უკრაინის გენპროკურორი: "როდესაც სააკაშვილის და კურჩენკოს გარემოცვის მოლაპარაკებების შესახებ გავიგე, იმ ღამეს ვერ დავიძინე" - კვირის პალიტრა

უკრაინის გენპროკურორი: "როდესაც სააკაშვილის და კურჩენკოს გარემოცვის მოლაპარაკებების შესახებ გავიგე, იმ ღამეს ვერ დავიძინე"

"როდესაც გავიგე, რომ სააკაშვილის მარჯვენა ხელი სევერიონ დანგაძე კურჩენკოს მარჯვენა ხელთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, იმ ღამეს ვერ დავიძინე", - ამის შესახებ უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ ТСН-თან ინტერვიუში განაცხადა.

"მე არ დავიწყებ ახლა სააკაშვილის მუშაობის შეფასებას - ეს ჩემი საქმე არაა. უბრალოდ ვიტყვი, რომ როდესაც გავიგე, რომ სააკაშვილის მარჯვენა ხელი სევერიონ დანგაძე კურჩენკოს მარჯვენა ხელთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, იმ ღამეს ვერ დავიძინე. მე ვხვდებოდი, რა მოჰყვებოდა ამას. ისინი პირველი პირების ზარებს ათანხმებდნენ", - განაცხადა ლუცენკომ.

უკრაინის გენერალური პროკურორის თქმით, სააკაშვილთან მას "კარგი მეგობრული ურთიერთობები აკავშირებდა".

"მაგრამ ყველა ადამიანის ცხოვრებაში უნდა არსებობდეს პრინციპი. მე მაქვს "წითელი ხაზები", რომელთა გადაკვეთას არავის ვაპატიებ. არ შეიძლება იანუკოვიჩის ბანდის ფულით უკრაინაში პოლიტიკა აკეთო, არ შეიძლება მშობლებს შორის ცუდი ურთიერთობების გამო შური მათ შვილებზე იძიო და ასე შემდეგ. ამ შემთხვევაში, არ შეიძლება მაფიოზური სახსრების გამოყენება. ეს სისხლიანი ფულია, ვინაიდან კურჩენკო ახლა დონბასში მთელი სიმძლავრით მუშაობს. ჩემი აზრით, ნებისმიერი საღად მოაზროვნე პოლიტიკოსისთვის ან თუნდაც არაპოლიტიკური ადამიანისთვის მასთან თანამშრომლობაზე შეთანხმება უბრალოდ ტაბუ უნდა იყოს", - აღნიშნა იური ლუცენკომ.

"ინტერპრესნიუსი"