"გვჭირდება პარტნიორობა ამერიკასთან, მაგრამ მასაც უნდა ესმოდეს,რომ ევროპასთან მჭიდრო თანამშრომლობა ამერიკის ინტერესებშიც შედის" - კვირის პალიტრა

"გვჭირდება პარტნიორობა ამერიკასთან, მაგრამ მასაც უნდა ესმოდეს,რომ ევროპასთან მჭიდრო თანამშრომლობა ამერიკის ინტერესებშიც შედის"

აშშ-ს უნდა ახსოვდეს, რომ არა მხოლოდ ევროკავშირია დამოკიდებული ვაშინგტონზე, არამედ პირიქითაც, - განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზიგმარ გაბრიელმა მიუნხენის კონფერენციაზე.

"თუ თანამედროვე მოვლენებზე გავლენის მოხდენა გვსურს, მაშინ უნდა ვაღიაროთ, რომ საკუთარი ძალები საკმარისი არ იქნება. ჩვენ გვჭირდება პარტნიორობა ამერიკასთან, მაგრამ მასაც უნდა ესმოდეს, ევროპასთან მჭიდრო თანამშრომლობა ამერიკის ინტერესებშიც შედის", - აღნიშნა გაბრიელმა.

ასევე, გერმანია მოუწოდებს აშშ-ს, არ დატოვოს ირანის ბირთვული შეთანხმება, რომელსაც რუსეთისა და ჩინეთის ძალიხმევითაც მიაღწიეს.

"ჩვენ, რუსეთთან და ჩინეთთან ერთად ავუკრძალეთ ირანს ბირთვული იარაღის შექმნა. ირანთან ბირთვული შეთანხმების ხელმოწერა ბევრი რამის მიღწევაში დაგვეხმარა. ვურჩევთ ჩვენ ამერიკელ პარტნიორებს, უარი არ თქვან მოქმედების საერთო გეგმაზე", - დაამატა გაბრიელმა.

ბირთვულ შეთანხმებას თეირანსა და ექვს ქვეყანას შორის (რუსეთი, დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი, აშშ, საფრანგეთი, გერმანია) 2015 წელს მიაღწიეს, 2016 წლის იანვარში კი ის ძალაში შევიდა.

შეთანხმება ითვალისწინებს ირანისთვის გაეროს უსაფრთოების საბჭოს, აშშ-სა და ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების მოხსნას. სანაცვლოდ, ირანმა ვალდებულება აიღო შეზღუდოს საკუთარი ბირთვული საქმიანობა, რაც საერთაშორისო კონტროლს დაუქვემდებარა. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ბირთვული შეთანხმების რეალიზაციის დროიდან დაწყებული აღნიშნავს, რომ ირანი თავის ვალდებულებებს ასრულებს. მიუხედავად აშშ-ს მცდელობებისა ხელი შეუშალოს შეთანხმებას და მასში ცვლილებები შეიტანოს, სააგენტო მის შენარჩუნებას ცდილობს და ხაზს უსვამს, რომ შეთანხმების შედეგად ირანის ბირთვული საქმიანობის მასშტაბები შემცირდა.

"ინტერპრესნიუსი"