"დედაჩემს მკვდარი ვეგონე, რომ დამინახა, ტირილი დაიწყო" - ვინ არის თავდამსხმელი, რომელმაც 17 მოსწავლე იმსხვერპლა? - კვირის პალიტრა

"დედაჩემს მკვდარი ვეგონე, რომ დამინახა, ტირილი დაიწყო" - ვინ არის თავდამსხმელი, რომელმაც 17 მოსწავლე იმსხვერპლა?

ფლორიდის შტატის ქალაქ პარკლენდის ერთ-ერთ სკოლაში სროლის შედეგად სულ მცირე სკოლის 17 მოსწავლე დაიღუპა და 20 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 3 კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება. დაჭრილები ახლომდებარე საავადმყოფოში გადაიყვანეს. დანაშაული სკოლის ყოფილმა მოსწავლემ, 19 წლის ნიკოლას დე ხესუს კრუზმა ჩაიდინა.

მან ავტომატიდან ცეცხლი ჯერ სკოლის ეზოში გახნა, შემდეგ კი შენობაში შეიჭრა და მოსწავლეებს ესროლა.

პოლიცია დაწესებულების ერთ-ერთმა თანამშრომელმა გამოიძახა. დამნაშავე უკვე დაკავებულია.

პოლიციამ დაადგინა, რომ ნიკოლას დე ხესუს კრუზი შეიარაღებული იყო AR-15-ის ტიპის ნახევრადავტომატური შაშხანით, რომელიც ამერიკული პოლიციის შეიარაღებაში შედის და სამოქალაქო პირებზეც იყიდება.

სენატში ფლორიდის შტატის წარმომადგენლის ბილ ნელსონის განცხადებით, თავდასხმამდე დამნაშავემ აირწინაღი გაიკეთა და სახანძრო განგაში ჩართო, რათა მოსწავლეები საკლასო ოთახებიდან დერეფანში გამოსულიყვნენ. ამის შემდეგ დაიწყო სროლა.

გავრცელებული ინფორმაციით, ნიკოლას დე ხესუს კრუზი მანამდე სკოლიდან ცუდი დისციპლინის გამო გარიცხეს.

სტუდენტები, რომლებიც იცნობენ თავდამსხმელს, აღწერენ მას როგორც მოძალადეს, რომელიც უცნაური ქცევებით გამოირჩევა. მათი თქმით, ნიკოლას კრუზს კონფლიქტი ჰქონდა სტუდენტებთან და სწორედ ამის გამო გარიცხეს სკოლიდან.

მაქს ჩარლსი კლასში იმყოფებოდა, როდესაც ხუთი გასროლის ხმა გაიგო.

"კუთხეში ვიდექით, ფანჯრისგან მოშორებით. როცა მასწავლებელმა კარი ჩაკეტა და შუქი გამორთო, ვიფიქრე, რომ ვერ გადავრჩებოდით", - იხსენებს სტუდენტი, "ბედნიერი ვარ, რომ გადავრჩი, დედაჩემს მკვდარი ვეგონე, რომ დამინახა ტირილი დაიწყო", - ამბობს მაქს ჩარლსი.

ფლორიდის შტატის ქალაქ პარკლენდის პოლიცია სოციალურ ქსელებში იმ მოზარდის პროფილებს სწავლობს, რომელმაც ერთ-ერთ სკოლაში ცეცხლი გახსნა.

მომხდარი პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაგმო და სამართალდამცავ ორგანოებს სწრაფი გამოძიებისკენ მოუწოდა.

"არცერთმა ბავშვმა, მასწავლებელმა ან სხვა ვინმემ არ უნდა იგრძნოს თავი საფრთხეში ამერიკის სკოლაში", - დაწერა ტრამპმა "ტვიტერში".