"დედა, გაგვიყვანე აქედან" - დედები "ისლამური სახელმწიფოდან" ქალიშვილების დახსნას ითხოვენ - კვირის პალიტრა

"დედა, გაგვიყვანე აქედან" - დედები "ისლამური სახელმწიფოდან" ქალიშვილების დახსნას ითხოვენ

"ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ბრძოლას კიდევ ერთი ასპექტი აქვს - ტერორისტების კონტროლქვეშ მყოფ ტერიტორიაზე ჩრდილოკავკასიელ და არა მხოლოდ, ქმრებთან ცოლებიც, პატარა შვილებთან ერთად, წავიდნენ. ამ ქალების დედები - ჩეჩნეთის, დაღესტნისა და სამხრეთ რუსეთის მაცხოვრებლები მთავრობას სირიიდან და ერაყიდან თავიანთი შვილების დაბრუნებაში დახმარებას სთხოვენ.

ბოლო სამი თვეა უცხოურ მედიაში აქტიურად წერენ იმაზე, თუ როგორ ცდილობს რუსეთის ხელისუფლება საომარი ზონებიდან ბავშვების გამოყვანას. ბოლო მონაცემებით, საომარი ზონიდან 445 ბავშვია გადარჩენილი, 100-ზე მეტი 3 წლის ასაკისები.

ბი-ბი-სის რუსულმა სამსახურმა ის ქალები ჩაწერა, რომელთა შვილები და შვილიშვილები ერაყსა და სირიაში აღმოჩნდნენ.

ტამუმ შაბანოვა:

"ჩემი ქალიშვილი 2014 წელს გათხოვდა, ქმარმა უთხრა: "თურქეთში წავალთ დასასვენებლად, იქ ნათესავები მყავსო". ამის წინააღმდეგი ვიყავი, მაგრამ არავინ მომისმინა. მას შემდეგ 2 თვე ქალიშვილზე არაფერი ვიცოდი, ვნერვიულობდი, შემდეგ გამოჩნდა და მითხრა, დედა რაღაც გაურკვეველ ბინაში ვარ, აქ ბევრი ქალია, ტელეფონები წაგვართვეს, ჩემი ქმარი კი დაიკარგაო.

არ ვიცოდი რა გამეკეთებინა, ვისთვის მიმემართა. ერთი კვირის შემდეგ ისევ დამირეკა, ვიღაც ქალმა ათხოვა ტელეფონი, მითხრა, რომ ქმარი დაბრუნდა და არ ინერვიულოო. შემდეგ ისევ დაიკარგნენ და როგორც აღმოჩნდა, მოსულში წასულან. ბოლოს 25 მაისს შემეხმიანნენ. ჩემი ქალიშვილი ავად გამხდარა და სახლის პირობებში უმკურნალიათ, როგორც ვიცი, სადღაც ფარდულში ცხოვრობდნენ. ბოლოს ისე ლაპარაკობდა, თითქოს მემშვიდობებოდა. 2 თვის შემდეგ, 8 ივლისს ჩემი სიძე დამიკავშირდა, ყველაფერი კარგადაა, ჩვენზე არ ინერვიულოთო, მას მერე მათზე არაფერი ვიცი".

ზარა უსპანოვა:

"ჩემი ქალიშვილი ჩემს ყოფილ ქმართან, მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა. ერთ დღესაც დამირეკეს და მითხრეს, შენი შვილი გათხოვდაო და ტელეფონის ნომერი მომცეს. რომ დავრეკე, მხოლოდ 2 წუთით დამალაპარეკეს. მითხრა, დედა, არაფერი ვიცოდი, დამეხმარე, მიშველეო. ეს მოხდა 2014 წლის 11 სექტემბერს.

შემდეგ ისევ იმ ნომერზე დავრეკე, ვიღაც ქალმა მიპასუხა, რუსულად მელაპარაკებოდა, მითხრა თქვენ შვილს ვეღარ დაელაპარაკებითო, გავგიჟდი, კივილი დავიწყე, მიპასუხა, თუ ასე ილაპარაკებთ არაფერსაც არ გეტყვითო, მერე თხოვნაზე გადავედი, მაგრამ მაინც არ დამალაპარაკეს შვილი. ამ ლაპარაკიდან 2-3 საათი იყო გასული, თვითონ დამირეკეს, ჩავყვირე, "მაკკა, მაკკა ეს შენ ხარ?" პასუხი კი ასეთი იყო: "მას მაკკა აღარ ქვია, ახლა ის აიშაა". მერე შვილი დამალაპარაკეს, მითხრა არ ინერვიულოო, ცდილობდა გაეღიმა, მაგრამ ვიცოდი რაღაც რიგზე არ იყო. ტელეფონზე მითხრეს, დაწყნარდით,თქვენი შვილი კარგადაა, არაფერი მოიმოქმედოთ, ჩვენ თავად დაგირეკავთ და მოგძებნითო. 2-3 თვის შემდეგ, ისევ ჩემი ქალიშვილი დამიკავშირდა, სკაიპით ველაპარკებოდით ერთმანეთს, თითქოს რაღაცის ან ვიღაცის ეშინოდა. მაწყნარებდა, ყველაფერი კარგად არისო, "დედა მაპატიე, არ ვიცოდი რა ხდებოდა, მე უბრალოდ გავთხოვდი", ამ დროს ოთახში ვიღაც ქალი შემოვიდა, შვილმა კი მიყვირა, ხომ გითხარი არ დამირეკოო, წამებში შეიცვალა, ვერაფერი გავიგე. 29 აგვისტოს ისინი მოსულში იყვნენ, შემდეგ ტალ-აფარში. ბოლოს 31 აგვისტოს დამიკავშირდა. მას შემდეგ არაფერი ვიცი. ჩემი შვილიშვილი უკვე 2 წლისაა".

alt

ფატიმა სალამოვა:

"ჩვენ ყევლას ერთი პრობლემა გვაქვს, ვეცდები მოკლედ მოვყვე ჩემი ისტორია. ჩემი ქალიშვილი ახალგათხოვილი იყო, სიძე სირიაში რომ წავიდა, შემდეგ ჩემი გოგონაც გაჰყვა. სირიაში შვილის მოსაძებნად მეც ჩავედი, მაგრამ არაფერი გამომივიდა. მოგვიანებით ქალიშვილი დამიკავშირდა, მითხრა რომ იქ წასვლა არ უნდოდა, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა. მეორედაც ვცადე სირიაში ჩასვლა, მაგრამ ქმარს მოსულში წაუყვანია, სადაც კიდევ 2 შვილი შესძენია.

აპრილში დამიკავშირდა, მითხრა, რომ ქმარი დაიღუპა და 3 შვილთან ერთად დარჩა სირიაში. დამპირდა, თუ შევძელი აქედან წამოვალო. მას შემდეგ არაფერი ვიცოდი, ბოლოს, რამდენიმე წყაროსგან გავიგე, ირანელების ტყვეობაში არის შენი ქალიშვილიო, მაგრამ არ მჯერა, იქ როგორ მოხვდებოდა? მითხრეს, 24 ქალი ძალით წაუყვანიათ, სხვა არაფერი ვიცი არც ჩემს გოგონაზე და არც შვილიშვილებზე".

alt

როგორც ამბობენ, ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი, რამზან კადიროვი აქტიურად არის ჩართული რუსეთში ბავშვების დაბრუნების საქმეში და ამ პროცესის შედეგებს საკუთარ "ინსტაგრამზე" აქვეყნებს. რუსეთის მოქალაქე ბავშვების სირიიდან და ერაყიდან ტრანსპორტირებას ჩეჩნეთის წარმომადგენელი ფედერაციის საბჭოში ზიად საბსაბი კურირებს. ქალებსა და ბავშვებს ეძებენ ბანაკებში, ციხეებსა და თავშესაფრებში. ზიად საბსაბის თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს 9 წლამდე ასაკის ბავშვების დაბრუნება. სირიაში ძებნის სამუშაოების ჩატარება უფრო მარტივია, რადგან დიდ დასახლებებს პრეზიდენტ ბაშარ ასადის ძალები აკონტროლებენ, იქ რუსი ოფიცრები არიან. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქმეში იმ ეტაპზე ერთვება, როდესაც ხალხი უკვე ნაპოვნია და საჭიროა სამშობლოში დასაბრუნებელი საბუთები.

ჩეჩნეთის ხელისუფლების ინფორმაციით, სხვადასხვა წყაროს მიხედვით, ბოლო 3 თვეში სირიიდან და ერაყიდან რუსეთში დაბრუნდა 14 ან 16 ბავშვი და ოთხი ქალი. (წყარო)

ეს საკითხი ჩვენთვისაც საინტერესოა, რადგან არაოფიციალური ინფორმაციით, ტერორისტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არაერთი საქართველოს მოქალაქე ქალიც არის, რომლებიც საქართველოდან ჩასული მებრძოლებზე არიან დაქორწინებული და ბავშვებიც ჰყავთ. მათი მდგომარეობა განსაკუთრებულად არის გართულებული მას შემდეგ, რაც ტერორისტები სირიასა და ერაყში უკიდურესად შეავიწროვეს. ჯერ კიდევ მიმდინარე წლის ივლისში "კვირის პალიტრისთვის" ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, რომ ავიაიერიშების დროს დაიღუპნენ საქართველოს მოქალაქეები - პანკისის ხეობის მკვიდრი მეუღლითა და ორი მცირეწლოვანი ბავშვით. ასევე, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, სირიაში დღესაც რჩება რამდენიმე დაღუპული მეომრის ცოლ-შვილი...

იხილეთ ასევე: "არ ჩამოხვიდეთ!" - "ქართველი მოჯაჰედების" გაფრთხილება სირიიდან

მოამზადა თეა ბეჟიტაშვილმა