ტაივანში მომხდარი მიწისძვრის შედეგად სასტუმრო ჩამოინგრა (ვიდეო) - კვირის პალიტრა

ტაივანში მომხდარი მიწისძვრის შედეგად სასტუმრო ჩამოინგრა (ვიდეო)

სოციალურ ქსელებში ტაივანში დღეს მომხდარი მიწისძვრის ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა ვრცელდება. ტაივანში დღეს 6,1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, რის შედეგადაც სასტუმრო დაინგრა. წინასწარი ინფორმაციით, არის მსხვერპლი.

მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით 23:50 საათზე (თბილისის დროით 19:50 საათზე), ქალაქ ჰუალიანთან ახლოს, 5 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.

ამავე ქალაქთან ახლოს 6,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა კვირასაც დაფიქსირდა.

ჩინეთის ცენტრალური ტელევიზია იუწყება, რომ ტაივანში, ქალაქ ჰუალიანში ძლიერი მიწისძვრის გამო სასტუმროს შენობის ნანგრევებში 29 ადამიანია მოყოლილი.

გავრცელებული ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგების შედეგად ნაწილობრივ ან მთლიანად ჩამოინგრა რამდენიმე შენობა, დაზიანდა ხიდები, გზის საფარსა და ტროტუარებზე კი ღრმა ბზარები შეინიშნება.

დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად ამ დრომდე არ გავრცელებულა. ტაივანის თავდაცვის სამინისტრომ სამაშველო-სამძებრო ოპერაციის ადგილზე 100-მდე სამხედრო მოსამსახურე გააგზავნა.

6.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ადგილობრივი დროით 23:50 საათზე ტაივანის ჩრდილო-აღმოსავლეთში დაფიქსირდა. მიწისძვრის კერა 11 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.

"ინტერპრესნიუსი"