რა გახდა მოსკოვთან ახლოს თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი? - კვირის პალიტრა

რა გახდა მოსკოვთან ახლოს თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი?

რუსული მედია თვითმხილველებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ჰაერში სამგზავრო თვითმფრინავს "ან -148"-ს, რომელიც მოსკოვის მახლობლად, რამენსკის რაიონში ჩამოვარდა, ცეცხლი ეკიდა. შესაძლოა, საუბარი იყოს აფეთქებაზე.

"რია ნოვოსტის" ინფორმაციით, ვრცელდება ინფორმაცია, რომ თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილზე ვერტმფრენის ნამსხვრევებიც არის, რომელიც „რუსეთის ფოსტას" ეკუთვნის. სააგენტოს ცნობით, აქედან გამომდინარე, ვარაუდობენ, რომ თვითმფრინავი სიმაღლის აკრეფის მომენტში ვერტმფრენს შეეჯახა. აღნიშნული ვერსია ოფიციალურად არ დადასტურებულა.

რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, შემთხვევის ადგილზე 167 მაშველი და 34 ერთეული სპეცტექნიკა მუშაობს.

"სარატოვის ავიახაზების" კუთვნილმა სამგზავრო თვითმფრინავმა "ან-148"-მ სიმაღლე ადგილობრივი დროით 14:26 საათზე მკვეთრად დაკარგა, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი"  მომსახურების ცენტრ "FlightRadar24"-ზე დაყრდნობით იუწყება, რომელიც თვითმფრინავების გადაადგილებას აკვირდება.

ადგილზე მაშველების ორი "მი-8" ტიპის ვერტმფრენი გაემგზავრა. აღმოჩენილია თვითმფრინავის ნარჩენები. ადგილზე მისული მაშველების განცხადებით, თვითმფრინავის ნაწილები, დაახლოებით, ერთი კილომეტრის მონაკვეთზეა გაფანტული.

თვითმფრინავის ვარდნის ადგილზე კატასტროფის მედიცინის შვიდი ბრიგადა იმყოფება. რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროში თვითმფრინავის მგზავრთა ახლობლებისთის საგანგებო ცხელი ხაზი ამუშავდა.

ბორტზე 71 ადამიანი, მათგან 65 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი იმყოფებოდა. ქვეყნის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დაღუპულთა ახლობლებს სამძიმარი გამოუცხადა.

"ინტერპრესნიუსი"