ორი კორეის კუთვნილი პანმუნჯომი - სოფელი, სადაც გაქცევის მცდელობისას უამრავი ჩრდილოკორეელი დაიღუპა - კვირის პალიტრა

ორი კორეის კუთვნილი პანმუნჯომი - სოფელი, სადაც გაქცევის მცდელობისას უამრავი ჩრდილოკორეელი დაიღუპა

როგორ გადაიქცა კორეული სოფელი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დაძაბულ ადგილად

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი საზოგადოებას მეზობელ სამხრეთ კორეასთან ურთიერთობაში "ახალი ისტორიის" შეთავაზებას დაჰპირდა. ის ჩრდილოეთ კორეის პირველი ლიდერია, რომელმაც 1953 წლის შემდეგ სამხრეთ კორეის ტერიტორიაზე ფეხი დადგა და სამხრეთ კორეის პრეზიდენტს შეხვდა.

სამხრეთკორეელი ლიდერი მუნ ჩჟე ინი მეზობელი ქვეყნის პირველ პირს სადემარკაციო ხაზთან სოფელ პანმუნჯომში შეხვდა.

კიმ ჩენ ინის განცხადებით, "ეს შეხვედრა, რომელიც საომარი ზოლის გადაკვეთას გულისხმობს, არის საწყისი წერტილი მშვიდობისკენ".

როგორც ცნობილია, ორ ლიდერს შორის შეხვედრა და მასზე განსახილველი საკითხები რამდენიმე თვით ადრე იყო შეთანხმებული, თუმცა ბევრი ანალიტიკოსი ჩრდილოელებს და სამხრეთელებს შორის ვითარების დალაგების ოპტიმისტურ მოლოდინს საკმაოდ სკეპტიკურად აფასებს.

შეხვედრის მნიშვნელობა

ორი ქვეყნის ლიდერს შორის შეხვედრას ანალიტიკოსები რამდენიმე მნიშვნელობას ანიჭებენ. პირველი ის, რომ ეს ნაბიჯი შეიძლება მართლაც აღმოჩნდეს ორ ქვეყანას შორის მშვიდობის მომტანი, მეორე საკითხად კი კიმ ჩენ ინის ჩრდილოეთ კორეის საზღვრებს გარეთ გასვლას და მის პირველ შეხვედრას ასახელებენ.

"ჩვენ აქ მოვედით იმის იმედით, რომ ორ კორეას შორის ურთიერთობებში ახალ ფურცელს გადავშლით. დარწმუნებული ვარ, რომ შევძლებთ კონსტრუქტიული დიალოგი წარვმართოთ პრეზიდენტ მუნ ჩჟე ინთან".

"ვგრძნობ, რომ ჩვენ ახალი საწყისი წერტილი ავანთეთ, რომელიც ახალი - მშვიდობიანი ისტორიის დაწერას გულისხმობს", - განაცხადა კიმ ჩენ ინმა.

კიმ ჩენ ინისა და მუნ ჩჟე ინის შეხვედრას გამოეხმაურა თეთრი სახლიც. აშშ-ის მხარე იმედოვნებს, რომ სამხრეთ კორეისა და ჩრდილოეთ კორეის პრეზიდენტების შეხვედრა იქნება წინგადადგმული ნაბიჯი მშვიდობისკენ, რაც დადებითად აისახება კიმ ჩენ ინისა და აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სამომავლო შეხვედრაზე.

სოფელი პანმუნჯომი

სოფელი, რომელშიც კიმ ჩენ ინი და მუნ ჩჟე ინი ერთმანეთს შეხვდნენ ერთდროულად ორივე სახელმწიფოს ეკუთვნის და დღემდე ეს ადგილი ითვლება პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე რთულ და დაძაბულ ზონად.

ამ განსაკუთრებულ სოფელში მოხვედრის მსურველები, დაცულ ზონაში მოხვედრამდე იღებენ გაფრთხილებას და ხელს აწერენ დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც ისინი შედიან "მტრულ ზონაში და არსებობს რისკი, რომ მათ მიიღონ სხვადასხვა დაზიანებები ან დაიღუპონ კიდეც".

სოფელ პანმუნჯომში ყოველ დღე ხვდებიან ერთმანეთს ჩრდილოეთ კორეის, სამხრეთ კორეისა და აშშ-ის სამხედრო მოსამსახურეები.

ამ სოფელში 1953 წელს მოეწერა ხელი კორეის ომის საზავო ხელშეკრულებას. ზავის თანახმად, ორ კორეას შორის საზღვარი გატარდა. 2018 წლის 9 იანვარს კი სწორედ ამ სოფელში შედგა მოლაპარაკება ამ ორ ქვეყანას შორის.

სოფელი პანმუნჯომი დემილიტარიზებულ ზონაში მდებარეობს, რომელიც ორ სახელმწიფოს შორის გავლებულ საზღვარს 4 კმ-სა და 238 მეტრის მანძილზე მიჰყვება. "შერიგების სოფელი", რომელიც ადამიანებით ნაკლებადაა დასახლებული, გამოირჩევა ფლორითა და ფაუნით და ეს ადგილი უნიკალური გეოპოლიტიკური და ისტორიული ფენომენია.

აღსანიშნავია ისიც, რომ ამ სოფელში 1991 წელს გაიმართა მოლაპარაკებები გაერო-სა და ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებას შორის.

სოფელში მდებარეობს გაერთიანებული ზონის უსაფრთხოების მთავარი ცენტრი - ეს არის შენობა, სადაც განთავსებულია სხდომათა დარბაზი, სადაც მოსალაპარაკებლად შეკრებილი პოლიტიკოსები ერთმანეთს ხვდებიან. სწორედ ამ ადგილას ქრება ორ ქვეყანას შორის არსებული საზღვარი.

"მოსალაპარაკებელ დარბაზში არის ხაზი, რომელიც ერთმანეთისგან ყოფს ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას. ამგვარად, დარბაზში შესულ ტურისტს საშუალება აქვს გადაკვეთოს ჩრდილოეთ კორეის საზღვარი და ხუთი - ექვსი ნაბიჯით სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე გაიაროს", - განმარტავს ანალიტიკური ცენტრის Asia Society-ს წარმომადგენელი.

პანმუნჯომის მკაცრად დაცულ ტერიტორიაზე უამრავი ჩრდილოკორეელი დაიღუპა, იმის მცდელობაში, რომ სამხრეთ კორეაში გადასულიყო. სოფელში, ერთ მხარეს სამხრეთკორეელი და ამერიკელი სამხედროები დგანან, საპირიპიროდ კი ჩრდილოკორეელი ჯარისკაცები.

დროთა განმავლობაში, ადგილი, რომელიც ორი ქვეყნის ტერიტორიაზეა განთავსებული, ადგილობრივი და უცხოელი ტურისტების ინტერესის სფეროდ იქცა.

ტურისტების განმარტებით, შთაბეჭდილება, რომელსაც ეს ადგილი იწვევს, იმის მიხედვით განსხვავდება, თუ ქვეყნის რომელი მხრიდან მოხვდები პანმუნჯომში.

აღსანიშნავია, რომ განსხვავდება ტურისტთა მიღების პირობებიც, მაშინ როდესაც ჩრდილოკორეელთათვის ამ ადგილის მონახულება ერთგვარი დღესასწაულიც კია, სამხრეთ კორეელები ტურისტებს აფრთხილებენ და დოკუმენტს აცნობენ, რომ შესაძლოა მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდეს და ამაზე პასუხისმგებლობა თავად ტურისტს ეკისრება.

როგორც ამბობენ, ჩრდილოეთ კორეის მხარეს ტურისტებს შეუძლიათ შეიძინონ პატარა სუვენირები, დააგემოვნონ ტრადიციული კერძები და სასმელიც. (წყარო)

იხილეთ ფოტოგალერეა: სოფელი ორ კორეას შორის

თარგმნა ეკა გადახაბაძემ

იხილეთ ვიდეო