წყალქვეშა ნავების უდიდესი მსოფლიო კატასტროფები - კვირის პალიტრა

წყალქვეშა ნავების უდიდესი მსოფლიო კატასტროფები

არგენტინაში წყალქვეშა ნავის, "სან-ხუანის" ძებნის შეწყვეტის გადაწყვეტილება ქვეყნის ხელისუფლებამ 1-ლ დეკემბერს მიიღო.

წყალქვეშა ნავი, რომლის ბორტზე ეკიპაჟის 44 წევრი იმყოფებოდა, კავშირზე 15 ნოემბრის შემდეგ აღარ გამოსულა. მისი გაუჩინარების მიზეზი უცნობია, თუმცა არგენტინის ხელისუფლება ვარაუდობს, რომ შესაძლოა, ბორტზე აფეთქება მომხდარიყო. სამძებრო სამუშაოებში მონაწილეობდა რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის რუსეთიც.

მიუხედავად იმისა, რომ ეკიპაჟის წევრთა ახლობლები იმედს არ კარგავენ და ხელისუფლებას ძებნის გაგრძელებას სთხოვენ, დიდი ალბათობით, "სან-ხუანი დაემატება იმ ხომალდების უდიდესი კატასტროფების სიას, რომლებიც ბრძოლის დროს კი არა, დაზიანების ან ავარიის შედეგად დაიღუპნენ.

ამერიკის სამხედრო-საზღვაო ძალების წყალქვეშა ნავი "ტრეშერი" (1963 წელი)

ამერიკული ხომალდი მასაჩუსეტის შტატში, კეიპ-კოდის ნახევარკუნძულთან ახლოს, წვრთნების დროს ჩაიძირა და ეკიპაჟის 129 წევრის სიცოცხლე იმსხვერპლა.

ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ძალების წყალქვეშა ნავი "ტრეშერი"

მექანიკურმა დაზიანებამ ნავის სწრაფი ჩაძირვა და აფეთქება გამოიწვია. მისი ნამსხვრევები 2 500 მ.- ის სიღრმეზე იქნა აღმოჩენილი.

რუსეთის წყალქვეშა ნავი "კურსკი" (2000 წელი)

რუსეთის წყალქვეშა ნავი "კურსკი" სამხედრო-საზღვაო წვრთნების დროს ბარენცის ზღვაში, ნორვეგია-რუსეთის აკვატორიებს შორის ჩაიძირა მას შემდეგ, რაც ბორტზე ორი აფეთქება მოხდა. ამისი გამომწვევი მიზეზი ტორპედოს ძრავში საწვავის გაჟონვა გახდა.

"კურსკის" ნამსხვრევები ამოღებულ იქნა 2001 წელს, კატასტროფიდან 1 წლის შემდეგ

მის ბორტზე მყოფი 118 ადამიანიდან უმრავლესობა მომენტალურად დაიღუპა. 23-მა წევრმა უკანა ნაკვეთურში გადასვლა მოახერხა, თუმცა ვერც ისინი გადარჩნენ და სამაშველო ოპერაციის დაწყებიდან 1 კვირაში უჰაერობისგან დაიღუპნენ.

"აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ატომური ხომალდი "სკორპიონი" (1968 წელი)

99 ადამიანი დაიღუპა ატომური ხომალდის, "სკორპიონის" ბორტზე, რომელიც ატლანტიკის ოკეანეში, აზორის კუნძულების სამხრეთ-დასავლეთით 400 მილში, პორტუგალიის სანაპიროდან დაახლ. 1450 კმ-ში დაიკარგა.

მისი ნამსხვრევები 5 თვის შემდეგ იქნა აღმოჩენილი. როგორც ვარაუდობენ, კატასტროფის მიზეზი ტორპედოს შემთხვევითი აფეთქება გახდა.

 "სკორპიონის" დაღუპვის მიზეზი ტორპედოს შემთხვევითი აფეთქება გახდა

დიდი ბრიტანეთის სამხედრო-საზღვაო ძალების წყალქვეშა ნავი "ტეტისი" (1939 წელი)

ბრიტანეთის ხომალდმა წყლით ავსება დაიწყო და სამწვრთნელო ჩაყვირთვის დროს ლივერპულის ყურეში, ირლანდიის ზღვაში ჩაიძირა. მისი ეკიპაჟის 103 წევრიდან მხოლოდ 4 გადარჩა.

საბჭოთა წყალქვეშა ნავი "კა-129" (1968 წელი)

ბირთვული ჭურვებით შეიარაღებული საბჭოთა დიზელ-ელექტრონული ხომალდი "კა-129" ინდოეთის ოკეანის აკვატორიაში პატრულირებისას ჩაიძირა. მის ბორტზე 98 ადამიანი იმყოფებოდა. ყველა დაიღუპა.

ხომალდის ნამსხვრევები ჰავაის არქიპელაგის ჩრდილოეთით, ოჰაუს კუნძულის სამხრეთით, ამერიკული წყალქვეშა ნავის, - "ჰალიბუტის" მიერ იქნა აღმოჩენილი.

ამ ავარიასთან დაკავშირებით მთელი რიგი თეორიები არსებობს, მათ შორის ამერიკულ გემთან შეჯახება, რასაც ვაშინგტონი კატეგორიულად უარყოფდა. აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ძალების ოფიციალური ანგარიშის თანახმად, საბჭოთა ხომალდის დაღუპვის მიზეზი "ბორტზე მომხდარი ტრაგიკული აფეთქება" გახდა.

ჩინური ხომალდი "მინ-361" (2003 წელი)

სწავლების დროს, როცა "მინ-361" ყვითელ ზღვაში, ბოხაივანის ყურეში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროსთან იმყოფებოდა, მისი დიზელის ძრავის დაზიანება მოხდა. დაზიანებამ ბორტზე ჟანგბადის მკვეთრი კლება გამოიწვია, რის გამოც ეკიპაჟის სამოცდაათივე წევრი უჰაერობისგან დაიღუპა.

ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ჩინეთმა თავისი წყალქვეშა ხომალდის დაღუპვის ფაქტი გაასაჯაროვა.

საბჭოთა წყალქვეშა ხომალდი "კა-8" (1970 წელი)

წყალქვეშა ნავ "კა-8-ზე" მომხდარმა მოკლე ჩართვამ ბორტზე მრავლობითი სახის აალება გამოიწვია. ხომალდი ბისკაიის ყურეში, ესპანეთის ჩრდილოეთ სანაპიროსთან ჩაიძირა და 52 სამხედრო მეზღვაურის სიცოცხლე იმსხვერპლა.

ეკიპაჟის რამდენიმე წევრმა თავის გადარჩენა მოახერხა, თუმცა მოსკოვს ამ კატასტროფის შედეგად გადარჩენილთა რიცხვი არ გაუხმაურებია.

საბჭოთა ხომალდი "კა-278 კომსომოლეცი" (1989 წელი.)

ეკიპაჟის 69 წევრიდან 42 ადამიანი დაიღუპა მას შემდეგ, რაც ხანძრის შედეგად ცისტერნ-ბალასტის სისტემა მწყობრიდან გამოვიდა და ხომალდმა ჩაძირვა დაიწყო.

  საბჭოთა წყალქვეშა ხომალდი "კა-278" ხანძრის შედეგად ჩაიძირა

ავარია ნორვეგიის ზღვაში, ნორვეგიის დათვის კუნძულის სამხრეთ-დასავლეთით მოხდა.

აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების მიწისქვეშა ხომალდი "ეს-ეს-109" (1927 წელი)

ამერიკული ხომალდი "ეს-ეს-109", სანაპიროს დაცვის ამერიკული გემის მიერ გატარვნის შემდეგ, კეიპ-კოდის ნახევარკუნძულთან ჩაიძირა. მას 40 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

გასაოცარი ფაქტი: ამ ავარიიდან 1 წლის შემდეგ წყალქვეშა ნავი ისევ მწყობრში ჩადგა და აქტიურად განაგრძობდა მუშაობას 1936 წლამდე, როცა მისი ჩამოწერა მოხდა.

მოამზადა მარი დავლიანიძემ