"თეირანში მყოფ ტირანებს გადაეცით: ნუ გამოსცდით ისრაელის გაბედულებას"! - კვირის პალიტრა

"თეირანში მყოფ ტირანებს გადაეცით: ნუ გამოსცდით ისრაელის გაბედულებას"!

ისრაელი ყველაფერს გააკეთებს, რათა ირანმა სირიაში მოქმედება ვერ შეძლოს, - ამის შესახებ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.

"სირიაში ირანის განზრახვა სრულიად აშკარაა. ირანს თეირანისა და ტარტუსის გაერთიანება და ერთი სახელმწიფოს შექმნა სურს. ისრაელი ირანს შეაკავებს მის მცდელობებში, სამხედრო მოქმედებები განაგრძოს სირიაში. ჩვენი სპეცსამსახურების ინფორმაციით, ირანი სირიაში ბაზების შექმნისკენ მიისწრაფვის. თუ საჭირო გახდება, ჩვენ არა მხოლოდ ირანის მარიონეტების, არამედ თვით ირანის წინააღმდეგაც ვიმოქმედებთ", - განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

სიტყვით გამოსვლისას ბენიამინ ნეთანიაჰუმ დამსწრე საზოგადოებას ისრაელის ტერიტორიაზე ჩამოგდებული ირანული უპილოტო საფრენი აპარატის ნაწილი წარუდგინა და დარბაზში მყოფ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს ჯავად ზარიფს მიმართა: "ბატონო ზარიფ, გეცნობათ ეს?! უნდა გეცნოთ, ვინაიდან ეს თქვენია! თეირანში მყოფ ტირანებს გადაეცით: ნუ გამოსცდით ისრაელის გაბედულებას!".

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ირანის ქმედებებმა ახლო აღმოსავლეთში ხელი შეუწყო ისრაელისა და არაბების დაახლოებას. „ირანის ქმედებებს ერთი დადებითი ფაქტორი აქვს - მან დაახლოვა არაბები და ისრაელელები და შესაძლოა, ამგვარად შევძლებთ პალესტინელებსა და ისრაელელებს შორის მშვიდობის მიღწევას“, - დასძინა მან.

"ინტერპრესნიუსი"