რეფერენდუმის უბნებთან კატალონიელებმა პირდაპირ "საბრძოლო შტაბები" მოაწყეს - გახდება კატალონია დამოუკიდებელი? - კვირის პალიტრა

რეფერენდუმის უბნებთან კატალონიელებმა პირდაპირ "საბრძოლო შტაბები" მოაწყეს - გახდება კატალონია დამოუკიდებელი?

2017 წლის, 1 - ლი ოქტომბერი.

მსოფლიო საზოგადოების ყურადღება ესპანეთის რეგიონის კატალონიისკენაა მიმართული, სადაც რეგიონის დამოუკიდებლობის შესახებ მორიგი რეფერენდუმი იმართება.

ბიულეტინში მხოლოდ ერთი კითხვაა: "გსურთ კატალონია გახდეს რესპუბლიკის ფორმის დამოუკიდებელი სახელმწიფო?"

პასუხის ვარიანტი კი ორია: "კი" ან "არა".

ევროპის კონტინენტი ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოს წარმოქმნის წინაშე დგას. ეს ფაქტი, რასაკვირველია, არც ესპანეთის ხელისუფლებასა და არც "მოხუცი კონტინენტის" რიგი ქვეყნების ხელმძღვანელობებს აწყობთ. მაგალითი გადამდებია, ევროპაში კი დღემდე არაერთი რეგიონია, სადაც ოდნავი ნაპერწკალია საკმარისი და კატალონიელთა მსგავსი მოძრაობები აგორდება.

ცნობისთვის:

კატალონია - ესპანეთის ჩრდილო -აღმოსავლეთით მდებარე, მაღალგანვითარებული ავტონომიური რეგიონია, 7, 5 მლნ. მცხოვრებით. აქვს საკუთარი ენა, კულტურა და საკამოდ მასშტაბური უფლებები, თუმცა ესპანეთის კონსტიტუცია მას დამოუკიდებელ რესპუბლიკად არ სცნობს.

კატალონიელთა სწრაფვა ესპანეთის ქვეშევრდომობიდან გამოსვლისა ახალი არ არის. ჯერ კიდევ 1871 წელს კატალონიის სამეფოში შეიარაღებულმა აჯანყებამ იფეთქა, რომელმაც მიზანს ვერ მიაღწია და ოფიციალურ "მადრიდულ" ხელისუფლებასთან მოლაპარაკებით დასრულდა. კატალონიური სეპარატიზმის მორიგი ტალღა წინა საუკუნის 30-იან წლებში აგორდა. მას ხელი ესპანეთში გაჩაღებულმა სამოქალაქო ომმა შეუშალა. იმ სამხედრო დაპირისპირებისას კატალონიის რეგიონი ქვეყნის რესპუბლიკური მთავრობის მხარეზე იბრძოდა. რესპუბლიკელთა დამარცხების შემდეგ ესპანეთში გენერალ ფრანკოს რეჟიმი დამყარდა, რომლის არსებობის პირობებშიც დამოუკიდებლობაზე ფიქრიც კი კატეგორიულად აკრძალული გახლდათ და დაუნდობლად იდევნებოდა.

გენერალ ფრანკოს გარდაცვალების შემდეგ კატალონიამ ესპანეთის შემადგენლობაში თავდაპირველად ავტონომია მოიპოვა, შემდეგ კი კატალონიურ ენას ოფიციალური სტატუსი მიენიჭა.

დამოუკიდებლობის მოთხოვნის რეფერენდუმი კატალონიაში უცხო ხილი არ გახლავთ. 2009 წელს ის ერთხელ, მართალია არაოფიციალურად, მაგრამ მაინც გაიმართა. მაშინ ესპანეთიდან დაუყოვნებლივ გამოყოფას ხმა ამ რეგიონის მოსახლეობის 90% მისცა. 2012 წელს მთელ კატალონიაში ე.წ. "დამოუკიდებლობის მსვლელობა" გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა 1.5 მილიონმა ადამიანმა მიიღო. მათი მთავარი ლოზუნგი - "კატალონია - ევროპის ახალი სახელმწიფო" გახლდათ.

მორიგი რეფერენდუმი 2014 წლის 9 ნოემბერს უნდა გამართულიყო, მაგრამ ესპანეთის ოფიციალური ხელისუფლებიდან დიდი წინააღმდეგობა შეხვდა. რეფერენდუმი ჩაიშალა, მაგრამ ამ დღეს რეგიონის მოსახლეობის არაოფიციალური გამოკითხვა მაინც ჩატარდა. ამჯერად გამოკითხულთა 80%-მა დაუჭურა მხარი კატალონიის დამოუკიდებლობას.

ეს იყო გუშინ. რა მოხდება დღეს და რა ბედი ელის კატალონიას მომავალში?

ესპანეთი 17 ავტონომიურ ერთეულს აერთიანებს. საინტერესოა ამათგან კატალონია განსაკუთრებული სეპარატისტული მოქმედებით რატომ გამოირჩევა?

გარდა ენობრივი და კულტურული განსხვავებულობისა, ეკონომიკური ფაქტორი კატალონიური მოძრაობის ერთ-ერთი განმსაზღვრელი მოტივია. კატალონია ესპანეთის ყველაზე მდიდარი რეგიონია, თუმცა ის ფაქტი, რომ მისი საბიუჯეტო შენატანი არაპროპორციულად ნაწილდება, კატალონიის მოსახლეობაში პროტესტის განცდას იწვევს. აღნიშნული არგუმენტის მომხრეების აზრით, კატალონია მხოლოდ დამოუკიდებლობის მოპოვების შემთხვევაში მოახერხებს თავისი ფინანსების სრულ კონტროლს.

რასაკვირველია, ესპანეთის მთავრობა რეფერენდუმის ჩატარების კატეგორიული წინააღმდეგია და მას ოფიციალურად არ სცნობს. ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ის არაკონსტიტუციურად უკვე გამოაცხადა.

რამდენიმე დღის წინ მადრიდმა ბარსელონაში პოლიციის გაძლიერებული ქვედანაყოფები შეიყვანა და რეფერენდუმის მოწყობის თაოსნების წინააღმდეგ ერთგვარი სადამსჯელო ოპერაციები წამოიწყო. ესპანეთის პოლიციამ კატალონიის ეკონომიკის დეპარტამენტი, საგარეო საქმეთა დეპარტამენტი, სოციალურ საკითხთა დეპარტამენტი და რიგი სხვა სამინისტროები უკვე დაიკავა. დაიწყო დაპატიმრებათა სერიებიც. თავდაპირველად დააკავეს კატალონიის პრემიერ-მინისტრის პირველი თანაშემწე, შემდეგ კი მის გზას კიდევ 13 კატალონიელი მაღალჩინოსანი გაუყენეს. ვინც არ დააპატიმრეს ოფიციალურად გააფრთხილეს რომ დამოუკიდებლობაზე არც კი იფიქრონ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათაც ციხეში წასვლა არ აცდებოდათ.

1-ლ ოქტომბრამდე რეგიონში ყოველდღიურად ათასობით ადამიანი ქუჩებში გამოდიოდა და მომავალი რეფერენდუმის გამართვას მხარს უჭერდა. კატალონიელი პოლიტიკოსების მტკიცებით, რეფერენდუმის შედეგების გამოცხადებიდან 48 საათში ისინი ხალხის გადაწყვეტილების პრაქტიკულ, პროცედურულ განხორციელებას შეუდგებიან. ესპანეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით სკოლების ნაწილი, სადაც რეფერენდუმის უბნებია განლაგებული, დაილუქა, ნაწილში ადგილობრივმა კატალონიელებმა პირდაპირ საბრძოლო შტაბები მოაწყეს და პარასკევს, სწავლის დასრულების შემდეგ სკოლებში შვილებთან ერთად მშობლებიც დარჩნენ, რათა შაბათ-კვირას ხელისუფლებას შენობები არ დაკეტა.

გამთენიიდან კი შეიძლება ითქვას, რომ რეფერნდუმისთვის მომზადებულ უბნებთან უკვე რიგები იდგა. ადგილობრივი ხელისუფლება კატალონიელებს მოუწოდებს, რომ ნებისმიერ პროვოკაციას მშვიდობიანი წინააღმდეგობა გაუწიონ და ნებისმიერ ფასად მიიღონ მონაწილოება რეფერენდუმში.

30 სექტემებერს ბარსელონას ქუჩაში უკვე რეფერენდუმის მოწინააღმდეგებიც გაოჩნდნენ ლოზუნგით: "კატალონია ესპანეთია!", თუმცა მათი რაოდენობა რეგიონში უკიდურეად მცირეა.

მაინც როგორ წარიმართება მოვლენები კატალონიაში თუ ის დამოუკიდებელი ქვეყანა გახდება. ამ რეგიონში ოთხი ადმინისტრაციული ერთეული შედის: ჟორონა, ლეიდა, ტარაგონა და ბარსელონა. რეგიონს უდიდესი ეკონომიკური შესაძლებლობები გააჩნია, მაგრამ მისი დიდი ნაწილი "დანარჩენ" ესპანეთზეა დამოკიდებული. კატალონიის დამოუკიდებლობის მოწინააღმდეგეები თავიანთ მთავარ არგუმენტად სწორედაც რომ მომავალში რეგიონის ეკონომიკურ დასუსტებას ასახელებენ.

ამის გარდა, ცოტა ხნის წინ ევროკომისიის ხელმძღვანელობამ ოფიციალურად განაცხადა, რომ დამოუკიდებლობის მიღების შემთხვევაში კატალონია ამ ორგანიზაციის წევრი ვერასოდეს გახდება. რასაკვირველია, მისი მთავარი მოწინააღმდეგე ესპანეთი იქნება, რომელიც ახალი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიბას მუდმივად ვეტოს დაადებს.

ზემოთ აღვნიშნე, რომ ესპანეთის გაერთიანებული სამეფო 17 ავტონომიური ერთეულისაგან შედგება. თუ კატალონიელებს გაუმართლათ და დამოუკიდებლობა მაინც მოიპოვეს, ანალოგიური მოთხოვნით შეიძლება სხვა რეგიონებიც გამოვიდნენ, ამით კი ესპანეთის, როგორც ქვეყნის არსებობას დიდი საფრთხე დაემუქრება.

როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, რეფერენდუმი ესპანეთის ეროვნულ გვარდიასთან შეტაკებების ფონზე მოხდა.

სამართალდამცველებმა დაიწყეს სკოლებისა და სხვა დაწესებულებების გათავისუფლება ადამიანებისგან, სადაც რიგ შემთხვევებში, პოლიციას საარჩევნო უბნებიდან ხალხის ძალით გაყვანა უწევს. ამით პოლიცია ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას აღასრულებს, რომელმაც შეაჩერა კატალონიის პარლამენტის მიერ მიღებული კენჭისყრა, რომელიც 1-ელ ოქტომბერს დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის ჩატარებას ითვალისწინებს

მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ