"ჩემი მთავარი მიზანია მარსზე ადამიანი გავუშვა" - კვირის პალიტრა

"ჩემი მთავარი მიზანია მარსზე ადამიანი გავუშვა"

კომპანია Space X-მა პირველი, ყველაზე მძლავრი ოპერაციული რაკეტა Falcon Heavy კოსმოსში წარმატებით გაუშვა. როგორც ამბობენ, ძლიერი ქარის გამო რაკეტის გაშვება რამდენიმე საათით გადაიდო, თუმცა საბოლოოდ ყველაფერი წარმატებით დასრულდა.

6 თებერვალს განხორციელებული სტარტი უახლესი Falcon Heavy-სთვის პირველი იყო. ცაში აჭრილმა 70 მ-ის სიგრძის რაკეტამ სპეციალისტების, ინჟინერების, კონსტრუქტორების და თავად ილონ მასკის იმედი სრულებით გაამართლა.

დღემდე კომპანია მხოლოდ მძიმე - Falcon 9-ს ტიპის რაკეტებს უშვებდა, რომელსაც დაბალ საყრდენ ორბიტაზე 22,8 ტონა ტვირთი გაყავდა. ახალი Falcon Heavy-ის შემთხვევაში ეს ციფრი - 63,8 ტონაა. აღნიშნული რაკეტის გამოყენებას მასკი მარსის ათვისების ამბიციურ პროგრამაში აპირებს.

სპეციალისტთა გათვლით, წითელ პლანეტაზე Falcon Heavy-ი 17 ტონა ტვირთის წაღებას შეძლებს.

ზემძიმე კლასის Falcon Heavy-ზე SpaceX-ის გუნდი რამდენიმე წლის განმავლობაში აქტიურად მუშაობდა.

კონსტრუქციულად ის საბაზო Falcon 9-ს წარმოადგენს, რომელზეც გვერდებიდან ამავე Falcon 9-ის პირველი საფეხურებია დამაგრებული. ისტორიულად ზემძიმე კლასის რაკეტებს მხოლოდ აშშ და სსრკ ფლობდა.

ილონ მასკმა სასარგებლო დატვირთვის სახით Falcon Heavy-იმ ორბიტაზე მისივე კუთვნილი ავტომობილი - Tesla Roadster-ი გაიყვანა. თავად მასკის განცხადებით, მას ახალისებს იდეა, რომ ოდესმე მის ავტომობილს შეიძლება უცხოპლანეტელებმა მიაგნონ.

მანქანის საჭესთან მანეკენი ზის, რომელსაც მასკმა Starman დაარქვა, იქვე წარწერაა გაკეთებული "Don't Panic" და მანქანაში დევიდ ბოუის ჰიტი Space Oddity-ა ჩართული. მასზე წარწერაა: "დამზადებულია დედამიწაზე, ადამიანების მიერ".

როგორც მასკი გვპირდება, ის საზოგადოებას ეპიკურ ფოტოებსა და ვიდეოს გაუზიარებს, რადგან Tesla-ს მანქანაზე რამდენიმე კამერაა დამონტაჟებული. როგორც ის ამბობს, მანქანა მარსის ორბიტაზე ასობით მილიონ წელს დაჰყოფს. ცნობილია ისიც, რომ რაკეტის დამჩქარებლები კანავერალის კონცხზე "სინქრონული პილოტაჟის" შესრულებით წარმატებით დაუბრუნდნენ დედამიწას. მესამე დამაჩქარებელი კი, რომელიც ფლორიდის სანაპიროზე უნდა დაშვებულიყო, ოკეანეში ჩავარდა.

თუმცა მასკმა ისიც განაცხადა, რომ მისი მთავარი მიზანია მარსზე ადამიანი გაუშვას.

მისი განცხადებით, Falcon Heavy-ს კოსმოსში გაშვება Space X-ს 90 მილიონი დოლარი დაუჯდება. ეს კი 4-ჯერ ნაკლები თანხაა, ვიდრე დელტა-4 რაკეტის გაშვებას სჭირდება.

Falcon Heavy-ს ერთ-ერთი მთავარი კონკურენტი კომპანია Amazon-ის დამფუძნებლის ჯეფ ბეზოსის კომპანიის რაკეტა - New Glenn-ია. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ New Glenn-ს კოსმოსში 2020 წელს გაუშვებენ. ყურადღება მიიქცია იმ ფაქტმაც, რომ Falcon Heavy-ს კოსმოსში გააშვებამდე "ტვიტერის“ გვერდზე ჯეფ ბეზოსმა მასკს წარმატება უსურვა. (წყარო)

თარგმნა ეკა გადახაბაძემ