...და ისევ ბრძოლა იერუსალიმისთვის - რა სურს ტრამპს, რომლის გადაწყვეტილებას პირველი შეტაკებები უკვე მოჰყვა? - კვირის პალიტრა

...და ისევ ბრძოლა იერუსალიმისთვის - რა სურს ტრამპს, რომლის გადაწყვეტილებას პირველი შეტაკებები უკვე მოჰყვა?

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მოახერხა და ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარებით კიდევ ერთხელ გადარია ახლო აღმოსავლეთი.

სულ მცირე, 16 პალესტინელი დაშავდა მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე გამართული საპროტესტო აქციის დროს მომხდარი შეტაკებისას, რომელიც სწორედ  აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გადაწყვეტილების გამო გაიმართა. ამ ინფორმაცაის "ბი-ბი-სი" ავრცელებს.

წინასწარი მონაცემებით, დაშავებულთა უმეტესობამ დაზიანება მიიღო რეზინის ტყვიებისა და გაზის გამოყენების გამო. ერთი ადამიანი კი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად დაიჭრა.

ისრაელმა იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე დამატებით ასობით სამხედრო განათავსა. აქ დემონსტრანტები წვავდნენ მანქანის საბურავებს და სამხედროებს ქვებს ესროდნენ. ბეთლემში სამხედროებმა ხალხის დასაშლელად წყლის ჭავლი ცრელსადენი გაზი გამოიყენეს.

ქალაქ რამალაში, სადაც პალესტინის მთავრობაა განთავსებული, დაკეტილია სკოლები და მაღაზიები. ასევე, გამოცხადებულია სამდღიანი "მრისხანების დღე" დონალდ ტრამპის განცხადების გამო.

"იერუსალიმთან დაკავშირებით პრეზიდენტ ტრამპის განცხადებას ძალიან შემაშფოთებელი გავლენა შეიძლება ჰქონდეს" - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა.

"ეს ძალიან მყიფე კონტექსტია და ამ განცხადებას შეუძლია უკან დაგვწიოს. ევროკავშირს მკაფიო და ერთიანი პოზიცია აქვს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ისრაელსა და პალესტინას შორის კონფლიქტის გადაჭრის ერთადერთი რეალისტური გზა არის ორი სახელმწიფოს ფორმულა, რომლის ფარგლებში იერუსალიმი როგორც ისრაელის, ასევე პალესტინის დედაქალაქი იქნება. ევროკავშირი მომავალშიც განაგრძობს იერუსალიმის საკითხზე საერთაშორისო კონსენსუსის მხარდაჭერას, ვიდრე საბოლოო სტატუსი არ გადაწყდება ისრაელსა და პალესტინას შორის უშუალო მოლაპარაკებების შედეგად. ყველაზე მნიშვნელოვანი ახლა არის ის, რომ მხარეებმა თავიდან აიცილონ სიტუაციის შემდგომი ესკალაცია“, - განაცხადა მან.

ამერიკის სახელმწიფო მდივნის რექს ტილერსონის განცხადებით, ამერიკის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს თავის განცხადებაში იერუსალიმთან დაკავშირებით მხედველობაში ჰქონდა რეალობის აღიარება.

"ვფიქრობ, როგორც პრეზიდენტმა თქვა თავის განცხადებაში, აღიარება - ეს არის უბრალოდ რეალობის აღიარება. ისრაელის ყველა სამთავრობო დაწესებულება, ძირითადად, იერუსალიმში მდებარეობს. ამიტომ აშშ უბრალოდ აცნობიერებს ამ რეალობას. ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანია, მაგრამ ამ კონტექსტში, რომელიც პრეზიდენტმა გაახმაურა, ამერიკა მხარს დაუჭერს ორი სახელმწიფოს გადაწყვეტილებას, თუკი ეს ორივე მხარის სურვილი იქნება. მანვე განაცხადა, რომ ეს არავითარ შემთხვევაში არ ასრულებს იერუსალიმის სტატუსს, რასაც ჯერ კიდევ განიხილავენ მხარეები და ვფიქრობ, რომ პრეზიდენტმა ნათლად თქვა ამასთან დაკავშირებით", - განაცხადა რექს ტილერსონმა.

ამ განცახდებიდან საკამოდ ბუნდოვანია ბოლოს და ბოლოს რა დამოკიდებულება აქვს აშშ-ის იერუსალიმის სტატუსთან დაკავშირებით. ვითარება ისე ჩანს, რომ ტრამპმა მოვლენებს გაასწრო და პირადი შეხედულებისამებრ იმოქმედა, თუმცა ამას მოჰყვა გაგრძლება, მაგალითად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ  ჩეხეთმა უკვე აღიარა ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმი, რუსეთმა მკვეთრად უარყოფითი პოზიცია გამოხატა. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა კი განაცხადა, რომ "ტრამპი რეგიონს ახალ ცეცხლსი აგდებს".

"მაინც რისი თქმა გსურდათ, ბატონო ტრამპ? ისრაელი წმინდა ადგილია მუსლიმებისთვის, ქრისტიანებისთვის და ებრაელებისთვის. ამგვარი ნაბიჯი განსაკუთრებით ამ რეგიონისთვის ანთებული ასანთის ტოლფასია. ლიდერებმა არა კონფლიქტების პროვოცირება, არამედ მშვიდობის დამყარება უნდა მოახდინონ. თუ ტრამპი მიიჩნევს, რომ ის ასეთი ძლიერია და ამიტომაც მართალია, მაშინ ის ცდება. ძლიერი მართალს არ ნიშნავს", - განაცხადა მან.

პალესტინელები აცხადებენ, რომ იერუსალიმს არ დათმობენ და მის ახლადგამოცხადებულ სტატუსს არ შეეგუებიან, რაც ისედაც რთულ ვითრებას ახლო აღმოსავლეთში კიდევ უფრო დაძაბავს.

პალესტინური ტერორისტული ორგანიზაცია "ჰამასის“ ლიდერმა ისმაილ ხანიამ განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა, ახლო აღმოსავლეთში სამშვიდობო პროცესს ბოლო მოეღო.

"აშშ-ს პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებამ სამშვიდობო პროცესი მოკლა, ბოლო მოუღო ოსლოს შეთანხმებებს და კონფლიქტის დარეგულირების პროცესი შეუძლებელი გახადა", - განაცხადა ისმაილ ხანიამ.

აღნიშნულთან დაკავშირებით მან პალესტინელ ხალხს ისრაელის წინააღმდეგ ახალი აჯანყებისკენ ("ინტიფადა") მოუწოდა.