"ჩემი გაოცება რთული იყო, მაგრამ..." - როგორ ეხმაურება პოროშენკო კიევში სააკაშვილის ქმედებებს? - კვირის პალიტრა

"ჩემი გაოცება რთული იყო, მაგრამ..." - როგორ ეხმაურება პოროშენკო კიევში სააკაშვილის ქმედებებს?

უკრაინის ხელისუფლება ღირსეულ პასუხს გასცემს უკრაინის შიგნით სიტუაციის არევის მცდელობას, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა.

"ვფიქრობდი, რომ ჩემი გაოცება რთული იყო, მაგრამ, რაც გუშინ ქვეყანამ გაიგო, ყველასათვის შოკისმომგვრელი იყო. რა თქმა უნდა, მადლობას ვუხდი უკრაინის უსაფრთხოების სამსახურსა და გენერალურ პროკურატურას ეროვნული ინტერესებისა და სახელმწიფოებრიობის დაცვისთვის", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა უკრაინის შეიარაღებული ძალების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.

მისი თქმით, ხელისუფლება პატივს სცემს ხალხის უფლებას გამოხატოს მშვიდობიანი პროტესტი.

"ჩვენ ეს ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ვაჩვენეთ. თუმცა, აქციის ორგანიზატორებს სისხლი სწყუროდათ და ძალოვნების პროვოცირებას ახდენდნენ. მეგობრებო, არმია იმისათვის არ დგას ფრონტზე, რომ მტერი ზურგს უკან მოქმედებდეს. ჩვენ ასეთ მცდელობებს პასუხს გავცემთ და მე ვგრძნობ საზოგადოების მხარდაჭერას", - დასძინა მან.

"ინტერპრესნიუსი"