კიევი მძიმე ორშაბათის მოლოდინში - რას დაუპირისპირებს "როშენის" ჯიხურის მფლობელი" პოროშენკო საპროტესტო აქციებს?! - კვირის პალიტრა

კიევი მძიმე ორშაბათის მოლოდინში - რას დაუპირისპირებს "როშენის" ჯიხურის მფლობელი" პოროშენკო საპროტესტო აქციებს?!

10 დეკემბერს, კიევში, შევჩენკოს სახელობის პარკში საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მომხრეების მიტინგი გაიმართა, რომელზეც უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს იმპიჩმენტს მოითხოვდნენ. მიტინგზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ საკაშვილის მხარდამჭერებს სანდრა რულოვსმა მიმართა.

"ადექი, კიევო! ადექი, უკრაინავ!

თქვენ უნდა განაგრძოთ ბრძოლა. უკრაინას სჭირდება ცვლილებები, რათა უკეთესი ქვეყანა გახდეს. ამის მაგალითი საქართველოა. ჩვენთვისაც რთული იყო ეს, მაგრამ საბოლოოდ შედეგი მივიღეთ. მთავარია ცვლილებების სურვილი იყოს. ის ხალხი, ვინც დღეს ხელისუფლებაშია, მათ ცვლილებების სურვილი არ გააჩნიათ. მათთვის ეს ბიზნესია, ხოლო პოლიტიკა კი ბიზნესი არ არის. ამ ხელისუფლებამ წითელი ხაზი გადაკვეთა. ადექი, კიევო! ადექი, უკრაინავ!" - განაცხადა სანდრა რულოვსმა.

პროტესტანტებს მიმართა სააკაშვილის თანამებრძოლმა დავით საყვარელიძემაც და აღნიშნა, რომ როგორი შეშინებულიც არ უნდა იყოს "როშენის" ჯიხურის მფლობელი პოროშენკო, ამ მოძრაობას ვერ შეაჩერებს. მისი თქმით, უკრაინელებმა დაამტკიცეს, რომ არავის მისცემენ უფლებას, მათი მომავალი მოიპარონ.

"უკრაინაში, მაიდნის შემდეგ ასეთი რამ არ მომხდარა. ეს ნიშნავს, რომ ამ "როშენის" ჯიხურის მფლობელი პრეზიდენტი პოროშენკო როგორი შეშინებულიც არ უნდა იყოს, ამ მოძრაობას ვერ შეაჩერებს. ეს არის არა სააკაშვილის მოძრაობა, არამედ უკრაინელების. ეს არის ოლიგარქების წინააღმდეგ ბრძოლა. სიმბოლურია, როდესაც პოროშენკო ქვეყანას და ხალხს უყურებს, როგორც თავისი შოკოლადის ჯიხურს. უკრაინა არ არის შოკოლადის ჯიხური, უკრაინელები კი შოკოლადი, რომლის შეფუთვა და დაშინება შეიძლება", - განაცხადა საყვარელიძემ.

როგორ  აქციის მონაწილეებმა დაანონსეს დღეს გამართულ  მიტინგს, ხვალიდან უფრო მასშტაბური ფორმა მიეცემა და მიხეილ სააკაშვილის მომხრეები ორშაბათიდან საპროტესტო აქციებს უკვე უკრაინის მთელ ტერიტორიაზე დაგეგმავენ . ამის შესახებ სააკაშვილის პარტიის "ახალი ძალების მოძრაობის" წარმომადგენელმა ოლგა გალაბალამ თავდ განაცხადა.

"ხვალიდან უკრაინის ყველა ქალაქში ვიწყებთ საპროტესტო აქციებს. გამოვალთ ჩვენსავე რაიონულ ცენტრებსა და ოლქებში მდებარე ადმინისტრაციებთან და მათ მშვიდობიან პიკეტირებას განვახორციელებთ" - განაცხადა გალაბალამ კიევში გამართულ მიტინგზე.მისივე თქმით, მომდევნო კვირა დღეს კიევში სააკაშვილის მომხრეების მორიგი მარში გაიმართება.

ინფორმაციისთვის, დღეს, კიევში "იმპიჩმენტის მარშის" მონაწილეებმა უსაფრთხოების სამსახურის წინასწარი დაკავების იზოლატორის მიმდებარე ქუჩების და ასევე "როშენის" მაღაზიის ბლოკირება განახორციელეს.

უკრაინული მედიის ერთი ნაწილის ინფორმაციით, აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის პროვოკაცია არ მომხდარა. სხვა ცნობით, კი მიხეილ სააკაშვილის მომხრეებმა ქვეყნის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს მფლობელობაში არსებული "როშენის" მაღაზიის ვიტრინები ჩაამსხვრიეს. მანამდე კი მაღაზიაში მყოფთა გამოსაყვანად დერეფანი გააკეთეს.