უკრაინის შსს: "იური პოკინბოროდა, რომლის ბინაშიც სააკაშვილი დააკავეს, უკვე 5 თვეა, რაც სამართალდამცველ ორგანოებში არ მუშაობს" - კვირის პალიტრა

უკრაინის შსს: "იური პოკინბოროდა, რომლის ბინაშიც სააკაშვილი დააკავეს, უკვე 5 თვეა, რაც სამართალდამცველ ორგანოებში არ მუშაობს"

იური პოკინბოროდა, რომლის ბინაშიც მიხეილ სააკაშვილი დააკავეს, უკვე ხუთი თვეა, რაც სამართალდამცველ ორგანოებში არ მუშაობს, - ამის შესახებ უკრაინის შს სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა არტიომ შევჩენკომ განაცხადა.

არტიომ შევჩენკოს თქმით, პოკინბოროდა შტატის შემცირებისას იყო გათავისუფლებული.

„პოლიციის პოლკოვნიკი იური პოკინბოროდა, რომლის ბინაშიც წინააღმდეგობის გაწევის გარეშე ძებნილი ეჭვმიტანილი აპატრიდი სააკაშვილი დააკავეს, ხუთი თვის წინ იყო გათავისუფლებული ეროვნული პოლიციის რიგებიდან შტატების შემცირებისას“, - აღნიშნა უკრაინის შს სამინისტროს წარმომადგენელმა.

მან ასევე დაადასტურა, რომ ადრე პოკინბოროდა ლუგანსკის ოლქის პოლიციის ხელმძღვანელი იყო.

მიხეილ სააკაშვილი გუშინ კიევში, ერთ-ერთ ქუჩაზე საცხოვრებელ ბინაში დააკავეს. ის ამჟამად წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 256-ე მუხლის საფუძველზე, რაც გულისხმობს ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფებისთვის ხელშეწყობას.

"ინტერპრესნიუსი"