Facebook-ი მასშტაბური ცვლილებების მოლოდინში- რას გეგმავს ცუკერბერგი? - კვირის პალიტრა

Facebook-ი მასშტაბური ცვლილებების მოლოდინში- რას გეგმავს ცუკერბერგი?

Facebook-ი აქამდე განხორციელებულ ცვლილებათა შორის ყველაზე მასშტაბურ ცვლილებებს გეგმავს. კომპანიის გადაწყვეტილებით, "ნიუს ფიდი" ისე უნდა შეიცვალოს, რომ ის თითოეული მომხმარებლისთვის გაცილებით აზრიანი და საინტერესო გახდეს. პრაქტიკულად რომ განვიხილოთ, ეს იმას ნიშნავს, რომ მომხმარებელი გაცილებით მეტი სიხშირითა და რაოდენობით ნახავს იმ ადამიანების პოსტებს, რომლებსაც რეალურად იცნობს. დაგეგმილი ცვლილებების განხორციელების შემდეგ, მომხარებელი "ნიუს ფიდში" უკვე ნაკლებად შეხვდება მედია ორგანიზაციებისა და იმ ცნობილი ადამიანების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიმდევარიც არის.

Facebook-ის აღმასრულებელი დირექტორის, მარკ ცუკერბერგის განმარტებით, ცვლილებების მიზანია, სოციალური ქსელის მომხმარებელმა გაცილებით მეტი რაოდენობით ნახოს ის პოსტები,რომლებიც სინამდვილეში ანაღვლებს და რომელზეც სურს რომ ჰქონდეს ინტერაქცია.

"სავარაუდოდ, კომპანიას იმ რეალობის გამოსწორებაც სურს, რომლის მიხედვითაც, მომხმარებლებმა სოციალურ ქსელში საკუთარი თავის შესახებ ნაკლები ინფორმაციის გაზიარება დაიწყეს. თუ მომხმარებელი აღარ აზიარებს ინფორმაციას საკუთარი თავის შესახებ, ეს იმას ნიშნავს, რომ რეკლამის დამკვეთებს აღარ შეუძლიათ სათანადო მონაცემების მიღება მომხარებელზე. Facebook-ის შემოსავალი კი მთლიანად რეკლამასა და რეკლამის დამკვეთებაზეა დამოკიდებული"- ვკითხულობთ "ინდეფენდენთის" სტატიაში.

როგორც ჩანს, Facebook-მა აღნიშნული ცვლილებები იმ კრიტიკის გამოც დაგეგმა, რომლის მიხედვითაც, სოციალურ მედიას შეუძლია ადამიანები დეპრესიაში ჩააგდოს და მათი იზოლაცია გამოიწვიოს. კომპანიამ აღნიშნული კრიტიკა მიიღო და განმარტა, რომ სიახლეების განხორციელების შემდეგ Facebook-ი გაცილებით პოზიტიური ადგილი გახდება.

კომპანიის გადაწყვეტილებით, ამის შემდეგ, სოციალური ქსელის ყველა მომხმარებლის "ნიუს ფიდში" ბრენდების, სხვადასხვა გვერდებისა და მედია ორგანიზაციების მიერ გავრცელებული პოსტები ნაკლები სიხშირით გამოჩნდება და უფრო მეტი წილი თავად მომხმარებლების პოსტებზე მოვა.

გაგრძელება