რას ითხოვს "ახალი ძალების" თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი? - კვირის პალიტრა

რას ითხოვს "ახალი ძალების" თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი?

ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა და პარტია "ახალი ძალების" თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილმა, სახელმწიფო სახსრების მითვისების გამო, უკრაინის გენპროკურორის იური ლუცენკოსა და ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის ვალერია გონტარევას სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა მოითხოვა.

"საუბარი ეხება იმას, რომ ამჟამინდელი პრეზიდენტის პერტო პოროშენკოს პირადმა ფინანსისტებმა უკრაინის საზღვრებს გარეთ 1.5 მილიარდი აშშ დოლარი გაიტანეს. მსურს ვკითხო ლუცენკოს, სად არის საქმე გონტარევაზე, პირადად მასზე და ყველა დანარჩენზე, ვინც ამ საქმეში მონაწილეობდა? ისინი ძარცვავდნენ იანუკოვიჩის დროს და ახლაც ძარცვავენ", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა "ალ ჯაზირას" მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტების კომენტირებისას.

როგორც ცნობილია, "ალ ჯაზირამ" ჟურნალისტური გამოძიების ფარგლებში გაასაჯაროვა 2017 წლის 28 მარტს გამართული კრამატორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით ვიქტორ იანუკოვიჩისა და მისი გარემოცვის კუთვნილ 1.5 მილიარდ აშშ დოლარის კონფისკაცია მოხდა. დოკუმენტი 94 გვერდისგან შედგება და მასში მითითებულია იმ ადამიანთა გვარები და კომპანიათა დასახელებები, რომლებიც თანხის მითვისებაში მონაწილეობდნენ. ერთ-ერთი ასეთი კომპანია იყო ICU, რომლის დირექტორთა საბჭოში 2014 წლამდე ეროვნული ბანკის უფროსი ვალერია გონტარევა იყო.