომ გამოძიება მომხდარის სხვადასხვა ვერსიაზე მუშაობს, სავარაუდოდ, საუბარია გარე ფაქტორებზე.

"ინტერპრესნიუსი"