პუტინის "ნათლისღება" - კვირის პალიტრა

პუტინის "ნათლისღება"

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით ტრადიციული განბანვის რიტუალი შეასრულა. ის ნილო-სტოლებენსკის მამათა მონასტერში იმყოფებოდა და სელიგერის ტბაში განიბანა.

ამის შესახებ ჟურნალისტებს პუტინის პრესმიდვანმა, დიმიტრი პესკოვმა განუცხადა.

ბეწვის ქურქში გამოწყობილი ვლადიმირ პუტინმა წყალთან მისვლამდე, ჟურნალისტებს ჰკითხა, ხომ არ სციოდათ, გაიხადა ქურქი და რუსეთის სასულიერო პირების მიერ ნაკურთხ წყალში ჩავიდა.

პესკოვის განცხადებით, წელს ცენტრალურ რუსეთში ტრადიციული ყინვა არ იყო, ამიტომ "რაიონში ტბის ტერიტორიაზე ტემპერატურა ღამით ნულ გრადუსს ქვემოთ არ ჩასულა".

პესკოვის თქმითვე, პუტინისთვის ეს პირველი შემთხვევა არ არის. "პრეზიდენტი უკვე რამდენიმე წელია მონაწილეობას იღებს ამ რიტუალში", თუმცა კრემლის წარმომადგენელს არ დაუკონკრეტებია სად აღნიშნა გასულ წელს პუტინმა ნათლისღება.